წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
დასასრულიდან დასაწყისამდე!
რისთვის მოდის ადამიანი ამა ქვეყნად?
ეს კითხვა ალბათ ხშირად დაგვისვამს საკუთარი თავისთვის. ქრისტიანმა უნდა სრულყოს საკუთარი თავი, განიწმიდოს მანკიერებათაგან და მიემსგავსოს უფალს. ეს საკუთარ თავზე ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს და უფლის მიერი მადლის გარეშე შეუძლებელია. ეს მადლი კი ეკლესიის წიაღშია დაუნჯებული.

ცხოვრების კიბე მოულოდნელობებითაც სავსეა. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, შეიძლება ნებისმიერ მომენტში კიბის საფეხური ჩატყდეს და უფსკრულში აღმოვჩნდეთ. თუმცა ასე არ მოხდება, თუ ქრისტიანულად ვიცხოვრებთ, რადგან ცხოვრების მთვარი ფესვი მხოლოდ უფალია. იგი არის ყოველივეს შემოქმედი. მან შექმნა სამყარო და ეს კიბეც, რომელიც დედამიწას ზეციურ სამყაროსთან აკავშირებს. ძნელია ამ კიბის ავლა... ძნელია ცხოვრებაც, თუმცა იგი მაინც მშვენიერია. ძალიან ლამაზია სამყაროც და ეს სამყაროც ჩვენია, თუმცა ჩვენ მას არ ვუფრთხილდებით, არ ვუფრთხილდებით ერთმანეთსაც. გვავიწყდება, მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებისა, სარწმუნოებისა, კანის ფერისა თუ ეროვნებისა, ყველანი ღვთის მიერ შექმნილი ადამიანები ვართ და არ გვაქვს ერთმანეთის დაცინვისა და განსჯის უფლება.

გვახსოვდეს, "ყველა ადამიანში მზეა, ოღონდ საშუალება უნდა მივცეთ, რომ ანათოს" - ეს სოკრატეს სიტყვებია, რომელსაც მე ვაჟა-ფშაველას სიტყვებს დავამატებ და ამით უფრო მკაფიოდ გამოვხატავ ჩემს სურვილს - გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი! შინ და გარეთ ეს სიტყვა უნდა ისმოდეს, დედა ამას უნდა ჩასჩიჩინებდეს შვილს აკვანში, ისე გამუდმებით, რომ ეს ჩაძახილი ვეღარა გზით ვერ ამოიშალოს ადამიანის გულიდან.

სიყვარული კი ლამაზი მცენარეა, რომელიც ქოთანში ისე უჩუმრად ამოდის, რომ ვერც კი შეამჩნევ. ნელ-ნელა იზრდება და იზრდება. მას მოვლა სჭირდება, თუ წყალი არ დაუსხი და შესაფერისი პირობები არ შეუქმენი, დაჭკნება, გახმება და სამუდამოდ გაქრება. ხოლო თუ მოუვლი, გაიზრდება, გაიხარებს და შთამომავლობასაც დატოვებს.

ცხოვრების კიბეზე ყველაზე მთავარი სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილია. ადამიანი იმიტომაა ბედნიერი, რომ ყველაზე ცოტას სიკვდილზე ფიქრობს. ჩვენ სიცოცხლე გვიხარია, სიცოცხლეს ვეტრფით და სიცოცხლით ვხარობთ, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ სიკვდილი გარდაუვალია, მას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. არავინ ვიცით, ვის სად და როდის ჩაგვიტყდება ცხოვრების კიბეზე საფეხური. არ ვიცით, მაგრამ ყველანი ვნატრობთ, ისე წავიდეთ ამ ქვეყნიდან, რომ კარგი სახელი დავტოვოთ და კიბეზე მდგომთ არ შეგვრცხვეს უკან მოხედვისა დასასრულიდან დასაწყისამდე!

გ. გ. ს. ხ.
ბეჭდვა
1კ1