წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ჩვენი ტაძრის მრევლის უმეტესობა დიდი სიხარულით ველოდებით "კარიბჭის" ყოველი ახალი ნომრის გამოსვლას.
თქვენი წერილებით უაღრესად ნასიამოვნები ვრჩები და ჩემი ცხოვრების ეპიზოდებთან პარალელებს ვავლებ.

ტაძარში ბავშვობაშიც დავდიოდი, თუმცა მშობლები მიკრძალავდნენ (საკმაოდ დიდ თანამდებობებზე მუშაობდნენ).

ტრაგიკული ბედი მერგო. ჯერ 9 თვის, ხოლო შემდეგ 21 წლის ვაჟი დამეღუპა. სასოწარკვეთილებამდე მივედი. სწორედ მაშინ ჩვენს მეზობელ სოფელში ტაძარი ამოქმედდა. ლიტურგიას მამა ბართლომე აღავლენდა. მისმა შთამბეჭდავმა წირვა-ლოცვამ დამიბრუნა რწმენა ჩემი აუცილებელი სიცოცხლისა, მაგრძნობინა, რომ ჩვენსა და გარდაცვლილთა სულებს შორის კავშირი არ წყდება. პირველ ხანებში თითქოს მიჭირდა ტაძარში სიარული, ახლა კი დიდი სიხარულით ველოდები კვირა დღის გათენებას. იღუმენი ბართლომე ჩვენთან აღარ არის, ამჟამად ფერიცვალების მონასტრის წინამძღვარია. იმდენად დიდია მისი დამსახურება ძლიერი მრევლის შექმნისა, რომ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს. ახლა ჩემი მოძღვარი მამა ავთანდილია, სოფ. ქორისის ადაურის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი, რომელიც მამა ბართლომეს მსგავსად კეთილი და სათნო პიროვნებაა. ცხოვრობს მრევლის ცხოვრებით, იზიარებს მის სიხარულს და საწუხარს. მათი მოღვაწეობა მაგრძნობინებს, რომ ამქვეყნად არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია დამწუხრებულს გული გაუთბოს, გზასაცდენილს გზა უჩვენოს, ადამიანები ჭეშმარიტ სარწმუნოებას აზიარონ...

რამდენიმე წლის წინ მეუღლე და დედაც დამეღუპა. დარწმუნებული ვარ, ჩემი ტაძარში სიარულით და ლოცვა-ვედრებით ჩემს გარდაცვლილსა და ცოცხალ ახლობლებს დიდ სიკეთეს ვუკეთებ. ტაძრიდან დაბრუნებული კი მთელი კვირის მანძილზე დიდი რწმენით ვასრულებ ჩემს მოვალეობას ოჯახის წინაშე.

მინდა ყველას ვურჩიო: მხოლოდ ღმერთის რწმენით შეიძლება ყველა სიძნელის დაძლევა. მიდით ტაძარში, ილოცეთ სრულიად საქართველოს გადასარჩენად.
ლიანა დეკანოიძე,
სოფელი მერჯევი


გმადლობთ, რომ არსებობს ეს ჟურნალი. მე მისი მკითხველი ვარ და ყველა ნომერი მაქვს. გურიაში დავიბადე. როგორც ყველა, ჩვენც არაეკლესიურად ვიზრდებოდით, მაგრამ როცა შვილი შემეძინა და გამოვცადე ღმერთის მიერ მოვლენილი სასწაული, ვიწამე ღმერთი. ვარ ქუთაისის ხარების ეკლესიის მრევლი. მეც და ჩემი გოგონაც შაბათ-კვირას დავდივართ ეკლესიაში და ვლოცულობთ, ღვთისმშობელ მარიამს მადლობას ვწირავთ, რომ შეისმინა ჩემი ვედრება და ბავშვი გამიცოცხლა. ეს კი ასე მოხდა. ჩემი გოგონა 27 დღის იყო, როცა კრუნჩხვებიანი მივიყვანეთ ოზურგეთის ბავშვთა საავადმყოფოში. მთელი მედპერსონალი ფეხზე დადგა, ხერხემლიდან სითხეც აუღეს, გადასხმებსაც უკეთებდნენ, როგორ არ აწვალეს ბავშვი, მაგრამ არაფერმა უშველა. მთავარმა ექიმმა დ. მდინარაძემ, მორწმუნე, კეთილშობილმა პიროვნებამ, გვირჩია მოგვენათლა ბავშვი, იმ ქვეყნად მოუნათლავი არ გაგვეშვა. მართლაც, პალატაში მოვიყვანეთ მღვდელი, რომელმაც ნათლობის საიდუმლო აღასრულა, შემდეგ მამაომ ლოცვები წაუკითხა და 15 წუთში მოხდა სასწაული - ბავშვმა წამოიტირა და ყველა გაოგნებული დარჩა. იმის შემდეგ ბავშვს აღარაფერი ასტკივებია.

ჩემი გოგონა უკვე 7 წლისაა. მადლობა მარიამ ღვთისმშობელს, რომ შეისმინა დედის ლოცვა და შვილი გადამირჩინა.
ლ. ვაჩნაძე, ქუთაისი
ბეჭდვა
1კ1