წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ქრისტესმიერნო ძმანო და დანო, ძვირფასო "კარიბჭელებო"
გვინდა, თქვენი ჟურნალით გადმოგცეთ და "კარიბჭის" მკითხველს გავუზიაროთ ის დიდი სიხარული და ბედნიერება, რომელიც ჩვენმა მშობლიურმა სოფელმა განიცადა გასულ მარიამობის თვეში.

ზემო იმერეთში, საწერეთლოში, ორი მდინარის - ყვირილასა და ჯრუჭულას შესართავთან, კლდოვან კონცხზე მდებარეობს სოფელი სარეკი.

თავისი უნიკალური მდებარეობითა და საისტორიო-გეოგრაფიული მინიშნებებით დღეს ჩვენი სოფელი და მისი წარსული ცნობილი მეცნიერების ბატონების გურამ ლორთქიფანიძისა და გურამ ყიფიანის კვლევისა და ყურადღების ქვეშაა მოქცეული. არსებობს ვერსია, რომ სოფელი სარეკი, ყოფილი სახელწოდებით "სარაკე", ანტიკური ნაქალაქარი იყო.

2010 წლის 25 აგვისტო მარადტკბილი მოსაგონარი იქნება ყოველი სარეკელისთვის - ამ დღეს ინება უფალმა ჩვენი სოფლის ტაძრის კურთხევა და ჩვენთვის მოძღვრის დადგინება.

მე-19 საუკუნეში ბერძენ ოსტატთა მიერ აგებული ჩვენი "დედა ღვთისას" ეკლესია ათეისტური რეჟიმის დასასრულს იავარქმნილი და ნახევრად დანგრეული შეხვდა. სოფლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დედა მარიამის ტაძარი ფაქტობრივად ორჯერ აღვადგინეთ: პირველად - 1991 წლის 29 აპრილის დამანგრეველ მიწისძვრამდე და მეორედ - მიწისძვრის შემდგომ. ტაძრის ორივე აღდგენა-აშენების სამუშაოებში მთელი სოფელი, დიდი თუ პატარა, უდიდესი ენთუზიაზმითა და სიყვარულით იყო ჩაბმული. მიწისძვრის შემდგომ ტაძარი ფაქტობრივად ხელახლა აშენდა. უფალმა გამოაჩინა ტაძრის ქტიტორი - უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ჩვენი თანამემამულე ბატონი ნუკრი გაფრინდაშვილი, რომლის საფასითაც ტაძარი ნელ-ნელა მოეწყო ღვთისმსახურებისთვის.

საღვთო ლიტურგია ეკლესიაში ტაძრის კურთხევამდეც აღესრულებოდა. წირვებს ეკლესიაში მამა მალხაზი (ყიფიანი) ატარებდა პერიოდულად. ამავდროულად ჩვენი ეპარქიის წინამძღოლის, მეუფე დანიელის (დათუაშვილი) ლოცვა-კურთხევით, 2006 წლიდან მოყოლებული ყოველ შაბათს ტარდება დედა ღვთისმშობლის პარაკლისი. ჩვენმა მრევლმაც ამ პერიოდიდან დაიწყო ჩამოყალიბება.

და აი, დადგა ნანატრი და საოცნებო დღე მთელი სოფლისა - დღე ტაძრის კურთხევისა - 25 აგვისტო ამა წლისა. საზეიმო განწყობილება სუფევდა მთელ სოფელში. ტაძარი იკურთხა დედა ღვთისმშობლის შობის სახელზე. ქადაგებაში მეუფემ ყურადღება გაამახვილა თითოეული ტაძრის ამოქმედების უდიდეს მნიშვნელობაზე. შემდგომ გულითა და სულით დაგვლოცა და დაგვიდგინა ტაძრის მოძღვარი - მამა ლევანი (კაციტაძე), თბილისის სასულიერო სემინარიაში განათლებამიღებული, ჩვენი სოფლის მოჭირნახულე და სოფლისგანაც შეყვარებული ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ერისკაცობისას ატარებდა ჩვენს ტაძარში დედა ღვთისმშობლის პარაკლისებს.

საზეიმო განწყობილებას კიდევ უფრო გვმატებდა ის, რომ ჩვენი ტაძრის კურთხევის დღე დაემთხვა ჩვენი უწმინდესის ილია II-ის ეპისკოპოსად კურთხევის დღეს - 25 აგვისტოს.

დღესასწაული დამთავრდა ტრადიციული საზეიმო ტრაპეზით.

ვინაიდან ჩვენი მოკრძალებული წერილი გამოქვეყნების შემთხვევაში ჩვენი სოფლის ისტორიის კუთვნილება გახდება, ნება გვიბოძეთ, თქვენი ჟურნალის ფურცლებიდან უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ პიროვნებას, ვინც თავისი შემოწირულობითა და შრომით გამორჩეული ღვაწლი გასწია ჩვენი ტაძრის აღდგენა-ამოქმედებაში. ესენი არიან: და-ძმანი ნუკრი და თამილა გაფრინდაშვილები, ბატონები მამუკა გაფრინდაშვილი, გენადი და გოდერძი აბრამიშვილები, დავით დადუნაშვილი, თენგიზ გაბაძე, დარიალის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის მშენებლობის ხელმძღვანელი გიორგი ყაველაშვილი, კახა გიორგაძე და ტარიელ, თენგიზ და მარინა აბრამიშვილები.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ფარავდეთ მათ და მათ ოჯახებს.

ასეთია, ძვირფასო მკითხველო, მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დადუმებული და 21-ე საუკუნის მე-10 წელს ხელახლა გაცოცხლებული ჩვენი საყვარელი ტაძრის მოკლე ისტორია.

ჩვენს სამშობლოში დღეს უამრავი ტაძარი შენდება, უამრავი ძველი აღსადგენია. ვუსურვებთ ყველას, ვინც ჩვენსავით წლების მანძილზე ელოდება ტაძრის აღდგენასა და ამოქმედებას, მათაც მალე განეცადოთ ის სიხარული, რაც ჩვენმა სოფელმა განიცადა ამ ზაფხულს.

გილოცავთ ყველას - "კარიბჭის" გამომცემლებს, ჟურნალის მთელ კოლექტივს, თქვენს მკითხველსა და სრულიად საქართველოს კარსმომდგარ შობა-ახალ წელს. გისურვებთ მშვიდ ცხოვრებასა და წინსვლას სულიერად გაბრწყინებულ ივერიაში.

პატივისცემითა და სიყვარულით ზვიად აბრამიშვილი,
გიორგი კუპატაძე, ნინო თოდაძე-კუპატაძისა
ბეჭდვა
1კ1