უფალს მადლობა ყველაფრისთვის!..
უფალს მადლობა ყველაფრისთვის!..
"კარიბჭის" ხშირი მკითხველი ვარ და ყოველ ნომერს დიდი სიხარულით ველოდები. ბევრი ვისწავლე "კარიბჭისგან" და მიხარია, რომ არსებობს სულიერი წყარო იმ ადამიანებისთვის, რომელთაც გვწყურია სულიერი სასმელი.

ჩემი ცხოვრება უფლისგან მონიჭებული საჩუქარია. ღმერთმა პატარაობიდანვე გამომარჩია და მიმიყვანა თავის წიაღში. 5 წლიდან მოყოლებული ელენე ბებოს დავყავდით შვილიშვილები ზუგდიდის კვირაცხოვლის ტაძარში. საოცრად მიხაროდა ტაძარში სიარული. შემდეგ უკვე ჩემმა უფროსმა დამ გალობა დაიწყო ამ ტაძარში და ჩვენც გვასწავლიდა პატარ-პატარა საგალობლებს. მახსენდება ის პერიოდი, როდესაც ქვეყანაში არეულობა იყო, შიმშილი, სიცივე, უშუქობა, ჩვენ კი ამ უშუქობასა და შიმშილში ღამეები გალობაში გაგვითენებია და ამით ვაძლიერებდით ჩვენს ირგვლივ მყოფებს.

8 წლის ვიყავი, როდესაც ტაძარში დავიწყე გალობა ჩემს დებთან ერთად. 12 წლის ბავშვი ჩემზე 10 და 20 წლით უფროსებს ვასწავლიდი გალობას, რომ ტაძარში გალობა ყოფილიყო. ბევრი ისწავლიდა და მერე მიდიოდა. მტკივნეული იყო, როდესაც ვხედავდი, რომ ზოგჯერ შრომა წყალში მეყრებოდა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, ბოლოს გუნდი შედგა და დღეს უკვე ზუგდიდის წმინდა გიორგის ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი ვარ....

მადლობას ვწირავ უფალს იმ დიდი წყალობისთვისაც, ჩვენს ოჯახს რომ მომადლა.

5 წლის წინ მამა მძიმე ავადმყოფი იყო. უფალს ვევედრებოდით, რომ გადარჩენილიყო. ერთი წლის შემდეგ მამა მონასტერში წავიდა, დღეს კი სქემმონაზონი აბრაამია, რუის-ურბნისის ეპარქიაში მოღვაწეობს. ეს იყო უდიდესი წყალობა და იმედი ჩვენს ოჯახზე. ძალიან ბევრი საოცრად მადლიანი დღეები მქონია ცხოვრებაში, მაშინ როდესაც სულიერად ძალიან მჭირდებოდა და მიფიქრია კიდევაც, ვიყავი კი ამის ღირსი? სულ პატარას ითხოვ უფლისგან და საოცრად ბევრს ღებულობ.

"საკვირველ არიან გზანი უფლისანი..." თუ დაუკვირდება ადამიანი, მართლაც რომ საოცრებაა. უდიდესი სიყვარულია ჩვენზე უფლისა, ჩვენ კი ზურგს ვაქცევთ და მხოლოდ ცხოვრებისეულზე ვფიქრობთ. რამდენი გვაკლია და რა შორს ვართ. უფალი კი ახლოსაა ჩვენთან, ხელს გვიწვდის, ჩვენ კი ხელს არ ვაძლევთ... ადამიანები გაცივდნენ, სიყვარულის კრიზისია ქვეყანაში. არადა, როგორ გვჭირდება თითოეულ ჩვენგანს სიყვარული, მოყვასის სიყვარული...

ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს, იმაზე კი არავინ წუხს, რომ ერთმანეთის დახმარება გვჭირდება. მოდით, ხალხნო, ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული, ვიპოვოთ ყოველ ადამიანში სიყვარულის პატარა ნაპერწკალი და გავაღვივოთ იგი. გავათბოთ სიყვარულით ჩვენი გულები და უფალთან მივიდეთ წრფელი სიყვარულით. ნუთუ ეს ასე რთულია? მხოლოდ პატარა რამეზე უნდა ვთქვათ უარი - ჩვენს შინაგან ეგოზე. თუ მას დავთრგუნავთ, დამერწმუნეთ, მოვიპოვებთ სიყვარულს. მორწმუნეები გვქვია, მაგრამ სიყვარულს არ ვჩუქნით ერთმანეთს. შემდეგ კი გვიკვირს, რატომაა ქვეყანაში ამდენი უბედურება. ეს ყველაფერი უსიყვარულობის ბრალია. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ჩაიხედოს საკუთარ თავში და იბრძოლოს იმისთვის, რომ შეკრას ადამიანები სიყვარულით.

ღმერთმა მოგვმადლოს ჭეშმარიტი სარწმუნოება და სიყვარული შეუორგულებელი. ღმერთს ვებარებოდეთ და ვეყვარებოდეთ მარად!.. ამინ...
ცოდვილი მხევალი ღვთისა სალომე, 24 წლის
ზუგდიდი
ბეჭდვა
1კ1