მეგონა, ქრისტესთან ჩემი შვილების შეერთება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ დიდ სუფრას გავშლიდი
მეგონა, ქრისტესთან ჩემი შვილების შეერთება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ დიდ სუფრას გავშლიდი
ჭეშმარიტება ქრისტეშია და ჭეშმარიტმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რას ითხოვს ქრისტე ღმერთი ჩვენგან: "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე" (მათ. 16,24). ქრისტესთან შეერთებით, ნათლობით, ჩვენ ღვთაებრივ მადლს ვიღებთ. ქრისტეს სიყვარულის პირველი საფეხური მონათვლაა, მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანად ცხოვრება ამის შემდეგ იწყება - ქრისტეთი შემოსვა აუცილებელია იმისათვის, რომ ჭეშმარიტების კიბეზე სვლა განაგრძო, სულიერად არ დაშორდე შემოქმედ უფალს.

მზია (63 წლის): - ნათლობა ის წმინდა საიდუმლოებაა, რომლის შემდეგაც ქრისტიანი ხდები. ნათლია ის ადამიანი უნდა იყოს, რომელიც შენთვის იღვაწებს, ილოცებს, შენს სულიერ ცხოვრებას დარაჯად დაუდგება. მე კომუნისტების დროს მცირეწლოვანი მოვნათლულვარ და ნათლიებად ის ადამიანები მყოლია, რომლებსაც თურმე ძლივს გაუბედავთ ეკლესიაში შემოსვლა. ალბათ მას შემდეგ არც ვუნახავარ მათ, მეც მათი მხოლოდ სახელები ვიცოდი. როცა ჩემი და ჩემი დის გათხოვების დრო დადგა, მშობლებმა სასიძოები სათანადოდ "გამოიკვლიეს", რომ შემთხვევით რომელიმე ნათლიის შვილი არ გამომდგარიყო. ჩემს ნათლიებს ვერ გავამტყუნებ და განვიკითხავ, მე, ყოველ შემთხვევაში, ამის უფლება არ მაქვს, რადგან არასოდეს დავინტერესებულვარ მათი ბედით. მე, სხვათა მსგავსად, ვერ დავიცავი რჯული და ურჯულოების მიმდევარმა სიყვარული ვერ მივაგე ჩემს უახლოეს ადამიანებს. უფალმა დრო მომცა, რათა შევინანო ჩემი საქციელი და ახლა სანთლებს ვანთებ მათ სახელზე. უფალს ვევედრები, მეც და მათაც მოგვიტევოს შეცოდებანი.

ნინო (52 წლის): - ახლა ნათლისღების დღესასწაული მოდის და სიხარული უნდა გიპყრობდეს იმის გამო, რომ იკურთხება ცა და დედამიწა. ქრისტეს მიერ ნათელღებულნი ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ და ეშმაკი ვერაფერს დაგვაკლებს. ერთი დიდი ცოდვა მაქვს და ხშირად შემახსენებს თავს, ეს სწორედ ნათლობას, ჩემი შვილების ნათელღებას ეხება. ბავშვების მონათვლა დამიგვიანდა. ახალგაზრდა ვიყავი, არც ცოდნა მიწყობდა მაინცდამაინც ხელს და არც ვინმე მყავდა სწორ გზაზე დამყენებელი. მეგონა, ქრისტესთან ჩემი შვილების შეერთება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ დიდ სუფრას გავშლიდი. როცა ამის შესაძლებლობა მომეცა, ქაშვეთის ეკლესიაში მივედი. წირვის შემდეგ მამა ელიზბარი ისვენებდა. მარხვა იყო... მირჩია, მარხვაში მონათვლა კი შეიძლება, მაგრამ მოწვეულ სტუმრებს ხორცი ხომ უნდა აჭამო და ნუ იზამ ამასო. არ დავუჯერე და ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მესმოდა. ღმერთი გულმოწყალეა და ჩემი შვილებისთვის მშობლების ცოდვა არ მოუკითხავს, მაგრამ მე ეს, როცა მოგვიანებით ეკლესიურად დავიწყე ცხოვრება, გავაცნობიერე და დიდხანს მტანჯავდა სინანული.

ლანა (40 წლის): - ჩემი წინაპრები მონოფიზიტები იყვნენ და მეც ამ წესზე მოვუნათლივარ მშობლებს. რაღაც ძალა მეწეოდა მართლმადიდებელი ეკლესიისკენ, მაგრამ შესვლას ვერ ვბედავდი... მერე უნივერსიტეტში ჩაბარება მოვინდომე და მოსამზადებლად რეპეტიტორთან მივედი. "შუშანიკის წამება" რომ ამიხსნა, თითქოს გულის კარი გამეხსნა და მივხვდი, მთლად ისე არ იყო საქმე, როგორც გვიხატავდნენ. ისტორიის სახელმძღვანელოებში მოვიძიე მართლმადიდებლობის შესახებ ცნობები და საბოლოო დასკვნა გავაკეთე - უნდა მოვნათლულიყავი მართლმადიდებლურად. მშობლებმა თავიდან წინააღმდეგობა კი გამიწიეს, მაგრამ მერე, როგორც ჩანს, ღვთის ნებას დაჰყვნენ.

ლონგინოზი (65 წლის): - ჩემი მონათვლა, რა თქმა უნდა, არ მახსოვს, მაგრამ ჩემს ოჯახში ერთი უცნაური ფაქტი მოხდა. მესამე შვილიშვილი გვეყოლა - თოჯინასავით ლამაზი, ცისფერთვალა გოგონა, მაგრამ ერთი უცნაურობა სჭირდა ბავშვს. რამდენიმე თვისა მძიმედ გაგვიხდა ავად. ვუმკურნალეთ და გამოკეთდა. მეორე წელიწადსაც, უკვე წლის რომ გახდა, გაზაფხულზე ისევ შეგვახსენა მისმა სენმა თავი. მესამედაც რომ იმავე დროს გაუმეორდა, მივხვდით, არც ისე იოლად იყო საქმე. როცა ამაზე ვლაპარაკობდით, სიცხით გათანგულმა ბავშვმა თვალი გაახილა და ამოიკვნესა - მომნათლეთო. გაკვირვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს, რადგან, ჩვენდა სავალალოდ, ეს არავის მოგვგონებია. ბავშვი კი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჩვენს გონებას გაუჭირდა გახსნა. ერთ დღეს ახალგაღვიძებულმა თათიამ ოჯახის წევრებს გვკითხა, - როდის უნდა მომნათლოთ, ცოდვა არ ვარო? ხომ საოცარია 3 წლის ბავშვისგან ასეთი რამ? მაშინ კი დავფაცურდით - ბავშვი მოვნათლეთ და მას შემდეგ ფრჩხილი არ წამოსტკენია. ამ ამბავს ხშირად ვაანალიზებთ ოჯახის წევრები და ვასკვნით - თათიას პირით მისი ანგელოზი ლაპარაკობდა.
ბეჭდვა
1კ1