მერე კი ისეთი რამ თქვა, სასოება ჩამიდგა გულში
მერე კი ისეთი რამ თქვა, სასოება ჩამიდგა გულში
პატრიარქზე ფიქრი რომ დავიწყე, უნებურად გამახსენდა იოანე საბანისძე, საქართველო წმინდანთა დედააო, რომ ამბობს. ფიქრი ფიქრს მიება და მეხსიერებაში ჩვენი დიდი მოღვაწენი ამოტივტივდა, რომლებმაც ნებით "მიდრიკეს საშუებელი" და თავი უფალსა და სამშობლოს მიუძღვნეს, რომელსაც ლოცვაც სჭირდებოდა და საქმეც. ჩვენი ეკლესია თავია ჩვენი სულიერი ცხოვრებისა, პატრიარქი კი თავისი სიწმინდითა და სიყვარულით ჩვენი დამცველია უზნეო და ცოდვებისაკენ მიდრეკილი ცხოვრებისაგან. "დუმილი ოქროაო" და არ მინდა ზედმეტსიტყვაობით შევაწუხო უნეტარესი და უწმინდესი, მაგრამ ერის შვილთაგან სიყვარულისა და მადლიერების გამჟღავნებაც ხომ ღვთივსათნო საქმეა.

ქეთევანი (32 წლის): - ერთ-ერთ გიორგობას ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში წავედი სალოცავად. ის იყო, დაუჯდომელის კითხვა დავამთავრე და ტაძარსაც შემოვლით თაყვანი ვეცი, რომ ვიღაცის ნათქვამი გავიგონე - პატრიარქი გამობრძანდება ტაძრიდანო. უწმინდესისა და უნეტარესის თვალის შევლება ჩემთვის ყოველთვის სიხარულის მომგვრელია და სწრაფად შევუერთდი მომლოდინეთა რიგს. იმდენი ხალხი იყო, პატრიარქთან ახლოს ვერ მივედი და მხოლოდ ის მოვახერხე, რომ მის სამოსს შევეხე კრძალვითა და რიდით. ეს ერთმა მორწმუნე ქალმა შეამჩნია და შენიშვნა მომცა - როგორ გაბედე პატრიარქს შეხებოდიო. მე კი სახარება გამახსენდა, მაგრამ მაინც შევშფოთდი. ახლა მინდა, თუ რაიმე დავაშავე, თქვენი ჟურნალით ვთხოვო უწმინდესს პატიება...

დოდო (57 წლის): - კათოლიკოს-პატრიარქი, ჩემი აზრით, ჩვენი ზნეობისა და სულიერი ცხოვრების წარმმართველია და ერი მას უნდა უჯერებდეს, ყურს უგდებდეს და გულში იმარხავდეს მის სიტყვებს. მე მახსოვს 9 აპრილის ღამე, მაშინდელი პატრიარქი, მისი ცრემლნარევი სიტყვები არ მავიწყდება. იგი ჩემთვის ჩვენი ერის მამაა და ზოგჯერ გული მწყდება... მე ძველი ქართული ლიტერატურის მოყვარული ვარ, ხშირად ვკითხულობ "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას" და განსაკუთრებით ჯავახეთის საეკლესიო კრებაზე ნათქვამი გუარამ მამფლის სიტყვები მჭრის ყურს. ყველაფერი ღვთის ნებაა და უფალმა ჩვენ დიდი სიწმინდით დაგვაჯილდოვა, ერმა უნდა შეიფეროს ეს... კიდევ რა მახსენდება? სამების ტაძარში აღვლენილი პირველი წირვა. მაშინ ტაძარი ჯერ კიდევ დაუმთავრებელი იყო, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვას რომ ვუსმენდი, ძალა მეძლეოდა... გავიფიქრე, თუ ეს ტაძარი დასრულდება, საქართველო ბედნიერი და გამთლიანებული იქნება-მეთქი. ერთი შესრულდა, იმედი მაქვს, ჩვენი სულიერი და ზნეობრივი მოძღვრის ლოცვითა და საქმით ეს მეორეც შესრულდება. და კიდევ, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრების დღეს საპატრიარქოში მოვხვდი - იგი ისეთი ხალისითა და შვებისმომგვრელი სითბოთი იღებდა მისალოცად მიღებულ სტუმრებს, კიდევ ერთხელ გამახსენდა გრიგოლ ხანძთელი - "მხიარულად მესტუმრე".

გიორგი (30 წლის): - მე მორწმუნე არ ვარ, უფრო სწორად, ეკლესიაში ვერ დავდივარ. ვიცი, ეს ცუდია, მაგრამ... პატრიარქი ძალიან მიყვარს, მისი ნათელი სახე მამშვიდებს და იმედით მავსებს. მე იგი მხოლოდ ტელევიზორში მინახავს და როცა გამოჩნდება, ფეხზე წამოვდგები ხოლმე. მისადმი საოცარი რიდი და მოწიწება მიჩნდება. მჯერა, პატრიარქის ლოცვა ფეხზე დააყენებს საქართველოს. უნეტარესის სიტყვის დაუმორჩილებლობა ჩვენი უღირსობაა.

მარიამი (40 წლის): - პატრიარქი, პირველ რიგში, აღმშენებელია. კომუნისტების ანტიქრისტიანული მემკვიდრეობა, როცა ძველ ტაძრებშიც კი ვერ ბედავდნენ შესვლას, რწმენამ შეცვალა. ეს უნეტარესის დიდი ღვაწლის შედეგია. მისმა ლოცვამ მიიყვანა ერი ღმერთამდე. მე პატრიარქი მხოლოდ წირვაზე, შორიდან დამინახავს, მაგრამ მისი ქადაგება სულამდე აღწევს, უფრო ზუსტად, საკუთარ სულში ჩაგახედებს და ხელისგულივით გამოგაჩენინებს საკუთარ შეცდომებს. ერთი ხანობა საშინელი, ღვთის უარმყოფელი ფიქრები მომეძალა და ამის გამო ვიტანჯებოდი. ეს იყო საშინელი სამსჯავროს შიში - ვიცი, რომ იქ უკეთური ფიქრისთვისაც განვიკითხებით. სიონში მივედი, თუმცა გადარჩენის იმედი ნაკლებად მქონდა. პატრიარქმა იქადაგა წირვის შემდეგ და წინასწარმეტყველურად ილაპარაკა ჩემს სულში ჩაბუდებულ ეშმაკეულ ფიქრებზე, მერე კი ისეთი რამ თქვა, სასოება ჩამიდგა გულში - ნუ გეშინიათ, როცა ეშმაკი მოგეძალებათ, ზიარებითა და აღსარებით იძულებული გახდება, თქვენი სხეული დატოვოს, სხვაგვარად სიწმინდეთა წარმწყმედელი თავადაც წარიწყმიდებაო. მას შემდეგ ვცდილობ, შევასრულო მისი კურთხევა და ნელ-ნელა, თანდათან გავთავისუფლდე მტანჯველი ფიქრებისგან...
ბეჭდვა
1კ1