წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
მე მჯერა ჩემი სულიერი მამისა...
მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების მიწურულია. კარზე მოგვდგომია ერთი საზოგადოებრივი ფორმაციიდან მეორეზე გადასვლის გაურკვეველი ეტაპი. ხალხი მოუთმენლად, თუმცა შიშნარევი აღტაცებით მოელის ახალი, უცნობი სიოს წამოქროლებას.

ეს ყველაფერი თბილისის ცენტრში, რუსთაველის პროსპექტზე, თავისუფლების მოედნიდან ზემელამდე ხდება.

აქვეა, მოგეხსენებათ, უმშვენიერესი ქვაშვეთის ტაძარი, დიდებული და ბრწყინვალე როგორც არქიტექტურულად, ისე გამორჩეული მდებარეობითაც.

მართლმორწმუნე ერის დიდი ნაწილი სწორედ ღვთის წმინდა სახლს მიეძალა, გადაწყვიტა მღვდელმსახურებთან ერთად კიდევ მეტად გააქტიურება, უფლის მიმართ ლოცვების გაძლიერება ქვეყნის ბედნიერი მომავლისთვის.

გულმა მეც იქითკენ გამიწია...

მანამდე ჩემს საცხოვრებელ სახლთან ახლომდებარე ეკლესიაში დავდიოდი წირვა-ლოცვაზე. ჩემდაუნებურად, მდგომარეობამ და უზენაესი განგების ძალამ თბილისის გულში მდებარე ამ უწმინდეს ტაძარში მიმიყვანა.

ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საეკლესიო რიტუალზე მეორედ თუ მესამედ მისვლის დროს მოხდა ისეთი რამ, რაც, საკმაოდ დიდი ხნის გასვლის მიუხედავად, კვლავაც დაუვიწყარია ჩემთვის. აგერ უკვე მეოთხედი საუკუნეა მას შემდეგ და ის შთაბეჭდილება დღესაც არ გაფერმკრთალებულა.

გულისყურით წირვაში ჩართული, რაღაც ძალამ მარჯვნივ მიმახედა. ეკლესიის ეზოს მხრიდან, ტაძრის კარებში შემომავალმა ახალგაზრდა მოძღვარმა მიიქცია ჩემი ყურადღება. მას მუქი სამღვდელო სამოსელი ემოსა. ოცდაათიოდე წლის იქნებოდა.

ღვთის სახლში შემობრძანებული ახალგაზრდა მღვდელი სულ მალე, რამდენიმე წამში მრევლმა თავის შუაგულში მოაქცია: ყველა ცდილობდა, რაც შეიძლება ახლოს მისულიყო სასურველ ადამიანთან და მისგან კურთხევა მიეღო.

აშკარად ვგრძნობდი, თავისთავად თბილი ეკლესიური გარემო თანდათანობით კიდევ უფრო თბებოდა.

მთელი არსებით მომინდა ჩემთვის უცნობ ღვთისმსახურთან მისვლა.

ვერ ვბედავდი.

მიჭირდა.

მერიდებოდა.

გადავწყვიტე, ხშირად მევლო ქვაშვეთში, მომესმინა ამ ღვთისმსახურის მიერ ჩატარებული წირვა-ლოცვა და ქადაგებანი. ასე უცნობად არ წარვმდგარიყავი მოძღვრის წინაშე და მხოლოდ შემდეგ გამებედა კურთხევის თხოვნა.

მოულოდნელად გამახსენდა სოლომონ ბრძენისეული გამონათქვამიც: "მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ მხოლოდ უფლის ჩანაფიქრი აღესრულება".

მომეშვა.

გავთავისუფლდი ზედმეტი აზრებისგან და მთელი არსებით უფალს მივენდე.

ზუსტად ამ დროს ახალგაზრდა მღვდლისა და ჩემმა თვალებმა ერთმანეთი მოძებნა.

მშვიდად გამიღიმა. სიტყვა არ დაუძრავს. მაინც აშკარად მივხვდი, რასაც მეუბნებოდა.

მორიდებულად მისკენ დავიძარი... ძალიან თბილად მიმიღო და დამლოცა კიდეც. ახლა უკვე თვალიც გავუსწორე.

ის ახალგაზრდა მღვდელი მამა ელიზბარი გახლდათ.

ჩემთვის სასწაულივითაა ეს ამბავი. გული ნამდვილად მწყდება იმაზე, რომ სანახევროდაც ვერ შევძელი იმ დიდი სულიერი განცდის შენამდე სრულად მოტანა, მკითხველო, რომელიც მაშინ დამეუფლა. კარგად მესმის, უფლისგან ბოძებული სრულყოფილების ასეთი ნიჭი მხოლოდ თითო-ოროლათა ხვედრია.

ბუნებრივია, განვლილი ოცდახუთი წლის მანძილზე მამა ელიზბართან დაკავშირებული უამრავი მოსაგონარი დამიგროვდა. ამჯერად ერთზე გესაურებით.

ქვაშვეთში წირვას უძღვება მამა ელიზბარი. მორიგი პაუზაა. ეკლესიაში ჩვეული სიმშვიდეა. უცბად ყურში ჩუმი ხმით ჩემი სახელი ჩამესმა. მამა ელიზბარი იყო.

სწორედ იმ წამს გვერდით თანამოსახელე მორჩილმა ჩამიარა. ვიფიქრე, იმას ეძახის-მეთქი. კიდევ ორ-სამჯერ მომესმა საკუთარი სახელი.

ახლა უკვე გავიხედე იქით, საიდანაც ხმა მოდიოდა. მამა ელიზბარმა მანიშნა, მასთან მივსულიყავი. მივედი. გვერდზე გამიყვანა და დაიწყო:

- ლევან, ვგრძნობ, შენ კარგად ვერ ხარ. მე ამას ნათლად ვხედავ. გეტყვი იმასაც, რომ კარგად იქნები. ოღონდ იცოდე, დღესვე ექიმთან უნდა მიხვიდე. არ გადადო. თუ გინდა, მეც წამოგყვები. გინდა, ჩემი სახელით მიდი... - და ჩამომითვალა რამდენიმე ცნობილი ექიმი, - საღამოს დამიკავშირდი და ყველაფერი დაწვრილებით შემატყობინე. არ შეშინდე, გარწმუნებ, გამოჯანმრთელდები.

რა თქმა უნდა, მამა ელიზბარის სიტყვა ყველა კანონზე მაღლაა ჩემთვის. პატიოსნად ვიტყვი: მხოლოდ მის სიტყვას დავუჯერებდი ასე სწრაფად.

მივედი ექიმთან.

დამჭირდა სხვადასხვა გამოკვლევა.

დიაგნოზი მართლაც მძიმე დამისვეს, ოღონდ ავადმყოფობა განკურნებას ექვემდებარებოდა. თურმე სულ რამდენიმე დღეც და შორს წასულ სნეულებას ვეღარაფერი უშველიდა, დაგვიანებული მკურნალობა უკვე უშედეგო იქნებოდა...

მამა ელიზბარის ღვთივბოძებული მადლისა და გულისხმიერების წყალობით, ახლა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის.

ჭეშმარიტად, ვაღიარებ, არანაირი ფიზიკური მდგომარეობის შიში აღარ მაქვს. სულითა და ხორცით მჯერა, ვერანაირი სენი ვერ მომერევა. თუ გამიჭირდება, მამა ელიზბარი მეგულება მშველელად; ოღონდ, მთავარია, ჩემი სულიერი მდგომარეობით არ გავაწბილო, ყოველმხრივ ვეცადო, ვიცხოვრო ეკლესიურად. მწამს, ყველაფერი დანარჩენი ზომიერად და კარგად იქნება.

ნებისმიერი კულტურული ერი უპირველეს ყოვლისა რელიგიურია. უმაღლესი დონის კულტურას რელიგიური საძირკველი აქვს. ამიტომ ბრძანებს დიდი კონსტანტინე გამსახურდია: "რელიგია და მისი გაგება ერთგვარი გამოცდაა კულტურული ერისა". ძლიერი სახელმწიფოებრიობა ერის მაღალი რელიგიური შეგნების წყალობით მიიღწევა. ასე რომ, სამშობლოს სიძლიერის სადარაჯოზე ღირსეულად დგას ჩვენი ეკლესია. მამა ელიზბარმა კი ღირსეულად დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი გამორჩეულ ღვთისმსახურთა შორის.

ამ წუთისოფელში მნიშვნელოვანია, რას ემსახურები კაცი და როგორ აკეთებ ამას. მთავარი ადამიანის სულიერი გამოღვიძებაა. სწორედ ეს დიდი მისია დაეკისრა უფლისგან მამა ელიზბარს (ოდიშვილი).

მამა ელიზბარი ოცდაათ წელზე მეტია თბილისის ქვაშვეთის ეკლესიაში მოღვაწეობს და დიდი მონდომებით ცდილობს დაგვარწმუნოს იმაში, რომ წუთისოფელში ყოფნა ჭეშმარიტად განუწყვეტელი მზადებაა საუკუნო სასუფეველში ღირსეულად დამკვიდრებისთვის და ღმერთის სიყვარული ურთიერთის თანადგომაში, პატივისცემასა და ერთგულებაში გამოიხატება.

შევთხოვოთ უფალს, დიდხანს და ჯანმრთელად გვიმყოფოს დღეს უკვე ორმოცდათხუთმეტი წლის თმაშევერცხლილი მამა ელიზბარი - დიდი ღვთისმსახური. ამინ!

ლევან გვეტაძე
საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრი, ქაშვეთის მრევლი


***
ამქვეყნიური ცხოვრება მძიმეა, მაგრამ მადლობა უფალს, რომ მოგვმადლა უნარი მასთან გამკლავებისა. საამისოდ მთავარია, უფლის გზას შევუდგეთ, სხვაგვარად შეუძლებელია ცდუნებას გავუმკლავდეთ. თუ არა ტაძარი და მოძღვარი, სად უნდა ვიპოვთ სულის სიმშვიდე?

მინდა თქვენი ჟურნალის მეშვეობით მადლობა ვუთხრა ჩვენს მოძღვარს, არაჩვეულებრივ, მადლით აღსავსე პიროვნებას მამა ლუკა სუპატაშვილს, დიდი დიღმის ასი ათასი ქართველი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარს. ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახი და მრევლი, უფლის შემწეობა და მფარველობა არ მოჰკლებოდეს.

მამა ლუკა, თავისი მოძღვრული ღვაწლით, მრევლს გვაძლევს იშვიათი თავმდაბლობის მაგალითს, როცა ქადაგებს უბრალო მრევლისთვის გასაგები სიტყვებით, დაუღალავად, არასოდეს გვაგრძნობინებს უდროობას, დაღლილობას, ისე დაუდგება გვერდით ყველა შეჭირვებულს, ვისაც მისი ნუგეში და მხარში დგომა დასჭირდება. მჯერა, რომ მასზე დიდი წყალობაა უფლისა.

მისი ლოცვა-კურთხევით ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ოჯახში, ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის უფალს და ჩემს მოძღვარს მამა ლუკას.

პატივისცემით
ნათელა ნიკოლეიშვილი



ადამიანი ჰაერში გასროლილ ტყვიასავით მიექანება უფსკრულისკენ, ადგილისკენ,
სადაც მოხვედრა ძალიან ადვილია, თავის დაღწევა კი თითქმის შეუძლებელი
ადამიანები აულაგმავი ცხოველებივით ცოდვისკენ მიისწრაფვიან. მათ არ აფიქრებთ ღმერთი, სიკვდილი, სამსჯავრო, მისაგებელი, არ ზრუნავენ არაფერზე, გარდა იმისა, თუ როგორ დაიკმაყოფილონ სამშვინველის მოთხოვნილებები, რაც ზოგ შემთხვევაში ადამიანს აიძულებს გააკეთოს ის, რაც მისთვის საზიანოა. სამშვინველი სხეულით საზრდოობს.

ადამიანის ბუნება ხარბია, რაც უფრო მეტს იღებს მატერიალური ცხოვრებიდან, მით უფრო იზრდება მისი მოთხოვნილება და ეცემა პიროვნების სულიერება. ცოტანი არიან ისეთნი, რომელთაც ჭეშმარიტი ინტერესები აქვთ, გულით ატარებენ ღვთის სიყვარულს, არ არღვევენ უფლის მცნებებს. შესაძლოა, სწორედ მათი ლოცვებით არსებობს ჯერ კიდევ ქვეყნიერება.

ადამიანი, პირველ რიგში, თავის სულიერ მდგომარეობაზე უნდა ფიქრობდეს, თუ როგორ დაუახლოვდეს უფალს, გაიჩინოს არა მხოლოდ ღვთის სიყვარული, არამედ მთელი სამყაროსი. დანარჩენი ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანია. მას უნდა უყვარდეს ყველა და ყველაფერი, რაც უფალმა შექმნა. სუბიექტმა უნდა შეიგრძნოს, რომ ისაა სამყაროს პატრონი. თითოეული პიროვნების თვალიდან სიყვარული უნდა გამოსჭვიოდეს. ადამიანთა შორის უნდა სუფევდეს სათნოება, პატივისცემა, თავმდაბლობა, სიყვარული. სამწუხაროდ, ადამიანები ვერ ვწვდებით ცხოვრების აზრს, თუ რა მიზნით მოგვავლინა უფალმა ამქვეყნად, რა არის თითოეული პიროვნების დანიშნულება. ღმერთი ამქვეყნად უბრალოდ არაფერს აჩენს, ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს, ისევე როგორც ადამიანს. თითოეულ პიროვნებაში დევს ღვთისგან ბოძებული უდიდესი ნიჭი, რომელსაც აღმოჩენა და განვითარება სჭირდება.

უფლისადმი მლოცველთა რიცხვი დღესდღეობით მცირდება. საზოგადოება კარგავს იმ ერთადერთს, რაც მარადიულია, რისთვისაც ოდითგანვე იბრძოდნენ ქართველები და თავს წირავდნენ, რომ ჩვენამდე მოეღწია. მრავალი ერი აღიხოცება პირისაგან მიწისა, მაგრამ საქართველო, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, იარსებებს ქვეყნიერების დასასრულამდე. თუმცა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა რომ ვართ, იმას არ ნიშნავს, უდარდელად განვაგრძოთ ცხოვრება. პირიქით, ეს ხომ მოვალეობა და ვალდებულებაა, რომ განვავრცოთ ღვთისგან ჩვენი ერისთვის ბოძებული ძღვენი.

ჩვენ უნდა დავაფასოთ უფლისგან მონიჭებული ეს მადლი. ვილოცოთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის და გვწამდეს, რომ ჩვენი წრფელი ლოცვით გადავარჩენთ და ფეხზე წამოვაყენებთ დაცემულ საქართველოს!..

ხატია გველესიანი
სკოლა "ოქროს ვერძი", XII კლასი

"ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი"
ღმერთმა თავის მსგავსად და ხატად, თავისუფალი ნების მქონედ შექმნა ადამიანი. უფალმა გვიჩვენა სწორად ცხოვრების გზა, თუმცა ყველას მოგვცა არჩევანის უფლება. ასე რომ, ყველა თავად ვირჩევთ, რომელი გზით ვიაროთ და როგორ მოვიქცეთ.

ზოგჯერ საკმაოდ რთულია, თავი აარიდო ამა ქვეყნის საცდურთ, მაშინ როდესაც შენს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია ამ საცდურით "გატაცებული".

დღეს მოზარდებში ყველაზე გავრცელებული და აქტუალური თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემებია. საინტერესოა, რატომ ვიწყებთ მოწევას და რატომ უნდა ავარიდოთ ამას თავი.

ვეცადე, ეს თემა ყველა კუთხით განმეხილა და პირველ რიგში მწეველ და არამწეველ მოზარდებს გავესაუბრე.

რა თქმა უნდა, მოზარდების უდიდესი ნაწილი თამბაქოზე დამოკიდებული ერთმანეთის მიბაძვით და სამეგობრო წრის გავლენით ხდება. მცირედნი ამბობენ, რომ მოწევა დეპრესიის დასათრგუნად დაიწყეს. ზოგმა ისიც კი მითხრა, რომ თამბაქოზე დამოკიდებულება კარგი საშუალებაა წონაში დასაკლებად.

ჩნდება კითხვა: "მერე რა, რომ ვეწევი?!" ერთი შეხედვით, ამით ბევრს არც არაფერს აშავებ, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას ვნებ. მაგრამ, კარგად რომ დავფიქრდეთ, ასე მარტივადაც არ არის საქმე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აზიანებ საკუთარ ჯანმრთელობას. ნელ-ნელა, საკუთარი ნებით, წვეთწვეთობით შხამავ საკუთარ ორგანიზმს. შესაძლოა, სიკვდილამდეც კი მიხვიდე - ჩაიდინო თვითმკვლელობა. გარდა ამისა, ვნებ გარშემომყოფთა ჯანმრთელობასაც, განსაკუთრებით იმათსას, ვინც არ ეწევა. დაბოლოს, არსებობს კიდევ ერთი, შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი ფაქტორიც - აზარალებ შენივე ოჯახის ბიუჯეტს. დააკვირდი, თვეში რამდენს ხარჯავ იმისათვის, რომ დააზიანო შენი და შენი გარშემომყოფების ჯანმრთელობა. ამ თანხით ხომ შეგეძლო, ბევრი უკეთესი რამ გაგეკეთებინა?!

ქრისტიანულად, მოწევა საკმაოდ მძიმე ცოდვაა, თამბაქოს კვამლი ეშმაკის საკმეველთანაა შედარებული. მავანნი მოწევას ცოდვად არ მიიჩნევენ, თავს კი იმით იმართლებენ, რომ თამბაქოს მოხმარებაზე სახარებაში არაფერი წერია. რეალურად კი ჩვენ ნელ-ნელა ვიკლავთ თავს. სამწუხაროდ, სიგარეტის თუნდაც ერთხელ გასინჯვით შესაძლოა გავხდეთ აქტიური მწეველები. თამბაქოზე დამოკიდებული ადამიანი ფაქტობრივად დამოკიდებული ხდება ეშმაკის საცდურზე და ამ საცდურისგან თავის დაღწევა სულ უფრო და უფრო რთულდება. მწეველი ადამაინის ორგანიზმი უფრო და უფრო მეტად მოითხოვს თამბაქოს მომაკვდინებელ კვამლს და ამ კვამლით დაფარული სხეულისა და სულის განწმენდა და გაჯანსაღება ნელ-ნელა უფრო რთული ხდება.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, გავესაუბრე არამწეველ მოზარდებსაც. აქაც ძირითადად სამი კატეგორია გამოიკვეთა: 1. არ ეწევიან იმიტომ, რომ უბრალოდ არ ხიბლავთ იყვნენ თამბაქოზე დამოკიდებულნი. 2. მშობლები სასტიკად უკრძალავენ და მათთან კონფლიქტს ერიდებიან. 3. არ უნდათ დაიზიანონ ჯანმრთელობა, არ უნდათ ჩაიდინონ ეს ცოდვა ან მისდევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

სამწუხაროდ, ჩვენს თანატოლთა გარკვეულ ნაწილში მოწევა აქტუალურია. გოგონებს მოსწონთ ის ბიჭები, რომლებიც ეწევიან და პირიქით. ასეთ მოზარდებს ჰგონიათ, რომ სიგარეტი მათ მშობლებისა და გარშემომყოთაგან დამოუკიდებელს ხდით. სამწუხაროდ, ამ დროს არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ვეწინააღმდეგებით უფროსებს, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლებ თავისუფლები ვხდებით - ვხდებით დამოკიდებულნი თამბაქოზე.

მოზარდებზე დიდ ზეგავლენას მწეველი მშობლებიც ახდენენ. ზოგჯერ რთულია გაიგო, რატომ გიკრძალავს დედ-მამა იმას, რასაც თავად სიამოვნებით აკეთებს. შეიძლება გასაკვირია, მაგრამ არსებობენ მშობლებიც, რომლებიც საკუთარ არასრულწლოვან შვილებთან ერთად ეწევიან და ეს პირადად ჩემთვის მიუღებელია.

საბედნიეროდ, 21-ე საუკუნეში საკმაოდ ბევრი მოზარდი მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, თამბაქოზე დამოკიდებულება პრივილეგიად არ მიაჩნია, დადის ეკლესიაში და ცდილობს, არ ჩაიდინოს ასეთი, ერთი შეხედვით, მსუბუქი, რეალურად კი საკმაოდ საშიში ცოდვა.

ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ მოწევა საკუთარი ჯანმრთელობის, გარშემომყოფებისა და უფლის წინაშე ჩადენილი დიდი ცოდვაა და განა ასე რთულია, თავი ვანებოთ თამბაქოს კვამლის ყლაპვას?

მოწევა თავისუფალი, მოაზროვნე ადამიანის მხრიდან გამოჩენილი დიდი უგუნურებაა. მწეველი თამბაქოს კვამლში გახვეულ ნათელს ჰგავს. წლების სვლასთან ერთად თამბაქოს კვამლი მატულობს, ჯანმრთელობა და სულიერი ბრწყინვალება კი ზარალდება, ნელ-ნელა სუსტდება ნათელიც...

სალომე მუმლაძე
სკოლა "ოქროს ვერძი", XII კლასი
ბეჭდვა
1კ1