ასურელ მამათაგან ერთ-ერთს ჩააბარა უფალმა თბილისი და დავით გარეჯელი თბილისის მფარველ წმინდანად ითვლება
ასურელ მამათაგან ერთ-ერთს ჩააბარა უფალმა თბილისი და დავით გარეჯელი თბილისის მფარველ წმინდანად ითვლება
უფალმა გამოარჩია საქართველოო, რომ ვთქვათ, ვაითუ, ამპარტავნებაში ჩაგვეთვალოს, მაგრამ ერთი კია - უფალი ჭვრეტდა, რომ ქრისტიანობაში განმტკიცებული ერი თვითონაც ჯვარს გაეკვროდა ჯვარცმული ღვთისთვის და ასე დაიცავდა კაცობრიობის მხსნელის, უფალი იესო ქრისტეს სახელს. ამიტომ არ ტოვებდა სიბნელესა და უმეცრებაში, ამიტომაც გვიგზავნიდა მოციქულებსა და ღვთივკურთხეულ მამებს.

მადონა (30 წლის): - ასურელი მამების შემობრძანება საქართველოში მართლაც სასიხარულოა. იბერიის მიწა უკვე განათლულია და წმინდანთა სისხლით განბანილი, მაგრამ ქართველებს თვალი მაინც უცხო ღმერთებისკენ უჭირავთ. მე ასე ვფიქრობ და მომიტევოს უფალმა, თუ ვცდები, თუმცა არც კი ვიცი, რატომ უყვარდა იესო ქრისტეს ასე იბერიონი. არის რაღაც საიდუმლო ამაში, თუმცა რომ დავინტერესდეთ, პასუხს მანამ ვერ მივიღებთ, ვიდრე თავად უფალი არ ინებებს. იოანე ზედაზნელი თავის სამშობლოშიც გამოირჩეოდა ღვთისმოსაობით, მაგრამ მეტი ეწადა - მისი სული ქრისტეში ეძებდა საშველს და უფალთან მიახლოებას ესწრაფოდა. ჰოდა, უფალმაც მოციქულებრივი მისია დააკისრა - იბერიაში გამოუშვა ტომით ასირიელ თორმეტ მოწაფესთან ერთად. ეროვნებას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს, ჩვენ ხომ არასოდეს გაგვირჩევია სხვა ეროვნების წმინდანები ქართველთაგან, მეტიც, იოანე საბანისძე ქართველებს იმის ფიქრის საშუალებასაც უსპობს, რომ აბო ქართველი იყო. იოანე საბანისძე დიდი პატრიოტი იყო, თუმცა დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ აბოს წვეთი სისხლი არ ჰქონდა ქართული და "თესლით არაბიელს" უწოდებს. ეამაყებოდა, რომ ხშირად ქართულ ინტერესებს, სარწმუნოების დაცვას ეწირებოდნენ არა მარტო ქართველნი, უცხოელებიც. ასურელ მამათაგან ერთ-ერთს ჩააბარა უფალმა თბილისი და დავით გარეჯელი თბილისის მფარველ წმინდანად ითვლება. განა სასწაული არ არის უდაბნო, სადაც წმინდა დავითი მოღვაწეობდა?

თორნიკე (37 წლის): - ასურელი მამების მადლი და მეოხება განუზომელია. ეს ჩემს თავზე გამოვცადე და თუმცა მანამდეც მათი დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი, მას შემდეგ, რაც უფალმა მათი შეწეობით შვილები მომცა, გამუდმებით მადლობის ლოცვას აღვავლენდი ღვთის მიმართ. მე და მარიამს, ჩემს მეუღლეს, თითქმის ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი. ცხოვრებას რომ ვგეგმავდით, წინა პლანზე შვილები წამოიწეოდა. გამუდმებით ვსაუბრობდით მათზე, მათ აღზრდაზე, მომავალზე. დავქორწინდით და ნაოცნებარი ნაოცნებრად დაგვრჩა, წლები გადიოდა და შვილი არ გვეძლეოდა. მარიამი ამჩნევდა, როგორ გავაპარებდი თვალს ქუჩაში მიმავალი კისერზე ბავშვშემომჯდარი მამისკენ და იტანჯებოდა. შემომთავაზა კიდეც - დავშორდეთ და ახალი ოჯახი შექმენი, ვიცი, როგორ გინდა შვილები და ჩემ გამო თავს ნუ დაიტანჯავო. საკვირველი ის იყო, რომ ორივე ჯანმრთელი ვიყავით და არც ბიოლოგიური შეუთავსებლობა გვქონდა. ერთხელ, წმინდანთა ცხოვრების კითხვისას, შიო მღვიმელის შესახებ წავიკითხე - ვინც იმ მღვიმესთან ილოცებს, სადაც წმინდანი იმყოფებოდა და აღესრულა, შვილი მიეცემაო. შვიდჯერ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, მხურვალედ ვლოცულობდით და შეისმინა მამა შიომ ჩვენი ვედრება. თუმცა მატერიალურად გვიჭირდა, პირობა დავდეთ, რომ რამდენ შვილსაც მოგვცემდა უფალი, იმდენს გავაჩენდით. ახლა ოთხი ანგელოზივით შვილი გვყავს.

რომანოზი (65 წლის): - ასურელი მამებისადმი ჩვენი ხალხის სიყვარული გასაგებია, მათ სახელზე არაერთი ეკლესია-მონასტრით მოფინეს ქართველებმა აღმოსავლეთ საქართველო. წმინდა მამები და საზოგადოდ ბერმონაზვნები მათგან ჩადენილი სიკეთის სანაცვლოდ მადლობის თქმას ერიდებიან. როგორც კი მადლობას ეტყვი, უფლისკენ მიგითითებენ, მე კი არა, ეს უფალმა დაუშვაო. ასეცაა, მაგრამ ისინი ხომ თავიანთი წმინდა ცხოვრებით უახლოვდებიან უფალს და ჩვენთვის სიკეთეს გამოსთხოვენ. ანტონ მარტყოფელმა სამოღვაწეოდ ის უდაბნო აირჩია, სადაც მოახერხებდა, მარტომყოფობის აღთქმა დაეცვა და დაუცხრომლად ელოცა. იმ მიდამოებს შემდეგ მარტყოფი ეწოდა და იქაური მამათა მონასტერი ყველა ძე შეცდომილის სულიერი სავანეა. ნარკომანია და ლოთობა მაშინ შემოგვეჩვია, როცა "აღვერიენით ერსა უცხოსა". ახლა ეს იმხელა პრობლემაა, ლამის გადაგვაშენოს. ჩემს შვილსაც შევამჩნიე, რომ რაღაც ბალახებს ეწეოდა, - სამსახურიდან ადრე დავბრუნდი და შევესწარი. ბევრი არ მიფიქრია, იმავე დღეს ჩავსვი მანქანაში და მარტყოფში წავიყვანე. ბევრი ვილოცეთ და მერე მამებთან დავტოვე. მეტად განებივრებული მყავდა და თან მეშინოდა, ვაითუ, ვერ გაუძლოს და გაიქცეს-მეთქი. მაშინ მობილურები არ იყო და ერთი-ორჯერ ჩავედით მე და ჩემი მეუღლე და ჩუმად გამოვიკითხე, მისი ამბავი. შინ დაბრუნებულნი დაუცხრომლად ვლოცულობდით. ერთი თვის შემდეგ ჩავედით. რომ დაგვინახა, თითქოს არც გახარებია. წამოსვლა რომ შევთავაზეთ, ტირილი დაიწყო, - აქაურობას ისე შევეჩვიე, იქ ვერ გავძლებო. ახლა სანიმუშო კაცი და ოჯახის მამაა, მაგრამ მაინც ვერ ძლებს მარტყოფის გარეშე - მამა ანტონთან მივდივარო, იტყვის. წელიწადში ერთ კვირას მონასტერში ატარებს.
ბეჭდვა
1კ1