წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
"ნეტარია კაცი, რომელმაც დაითმინა განსაცდელი..."
ცხოვრება გზაა, გზა, რომელმაც ტაძრამდე უნდა მიგვიყვანოს და შეუძლებელია, ეს გზა მუდამ ია-ვარდით იყოს მოფენილი.

"ნეტარია კაცი, რომელმაც დაითმინა განსაცდელი, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარულთ. ნურავინ იტყვის განსაცდელში: "ღვთისგან ვიცდებიო", - რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც არავის ცდის, არამედ ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. მერე გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. მომწიფებული ცოდვა კი შობს სიკვდილს".

სახარებიდან ეს სიტყვები იმიტომ მომყავს, რომ მე თვითონ დიდი განსაცდელი მომევლინა. ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული პედაგოგი, რომელმაც 15 წელი მათ აღზრდა-განათლებას შევალიე, 2006 წლის 6 ივლისს გისოსებს მიღმა აღმოვჩნდი, ამჯერადაც ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვის გამო. ყველაფერი თავზე დამემხო, როცა დავრწმუნდი, რომ ჩემს უდანაშაულობას ვერ დავამტკიცებდი. მაშინ მხლოდ ერთ გზას ვხედავდი - ეს იყო თვითმკვლელობა, რითაც თითქოს ამ სირცხვილის თავიდან აცილება და ჯოჯოხეთური ცხოვრებისგან გაცლა მსურდა. იმას კი არ ვფიქრობდი, რომ ის ჯოჯოხეთი დროებითი იყო, თვითმკვლელობით კი სამუდამო ჯოჯოხეთში ვიგდებდი თავს. არ ვიცოდი, რადგან რწმენიდან შორს ვიდექი და აფექტში მყოფი ვერ ვაანალიზებდი, რას ვჩადიდი. აღარ მახსოვდა აღარც ჩემი მცირეწლოვანი შვილები, აღარც ჩემი ობოლი დისშვილი, რომელიც მე გავზარდე, დაბოლოს, არც ჩემი უბედური მშობლები, რომელთაც ორი უძვირფასესი შვილი დამარხული ჰყავდათ და წყლის მიმწოდებელი მეღა ვყავდი. ჩემი სიკვდილით მათ ხომ საბოლოო სანთელს ჩავუქრობდი.

ამ ყველაფრის დანახვა ჩემით ნამდვილად არ შემეძლო. თავგზააბნეული სიკვდილს ვეძებდი. მხოლოდ ღმერთმა იცის, რა მოხდებოდა, ჩემთვის ერთი ნათელი სხივი რომ არ გამოჩენილიყო და სწორედ ეს ნათელი სხივი იყო ნორა კვიციანი. ქალბატონი, რომელიც ყოველ ნაბიჯზე სიკეთეს თესავს, ყველა გაჭირვებულს ეხმარება, გზააბნეულს მხარში უდგას, სასოწარკვეთილს ანუგეშებს და მშიერს აპურებს. რამდენჯერ უკანასკნელი გაუღია, რომ სხვისთვის ხელი გაემართა.

თესალოკინელთა მიმართ ეპისტოლეს 3,16-ში წერია: "ჩვენ კი წინასწარ გამცნებთ, ძმებო, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც ცუდად იქცევა". ნორა კი ზუსტად მასთან გაჩნდებოდა, ვინც ცუდად იქცეოდა და თავისი დამაჯერებელი ტონითა და დარიგებით თითქოს თვალს უხელდა და სიკეთისკენ უკვალავდა გზას. სწორედ მისმა დარიგებებმა და გამუდმებულმა საუბარმა უფლის შესახებ რადიკალურად შეცვალა ჩემი აზრები და იქამდეც მივედი, რომ უფალს მადლობას ვწირავდი ამ დიდი განსაცდელისთვის. ლოცვასთან ერთად დავიწყე გალობა ზონის პატარა ეკლესიაში და ბოლოს რეგენტიც გავხდი. პატიმარ ქალბატონებს გალობას ვასწავლიდი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც იმის მეოთხედს ვერ ვაკეთებდი, რასაც ქალბატონი ნორა. დილის ხუთ საათზე უკვე მოწესრიგებული იყო ლოცვის დასაწყებად. მთელი ბარაკი ნორას მიერ დანთებული საკმევლის სუნით იყო გაჟღენთილი. ეს სუნი ზოგს სიამოვნებდა, ზოგსაც ძალიან აღიზიანებდა, მაგრამ ყოველთვის გაწონასწორებული, ყოველგვარ დაბრკოლებას ლახავდა და ლოცვას არ წყვეტდა. ქალს, რომელიც ყველა გაჭირვებას და ტანჯვას ღირსეულად იტანდა და რომლის თვალზეც ცრემლი არავის უნახავს, ლოცვის დროს ყოველ სიტყვაზე ცრემლი სდიოდა. საქართველოს კეთილდღეობისა და ჩვენი მთავრობისთვის ლოცულობდა.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ, ალბათ, არც იცით, რამდენს ლოცულობენ თქვენთვის პატიმარი ქალბატონები. ქალბატონი ნორა კი 5 საათი მუხლებზე დამხობილი შესთხოვს ღმერთს თქვენს კეთილდღეობას და მე ღრმად მწამს, რომ სწორედ მისი ლოცვის შედეგია თქვენი წინსვლა.

ეტყობა, ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ იგრძნო, რომ ნორა კვიციანი ჩვეულებრივი მორწმუნე და მლოცველი არ არის. ის განსხვავდება ყველასგან ყველაფრით, ამიტომ დააჯილდოვა საკუთარი ლაბადით, საბნითა და წმინდა გიორგის უნიკალური მედალიონით. არ მეგულება ადამიანი, ნორას გარდა, რომელიც უწმინდესს საკუთარი ნივთებით დაესაჩუქრებინოს.

მე დღეს, უფლის მადლით, თავისუფალი ვარ, ჩემი გადამრჩენი ნორა კვიციანი კი ისევ საკანშია გამომწყვდეული და ისევ ისე ღირსეულად იტანს განსაცდელს, ისევ ევედრება ღმერთს საქართველოს გაერთიანებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადო ნორა არღვლიან-კვიციანს იმისთვის, რომ უფალთან დამაახლოვა, დღეს ცოცხალი ვარ და ჩემს შვილებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვაგრძელებ ცხოვრებას.

შენ კი, ჩემო ნორა, ღირსეულად დაითმინე ყველა შენი განსაცდელი, რადგან გამოიცადე და დარწმუნებული ვარ, მიიღე გვირგვინი უფლისგან. ღმერთმა უმრავლოს ჩვენს სამშობლოს შენისთანა ქართველი ქალები!

უზომოდ მონატრებული
ია ქიზიყელი
ბეჭდვა
1კ1