ღალატის სუნი გცემს, განა ადამიანის, ღმერთკაცის ღალატის სუნი
ღალატის სუნი გცემს, განა ადამიანის, ღმერთკაცის ღალატის სუნი
ვინ და რანი ვართ, თვითონ არ ვიცით, ეკლესიაში დავდივართ, შვილებს ვზრდით, ვლოცულობთ, თითქოს არაფერს ვაშავებთ, მაგრამ მაინც... დავფიქრებულვართ კი, როდის ვყიდით უფალს, როდის ვეამბორებით იუდას მსგავსად?

ნინელი (60 წლის):
- თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვანაირი ცხოვრება გვაქვს, ვის რა უჭირს და უხარია და ვის - რა. მე მორწმუნე ოჯახში გავიზარდე. ჯერ კიდევ მაშინ უფლის სახელის ხსენების არ ეშინოდათ ჩემს მშობლებს, ეკლესიაშიც დადიოდნენ და შინ სანთლებსაც ანთებდნენ. თანამდებობის პირები არ იყვნენ, უბრალო გლეხები გახლდნენ და "სკამის" დაკარგვის შიშიც არ ჰქონდათ. ჩვენს ოჯახში ღვთით გადარჩენილი სახარებაც იყო, მამაჩემი კითხულობდა და გვიხსნიდა. კითხვა რომ დამისვით, იმიტომ არ გპასუხობთ ასე, მართლა მზარავდა იესოს გაცემა და თან იმ დროს და იმ სიტუაციაში. ახლაც ვგრძნობ, რომ იწყება დიდი მისტერია, კაცთა შორის ღალატი და გამცემლობა ხომ ოდითგანვე მოსდევს ადამის მოდგმას. თვალწინ წარმომიდგებოდა ზეთისხილის ხეებით დამშვენებული ელეონის მთა, გეთსიმანიის ბაღი, იესოს ლოცვა და იუდას ამბორი. მერე იერუსალიმში ვიმოგზაურე და განვცვიფრდი - ერთი ციცქნაა ეს ბაღი, მაგრამ საოცარ გრძნობებს აგიშლის, ღალატის სუნი გცემს, განა ადამიანის, ღმერთკაცის ღალატის სუნი. ისიც მახსენდება, როგორ დაასმინა მამაჩემი მეზობელმა, მეტიც, ბიძაშვილმა, და როგორ გადაასახლეს ვორკუტაში. ის კი არ უთქვამთ, სახარება რატომ გაქვს შინო, - ეს პერიოდი უკვე გასული იყო, - სხვა მიზეზი მოუძებნეს... თავჩარგული იჯდა მამა, მაგრამ არა - შეშინებული.

დავითი (36 წლის):
- ღალატი და გაცემა ბოროტი ცოდვაა. არავის განვიკითხავ, მაგრამ ადამიანებს რამდენჯერ დაგვისმენია ერთმანეთი ან მშობელთან, ან მეგობართან. ამას წინათ საშინელი რამ მოვისმინე - ერთ-ერთ დაწესებულებაში თანამშრომლები ერთმანეთის დასმენაში ბონუსებს იღებენ და გამწარებული უთვალთვალებენ გვერდით მსხდომებს. ან ვის აძლევს ეს ხელს? მე თუ მეზობლის თვალთვალს შევალიე დრო და მან - ჩემსას, სამუშაოს ვინღა შეასრულებს? ამიტომაც მივიდა ის საწარმო გაკოტრებამდე. იუდამ ხომ ცოდვას ცოდვა დაამატა და თავი მოიკლა. ასეთივე თვითმკვლელია ისიც, ვინც ადამიანთა ერთმანეთზე გადამტერებას მოინდომებს.

ნიკოლოზი (55 წლის):
- ნებისმიერი უპასუხისმგებლობა, საქმის, ცოლის, ოჯახის ღალატი იუდას ცოდვაა და თუ მოასწარი მონანიება, ხომ კარგი. ადამიანებმა ერთანეთის თანაგრძნობა რომ დავკარგეთ, ეს ფაქტია. მოყვასი რომ გეცოდებოდეს, მისი გასაჭირი გულთან მიგქონდეს, როგორ უღალატებდი, ან მით უფრო, გასცემდი? ერთი უფროსი გვყავდა, ქალბატონი იყო. კომუნისტების ზეობის წლებში ჩვენს სამსახურში საშინელი რეჟიმი იყო, 3 წუთის დაგვიანებაზე ჯერ გვლანძღავდნენ, მერე სამსახურიდან გვაგდებდნენ. მაგრამ იყო ერთი შეღავათი - განყოფილების უფროსი უნდა გყოლოდა გაფრთხილებული. ისიც, სამი შვილის დედა, ყველაზე ადრე მოდიოდა და ჩვენს დაგვიანებებს საკუთარ თავზე იღებდა, ხმალამოღებული გვიცავდა დირექციასთან. განა ამით უწესრიგობას ამკვიდრებდა? არც იმას იტყოდა, ყველაფერს მე გავაკეთებო, ზოგმა უფროსმა რომ იცის; პირიქით - ესენი რომ არ მყავდეს, ვერაფერს გავაკეთებდიო. მორწმუნე თუ იყო? - რასაკვირველია, მაგრამ შინაგანადაც ჰქონდა ეს სიკეთე, ალბათ მშობლებისგან. მორწმუნე იუდაც იყო, უფლის გვერდით იდგა, მაგრამ ხომ სძლია ცდუნებამ?

ნათია (17 წლის):
- ეკლესიაში ბავშვობიდან დავყავარ დედ-მამას. პატარაობიდან გვაზიარებენ. ეს ჩვენი ოჯახის წესია და ბედნიერად მივიჩნევ თავს, რომ ჩვენს ოჯახში დანერგილია ადამიანთა თანაგრძნობა, მაგრამ ერთი შეცდომა მაინც მომივიდა. სკოლაში გაკვეთილებზე ჩემ გვერდით მჯდომი განუწყვეტლივ კნაოდა, თავს ჩაღუნავდა და ჩუმად დაიკნავლებდა. ახლა სკოლა დამთარებული გვაქვს და იმიტომ ვყვები, თორემ მაშინ მშობლებმა ისე შემარცხვინეს, ამაზე ლაპარაკს ვერც გავბედავდი. მასწავლებელმა ჩემზე იფიქრა და თმა დამაწიწკნა, ისე მეწყინა, ცრემლები წამომივიდა და ჩემდა უნებურად ჩემი კლასელი დავასმინე. კლასელები გაკვირვებით შემომყურებდნენ, რადგან მათთვის ზნეობის მაგალითი ვიყავი. შინ მოვყევი ყველაფერს და ბაბუამ ამიხსნა, თავს ნუ გაიმართლებ, დასმენა ბოროტი ცოდვაა და მოინანიეო. მოგვიანებით, წირვაზე ჩვენმა მოძღვარმა გეთსიმანიის ბაღში ჩადენილ ბოროტებაზე ილაპარაკა და უფრო გავაცნობიერე, რა ჩავიდინე.
ბეჭდვა
1კ1