მივხვდი, რომ ნივთებს და ფუფუნებას ჩალის ფასი აქვს, მთავარი ადამიანთა სიყვარულია
მივხვდი, რომ ნივთებს და ფუფუნებას ჩალის ფასი აქვს, მთავარი ადამიანთა სიყვარულია
ადამიანთა ცხოვრება რომ ორ ნაწილად იყოფა, არახალია. ხორციელი კეთილდღეობა და სიჯანსაღე არ არის ურიგო, მაგრამ მთავარი სულია, სული, რომელმაც უნდა წარმართოს ხორციელი ცხოვრება.

ნათელა (63 წლის): - ადამიანი მხოლოდ ხორციელი ცხოვრებით, რაც უნდა წესიერად განვლოს ცხოვრების გზა, ვერ ცხონდება. როცა ხორციელ მადლს სულიერს არ წააშველებ, გამოდის, რომ ყველა სიკეთეს შენთვის მიიწერ. ბევრი რამ არის საფრთხილო ქრისტიანობაში. ამას წინათ ფერისცვალების დედათა მონასტრის ნამუშევარი გადმომცეს წიგნად გამოსაცემად. იქ ისეა ახსნილი ყოველივე, ცოტა არ იყოს, შევჩქვიფდი. ყველაფრის ცოდნა ძნელია, მაგრამ საკუთარი თავის კონტროლი არავის აწყენს. ერთი შეძლებული მეზობელი მყავს, ძალზე კეთილი და მოწყალე ადამიანია. ყველას ხელს უმართავს, მაგრამ ეკლესიას სათოფეზე არ ეკარება. ეს რომ ვკითხე, ისეთი პასუხი გამცა, გაოგნებული დავრჩი - აშკარა ამპარტავნობა გამოდიოდა. იმ საკითხში, რომელიც უფლისგან მოდიოდა, თავის თავს მიიჩნევდა წარმმართველად და ისეთი გაამაყებული ლაპარაკობდა, ლამის ტირილი დავიწყე. ასეთი ლაპარაკი რაღაცნაირად გთრგუნავს, ფიქრობ, რომ უვარგისი ხარ და იმიტომაც ვერ მოგიხერხებია, ხანდახან თუნდაც 20 თეთრით შეეწიო მოყვასს.

ნიკოლოზი (43 წლის): - სიყმაწვილეში ძალიან ხარბი და შურიანი ვიყავი. თუ საღვთო მოშურნეობა გაქვს, პირიქით, უკეთესია, მაგრამ მე მშურდა სხვისი სიმდიდრე, თუმცა გაჭირვებული ოჯახის შვილი არ ვყოფილვარ. თავიდანვე დავიწყე ფიქრი ფულისა და სიმდიდრის დაგროვებაზე. ამისათვის ვდავობდი ყველგან, დედმამიშვილებთან, თანამშრომლებთან... ქურდი და ყაჩაღი არ ვყოფილვარ, მაგრამ მერე რომ გავაცნობიერე, მივხვდი, იგივე ყაჩაღობაა, თანამშრომელს რომ აწინაურებენ და შენ მიდგებ-მოდგები, ვიღაცებს გამოძებნი, დაარეკინებ და მის ადგილს დაიჭერ. ჩემი ასეთი საქციელი გააცნობიერეს ახლობელ-მეგობრებმა და ყველამ ზურგი მაქცია. ადამიანის თვისება თავის მართლებაა და მეც თავს ვიმართლებდი, როცა ვინმეს ვკარგავდი. მდიდარი და გავლენიანი ვიყავი, მაგრამ პატივს არავინ მცემდა. ჩემს მეზობლად ერთი დურგალი ცხოვრობდა, ოჯახს დიდი წვითა და დაგვით არჩენდა. თუმცა მის სიტყვას ისეთი ფასი ჰქონდა, ყველა თვალებში შესციცინებდა. ეკლესიაში სიარული კი დავიწყე, - არა პატივისცემის მოსაპოვებლად, სულმა მომთხოვა, - მაგრამ კარგა ხანს ვერ დავთრგუნე ჩემი მიდრეკილებები. ეს ნელ-ნელა ხდება, თუმცა საკუთარ თავთან დიდი ბრძოლა გიწევს.

მარინე (72 წლის): - უმრავლესობას გვაქვს ისეთი ცოდვა, რომელსაც ან ვერ ვხვდებით, ან დათრგუნვა გვიჭირს. ამას ნებისყოფიანი და უფლის მოყვარული ადამიანები იოლად ახერხებენ. საშინელი ძუნწი ვიყავი, შრომის უნარი მქონდა და ჩემი ცოდნით ფულსაც ვშოულობდი, მაგრამ გაჭირვებულისა ნაკლებად მესმოდა. ისე გულგრილად ჩავუვლიდი გვერდს ცხარე ცრემლით მოტირალს, ნერვი არ ამიტოკდებოდა. ერთხელ მეტი "მოვინდომე" და მივაძახე, - იშრომე და ქუჩაში საგდებად არ გაგიხდება საქმე-მეთქი. არადა, ასე რომ არ არის, თავადაც კარგად ვიცოდი. იმანაც მომაძახა, - ჩემს დღეში ჩაგაგდოს ღმერთმა და მიხვდები, მარტო მონდომება რომ არაფერიაო. არ ვიცი, მისმა ნათქვამმა გაჭრა თუ არა, მალე ისეთი ავადმყოფობა შემეყარა, ხელს ვერ ვანძრევდი. მკურნალობა და წამლებიც იმდენი დაჯდა, ოჯახიდან თანდათან გავიტანეთ ძვირფასი ნივთები, რომლებსაც წლების განმავლობაში რუდუნებით ვაგროვებდი. ფიქრისთვის უამრავი დრო მქონდა და მივხვდი, რომ ნივთებს და ფუფუნებას ჩალის ფასი აქვს, მთავარი ადამიანთა სიყვარულია. ვიღაცას რომ შია და სწყურია, შენ კი უსულო ნივთებს ყიდულობ და ეთაყვანები, ჭკუაზე ხარ? ადამიანს სიმდიდრე ვერ აცხონებს, უფლის სიყვარული კი, რომელიც მოყვასის სიყვარულით განსხეულდება, უთუოდ არის ცხონების გზა.
ბეჭდვა
1კ1