ღვთისნიერი
ღვთისნიერი
ხონი-სამტრედიის ეპარქიის სოფელ იანეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იაკობ ლეკვეიშვილი და მასთან ერთად იმავე ტაძრის სტიქაროსნები - ვახტანგ კოხრეიძე და რაინდი ჩიტიშვილი გასული წლის ზაფხულს ტრაგიკულად დაიღუპნენ ავტოკატასტროფაში.

"მამა იაკობი იყო ღვთის კაცი და იმავდროულად ერის კაცი", - მეუფე საბა.

"ის ისეთი წმინდა ადამიანი იყო, ჩვენგან აღვლენილი ლოცვებიც კი არ დასჭირდება სასუფეველში დასამკვიდრებლად", - მამა მატათა.

იმ დღეს ზაფხულის გაუსაძლის სიცხეს არავინ უჩიოდა. იანეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და ეზო ხალხს ვერ იტევდა. მამა იაკობისა და მისი ორი სტიქაროსნის უეცარ დაღუპვას დაედუმებინა მრევლი. კარგ ყმას ხომ დიაცის გლოვა უხდება, მაგრამ როცა მამაკაცები ცრემლად იღვრებიან...

მამა იაკობს უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ სოფელ დიდი ჯიხაიშის, იანეთის, ნიგორზღვის, ოფეთის, სამტრედიის მკვიდრნი.

"ისეთი თბილი და გულში ჩამწვდომი ქადაგება ჰქონდა, წირვიდან შინ დაბრუნებული სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობდი. თუ მასთან შენს ტკივილზე დაილაპარაკებდი, არ არსებობდა, სიტყვით თუ საქმით გვერდით არ დაგდგომოდა. მასთან საუბარი ნებისმიერ თემაზე სულის ზეიმი იყო", - მესანთლე ნაზი.

"მამა იაკობის სისპეტაკე და უბრალოება მაშინებდა კიდეც. გუშინდელ დღესავით მახსოვს (იანეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო), დიდ ჯიხაიშში მანქანით მიმავლებს შემოგვეგება ანაფორაში გამოწყობილი მაღალი, სუსტი, ოდნავ მხრებში მოხრილი ახალგაზრდა. ჩვენს მანქანას შემოხედა, გაიღიმა, პირჯვარი გადასახა და გზა განაგრძო. დამამახსოვრდა მისი ალალი ღიმილი, რომლითაც ფართოდ უღებდა კარს თავისი გულისკენ არა მარტო მრევლს, არამედ ნებისმიერ შემხვედრს. წირვის დროს მისი ხმა მომაჯადოებელ გავლენას ახდენდა მრევლზე. მე კი ჯვარზე მთხვევის შემდეგ მისი ნათქვამი: "ღმერთმა დაგლოცოს, იაკობ!" - უდიდეს რწმენასა და იმედს მაძლევდა", - მრევლი იაკობი.

"ის აქ იყო ეკლესიის საძირკვლის ჩაყრიდან გუმბათის გადახურვამდე, ამ ეკლესიის კედლებში ჩადო სული და გული. ჩემი მამა იაკობი 7 წელი უძღოდა მრევლს, ყველას სიხარულით ხარობდა, ყველას ტკივილი სტკიოდა. ის იყო ყველას ოჯახში, ყველას გულში. დიდთან დიდი, პატარასთან პატარა. გულში რომ ჩაგვიკრავდა და მოგვეფერებოდა, ჩვენი გასაჭირი გვავიწყდებოდა. სულ ცოტა დრო უნდოდა, რომ მთელი იანეთი, და არამარტო იანეთი, მისი მრევლი გამხდარიყო. მისი სიკვდილი მეხის გავარდნას ჰგავდა ჩვენს სოფელში. დუმდა ირგვლივ ყოველივე, ძაღლის ყეფაც კი არ ისმოდა. ტირილი და გლოვა იყო ყველა ოჯახში. ის დღესაც პირველი მეგებება ტაძრის ეზოში შესულს. მწამს, მისი სული ცათა სასუფეველშია" - მრევლი გუგული.

"მამა იაკობი მოვლენა იყო"; "მასეთი ადამიანი კიდევ თუ არსებობს, არ ვიცი"... ვისთვის - შვილი, ვისთვის - ძმა, მამა, მეგობარი... ცხადია, პავლე მოციქულის სიტყვები "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" მთლიანად ჰქონდა გათავისებული ხალხის მოძღვარს. ადამიანმა თუ სიყვარული მოიპოვა, მან თავად უფალი ანუ ქრისტე მოიპოვა საკუთარ თავში, რაც აცხონებს კაცს.

მამა იაკობს მორწმუნე მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა. ვაჟები - 7 წლის მარკოზი და 5 წლის აჩი სტიქაროსნები არიან. გოგონები ჯერ დედის კალთას არ მოშორებიან. ქალბატონ ნინოს მორიდებით ვკითხე, მეუღლის მფარველობას თუ გრძნობთ-მეთქი. უხმოდ დამეთანხმა, თავი დახარა.

P.S. წმინდა გიორგის ხატი იყო მიბრძანებული ოჯახში. მოსალოცად მამა იაკობის დედა და მეუღლე მობრძანდნენ. დედას მორიდებით ვკითხე, შვილი თუ გესიზმრებათ-მეთქი. მე არა, მაგრამ ჩემს ქალიშვილს დასიზმრებია, - უთქვამს, მივედი ღმერთთან, მაგრამ გამიჭირდა, ძალიან ძნელი ყოფილაო. ვისთანაც კი ვთქვი ეს, შეთქმულებივით ყველა მპასუხობდა: მას რომ გაუჭირდა, ჩვენ რაღა გვეშველებაო.
ნათელა კეშელავა


იესო
ჯვარს აცვეს სიმართლისათვის
სიმართლე - მიუღებელი, -
აწამეს - ვითარც მჭედელმა
ლითონი - დაუდნობელი.
ჯვარს აცვეს გოლგოთის მთაზე
ავაზაკებთან - ზიარად.
სისხლი სდიოდა სხეულსა, -
ნაჭედსა ლურსმანს - ტიალსა.
დედის თვალს ცრემლი სდიოდა,
ცა იკაწრავდა პირ-სახეს, -
კვართის - (პერანგი) - სისხლისგან
იღებებოდა ყელამდე.
შემდეგ აკლდამას მიანდეს
ბედი უფლისა ჩვენისა,
მესამე დღეს კი აკლდამა
იყო სხივნათელ ფერისა.
და ცად ამაღლდა - იესო,
უფალი ჩვენის ენისა,
ხალხთა ცოდვების დამხსნელი.
ღმერთო, ეს რა დღე გვეღირსა!!!

თენგიზ თომაძე


ბეჭდვა
1კ1