ვზეიმობთ, რადგან გვიხარია, რომ გვყავს შემწე ამქვეყნიური ამაოების დასათრგუნად
ვზეიმობთ, რადგან გვიხარია, რომ გვყავს შემწე ამქვეყნიური ამაოების დასათრგუნად
ამაოა ადამიანთა ცხოვრება და გარჯა თვინიერ უფლისმიერი სიყვარულისა. ადამიანი ადამიანისთვის ნავსაყუდელი და ბიჯგი უნდა იყოს და მაშინ ცხონდება. უფალი მარტოოდენ გაჭირვების დროს კი არ უნდა გვახსენდებოდეს, სიხარულიც და ბედნიერებაც მისგან გვევლინება და დღენიადაგ მადლი უნდა შევწიროთ. საუფლო დღესასწაულები შეხსენებაა იმისა, როგორ დამდაბლდა უფალი და როგორ ეწამა ჩვენთვის... ვზეიმობთ, რადგან გვიხარია, რომ გვყავს იგი - შემწე ჩვენი ამქვეყნიური ამაოების დასათრგუნად. საწუთროს დაუდგრომლობა მაცდუნებელია და ცოდვაა ის კაცი, რომელიც ვერ აცნობიერებს ამას. სიხარული და დიდება კაცთა ცხოვრებისა უფალია და ყოველ ცისმარე დღეს მას უნდა შევევედროთ: "უფალო, მაცხოვნე მე!"

გედეონი (57 წლის): ადამიანის ცხოვრება უამრავი განსაცდელისგან შედგება. განსაცდელი შესაძლოა იყოს ფიზიკურიც, როცა ავადმყოფობისა და უძლურების გამო სასაყვედურო სიტყვები გაგკრავს გონებაში, და სულიერიც, როცა ამპარტავნებით ძლეული ვერ მისულხარ უფლამდე და ცრემლით ვერ მოგინანიებია ცოდვები.

დეიდა მაყვალა გადასარევი ქალი იყო, ჭკვიანი, ლამაზი, გულმოწყალე... ღმერთი უყვარდა, თუმცა იმ საიდუმლოებებს არ ცნობდა, რომელიც აუცილებელია ქრისტიანული ცხოვრებისთვის. როცა ეკლესიაში სიარული დავიწყე, რამდენჯერმე შევთავაზე, წამყოლოდა და მოძღვრისთვის აღსარება ჩაებარებინა. რა მჭირს სააღსარებო, ჩემისთანა უცოდველი ახალშობილიც არ არისო. აღარ ვედავებოდი იმის შიშით, უარესი არ ეთქვა. სიკვდილის წინ მოინდომა ზიარება და მღვდელიც მომაყვანინა. რომ შევედი, ტიროდა და მითხრა - როგორ ვცდებოდი, რომ არ გიჯერებდი, ასე მეგონა, უზარმაზარი ტვირთი მოვიშორე, მაჯლაჯუნასავით რომ მაწვაო. საოცარი რამ მოხდა - ბრწყინვალე შვიდეულში გარდაიცვალა. როცა აღდგომა დადგა, თითქოს მოიხედა და მთელი დღე ილოცა.

რევაზი (40 წლის): ხანდახან, როცა წმინდანთა ცხოვრებას ვეცნობი, რაღაცნაირი ეჭვი და შიში მიპყრობს: წმინდა მამებმა ყველაფერი შესწირეს უფალს - პირადი ცხოვრება, სიმდიდრე და მაინც არ არიან დარწმუნებული, რომ ცხონდებიან, და მე რა იმედი უნდა მქონდეს-მეთქი. ეს ვკითხე კიდეც მოძღვარს და ძალზე დამაიმედებელი პასუხი მივიღე - ადამიანმა იქ უნდა იცხოვროს პატიოსნად და სიყვარულით, სადაც მისი ადგილიაო. როგორც შეგიძლია, ისე უნდა ებრძოლო ბოროტს. გაიმარჯვებ თუ არა, ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, მთავარია, ბოროტება არ მოითმინო და თვალებში არ უყურო. ბოროტებასთან შეგუება ყველას უჭირს, მაგრამ ხმის ამოღება ეძნელება სხვადასხვა მოსაზრების გამო, ეს კი ცხონებამდე ვერ მიგვიყვანს.

სტეფანე (35 წლის): ყველა უნდა აცნობიერებდეს, რომ ეკლესიის გარეშე ცხონებას ვერ მიიღებს. ცხონებისთვის ადამიანი სულ მუდამ გაფაციცებული უნდა იყოს. მართალია, არსებობს უნებლიე ცოდვები, მაგრამ თუ ყურადღებით იქნები, ამ ცოდვებსაც აარიდებ თავს. ერთხელ ეკლესიაში გვიან მივედი, თუმცა წირვა არ იყო დამთავრებული. სეფისკვერის მიღებას დიდი რუდუნებით ველოდები და როცა ავიღე და ვიხმიე, მერე გამახსენდა, რომ ნაჭამი ვიყავი...

ჩემს სოფელში განსაკუთრებით ამაღლებას ზეიმობენ, ამაღლების ტაძარია იქ და იმიტომ. სოფელსაც ეს სახელი ჰქვია. ეს დღესასწაული მინიშნებაა იმისა, როგორ ამაღლდება ადამიანი, თუკი ცოდვებს დათრგუნავს. უნდა დაიმარხო ყველა ის სურვილი, რომელიც ქრისტესკენ მიმავალ გზაზე გადაგეღობება.

მე ისიც არ მომწონს, ჩვენი ახალგაზრდობა ხარბად რომ ეწაფება უცხოეთში სწავლა-განათლების მიღებას. ჩემი ქალიშვილიც იქ ცხოვრობს და ერთხელ რომ დავურეკე და შობა მივულოცე, შობა უკვე იყოო, მითხრა. რა მექნა, არ ვიცოდი, ყველა სიხარული ერთბაშად ჩამიქრა. ადრე თუ რუსეთი იყო მახე და იქიდან ჩამოსულები რუსული სულით "სუნთქავდნენ", ახლა ევროპა და ამერიკა გახდა. ქართული გენისა და საქართველოს ღალატი, გადაგვარება ვერ მიგვიყვანს ცხონებამდე და სულის თავისუფლებამდე.

ირინა (49 წლის): ერთი თახსირი მეზობელი მყავდა - ქურდიც იყო, მემრუშეც და ლოთიც, მაგრამ უფლის გზას შეუდგა, სამი ობოლი გაზარდა და თვითონაც ისე გაკეთილშობილდა, მასთან შედარებასაც ვერ გავბედავ. ზოგიერთი ასეთებს განიკითხავს, მაგრამ რა არის აქ განსაკითხი, პირიქით, არ უნდა გიხაროდეს, თუ შენი თვისტომი წაღმა შემობრუნდა? ეს ისე, სიტყვას მოვაყოლე... რაც შეეხება საუფლო დღესასწაულებს, ერთი ამბავი მახსენდება და იმასაც ვხვდები, რა კარგად გვიცნობს უფალი და რა ზუსტად უწყის ჩვენი სულის დაფარული საიდუმლონი. აღდგომას ხომ ვმარხულობ, მაგრამ ხორცის დიდი მოყვარული ვარ და მართალი გითხრათ, ზოგჯერ გამიჭირდება ხოლმე. ღამისთევაზეც "შეიარაღებული" მივდიოდი, როგორც კი გახსნილდებოდა და ვეზიარებოდი, გარეთ გამოვდიოდი და მივირთმევდი, ალბათ ძალიან ხარბად. ერთხელაც წავიღე ლორი, მჭადი, ყველი და ზიარებისა და წირვის დამთავრების შემდეგ გარეთ გამოვედი. უცებ პარკს ძირი გაეხსნა და ყველაფერი მიმოიფანტა. იმწუთას გული დამწყდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამით უფალმა მოთმინება მირჩია.
ბეჭდვა
1კ1