ჩემი ჯვარი ჩემი ოჯახი იყო
ჩემი ჯვარი ჩემი ოჯახი იყო
უფალი ყოველთვის ჩვენთანაა და გვიმსუბუქებს იმ ჯვრის სიმძიმეს, წუთისოფელმა რომ წამოგვკიდა მხრებზე.

მაყვალა (60 წლის): - ჩემი ჯვარი ჩემი ოჯახი იყო. იმედით აღსავსე გავთხოვდი, ჩვენს დროს მხოლოდ სიყვარულს ვერ აჰყვებოდი, მყარი და მტკიცე ოჯახის შექმნის იმედიც და მონდომებაც უნდა გქონოდა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ბევრი რამ უნდა ამეტანა. აქ არ იგულისხმება, რომ მაინცდამაინც მხეცები და ნადირები დაგხვდებიან ახალ ოჯახში, მაგრამ ხომ არის ოჯახებს შორის თვისებრივი განსხვავება და უნდა შეეგუო. ორი ქალიშვილი გვყავდა. ცივ ნიავს არ ვაკარებდით. წელებზე ფეხს ვიდგამდით მე და ჩემი მეუღლე, რომ მათთვის განთლება მიგვეცა და წესიერ ადამინებად ჩამოგვეყალიბებინა. გვეგონა, მიზანს მივაღწიეთ. უფროსმა მუშაობა დაიწყო და იქ ვიღაც ცოლშვილიანი კაცი გაიცნო. ეს რომ გავიგეთ, თავზარი დაგვეცა... ერთ დღეს გამოგვიცხადა, - ფეხმძიმედ ვარო. კინაღამ დავიხოცეთ ამის გაგონებაზე. ოჯახს როგორ ანგრევ, არ გრცხვენია-მეთქი? უტიფრად მიპასუხა, - მე კი არა, თვითონ ანგრევსო. მაგრამ იმან ოჯახი არ დაანგრია. ეს არ მწყენია, გამიხარდა კიდეც, რადგან სხვის უბედურებაზე ბედნიერების აგებისა არასოდეს მწამდა. ახლა მისი ბიჭუნა ოთხი წლისაა, არაფერს ვაკლებთ, მაგრამ განა ძნელი არ არის უმამოდ ბიჭის გაზრდა? მეორე ქალიშვილი ლოთსა და ნარკომანს გაჰყვა. ახლა მისი ქმარი ციხეშია და ისიც თავისი შვილებით ჩვენთან ცხოვრობს. ხანდახან სასო წარმეკვეთება, გარდა მატერიალურისა, სულიერადაც მიჭირს, მაგრამ ღვთის იმედი მაქვს...

დათო (32 წლის): - ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი გაჭირვება, მაგრამ როცა ღმერთი გაძლევს სილამაზეს, ჭკუა-გონებას და ძალით გაუჭირვებ თავს, მაშინ ხარ ღვთის პირიდან გადავარდნილი. ჩემი ძმა ყველას განსაცდელად გვექცა. ნიჭიერი და ჭკვიანი ბიჭი იყო, სკოლაშიც კარგად სწავლობდა და ვინ იფიქრებდა, ასე თუ წავიდოდა ხელიდან. მე სუსტი ჯანმრთელობა მქონდა და დედ-მამა მეტ ყურადღებას მაქცევდა. ეტყობა, რაღაც მომენტში თავისუფლება იგრძნო და ხელიდან დაგვიძვრა - ბანდიტებს დაუმეგობრდა და... მისთვის მამის მემკვიდრეობიდან ცალკე ბინა გვქონდა, გავყიდეთ და, როგორც ასეთ დროს ხდება, ციხიდან გამოვიყვანეთ. თავისი არც მერე დაიშალა. მოკლედ, ახლა ხელიდან წასული ნარკომანია. ჩვენი დედ-მამა უპატიოსნესი ხალხია და სირცხვილით გარეთ ვერ გადის. არც თვითონ არის ბედნიერი, ნანობს თავის საქციელს, მაგრამ ვერაფერს ვშველით. არ არის ეგ სატანჯველი და მძიმე ჯვარი?!

მარინე (59 წლის): - ადამიანმა ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო. ყველას თავისი ბედი აქვს, თავისი სიმძიმე აქვს სათრევი. ამის მაგალითია ჩემი დედამთილი. ულამაზესი და საუცხოო ქალი ყოფილა, ადრე გათხოვდა. ჩემი მამამთილი ცნობილი მეცნიერი იყო. 37-ში სრულიად ახალგაზრდა კაცი დაუჭერიათ. ჩემი ქმარი მაშინ დაბადებულიც არ იყო. გადასახლებიდან რომ დაბრუნდა 10 წლის შემდეგ, მერე ეყოლათ შვილები. ახალგაზრდა ცოლს შრომა არ შეუწყვეტია, შინ დაბრუნებულ ქმარს მიწის ნაკვეთი და პატარა სახლიც დაახვედრა. მერე შვილებიც ეყოლათ და ჩემი დედამთილი ისევ ვაჟკაცივით ედგა მხარში. კარგა ხნიერნი იყვნენ, მამამთილი რომ გარდაიცვალა. შემდეგაც დიდი უბედურება დაგვატყდა თავს - მოულოდნელად ჩემი მაზლი გარდაიცვალა. ორი შვილი დარჩა და ახალგაზრდა ცოლი. ორმოცის შემდეგ დაგვიძახა და გვითხრა, - სატირალი მე დამიტოვეთ, თქვენ კი გაერთიანდით და ეს ბავშვები დავაყენოთ ფეხზეო. ასეთი ხნიერი ქალი არაფერზე იხევდა უკან, ბავშვები თვითონ დაჰყავდა სკოლაში, წრეებზე, მუშაობაც დაიწყო - საღამოობით რესტორანს ალაგებდა. არადა, ქმარი აკადემიკოსი ჰყავდა და თავის დროზე თვითონაც ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში. გვეგონა, ადვილად გადაიტანა ამხელა უბედურება, მაგრამ ერთ ღამეს მისი გოდება რომ მოგვესმა, მივხვდით, რატომ იყო ყოველ დილით თვალებდასივებული...

ნუგზარი (25 წლის): - ახალგაზრდობის მიუხედავად, მტკივა ის, რაც ალბათ ყველას. მე ასე ვფიქრობ, ჩვენი ჯვარი ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს. თუ საქართველო გადაშენდება, გადაგვარდება, ვერას გვიშველის ეს გზები და ტურისტული ბანები. სული დაგვიტოვეთ!@ მართალია, უკვე შერყვნილ-გადაგვარებულია, მაგრამ ბოლომდე თუ არ წაგვართმევთ, ვეცდებით, ჩვენი წინაპრებისას მივუახლოოთ.
ბეჭდვა
1კ1