შემომვედრა, იქნებ მამის ლოცვამ უფრო უშველოსო
შემომვედრა, იქნებ მამის ლოცვამ უფრო უშველოსო
"მოვედით, უგალობდეთ უფალსო," - მოგვიწოდებს დავით წინასწარმეტყველი... ლოცვითა და გალობით ყოველგვარ ზღუდეს გადალახავს ადამიანი. ლოცვა გვწმენდს და ლოცვა გვაახლოებს უფალთან, ლოცვით ვთხოვთ უფალს შეწევნას - შვილების სიკეთესა და ჯანმრთელობას, დედ-მამისა და ახლობლების სიცოცხლეს გამოვთხოვთ. თუ ჩვენი ლოცვა წრფელია და გული - განწმენდილი, უფალი შეისმენს მას... "და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი - შემწე სასოებისა ჩემისა", - ადამიანის სიტყვა მისი დამხმარე ძალაა, ღმერთის სიტყვა ლოცვაა და ლოცვა არის ნათელი...

ლია (დიასახლისი): - ვფიქრობ, ადამიანი ყოველთვის უნდა ლოცულობდეს, რადგან ეს არის დამცავი ათასგვარი ბოროტებით გაჟღენთილ დედამიწაზე. განსაკუთრებული მადლი გადმოდის ეკლესიაში ლოცვის დროს. ლოცვის გარეშე ადამიანი გარეთ არ უნდა გავიდეს და არც შვილები გაუშვას. რომ არა ლოცვა, ახლა დაღუპული სული - სექტანტებს მიკედლებული ადამიანი ვიქნებოდი. რელიგიური ცხოვრებისკენ, ის იყო, პირველ ნაბიჯებს ვდგამდი... ამ დროს გინდა ყველაფერი მალე შეითვისო და მეც ხარბად ვუსმენდი ყველას, ვინც რელიგიაზე დაიწყებდა ლაპარაკს. სამსახურში ერთი ქალი "ამოვიჩემე", რომელიც ისე ლამაზად და "სასოებით" ლაპარაკობდა უფალზე, ყურს და თვალს ვერ ვაცილებდი. მერე შემომთავაზა, ერთ ადგილას წაგიყვან და მიხვდები, რა არის რწმენა და რამდენს სცოდავენ მართლმადიდებლებიო. ამაზე კი შევჩქვიფდი ცოტა, მაგრამ რელიგიაში გაუცნობიერებელმა მისი ნათქვამი ვირწმუნე. ორი დღე ვიფიქრე და ვერაფერი დავასკვენი. შინ ძველთაძველი მაცხოვრის ხატი მაქვს. იმ ხატთან ვილოცე - ღმერთო, მაპოვნინე შენთან მოსასვლელი გზა-მეთქი. მართლა სასწაული იყო - მეორე დღეს მეგობარმა დამირეკა, - ამდენი ხანი რომ მოძღვართან ვერ მიხვედი, რას ფიქრობ, ხვალ სიონში მივდივარ და ჩემს მოძღვართან მიგიყვანო. მოძღვარს გული გავუხსენი - მე ხომ პირველ აღსარებაზე ვიყავი, მაგრამ იმის თქმა დამავიწყდა, თუნდაც გუშინ რას ვფიქრობდი და როგორი დაბნეული ცხვარი ვიყავი. ეს მერე, მოგვიანებით ვთქვი. მოძღვარმა მითხრა, ლოცვამ გადაგარჩინაო. მჯერა, რომ ეს ასეც იყო...

დარეჯანი (პედაგოგი): - ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ჩემი ქალიშვილი თეონა უცხოეთში გათხოვდებოდა. შინიდან გაუსვლელი და მორწმუნე გოგონა იყო, მაგრამ ავსტრიაში სტუმრად წავიდა და იქაურ მამაკაცს მოეწონა. მოგეხსენებათ, საბუთებთან დაკავშირებით რამდენი წინააღმდეგობაა მოსალოდნელი. თეონა და იანუში ისე დაქორწინდნენ, სიძემ მონათვლა ვერ მოასწრო. მალე ბავშვიც გაჩნდა და... თითქოს რაღაცნაირად შეჩერდა ის საქმე, რაც თეონას უპირველესი მოთხოვნა იყო. ერთხელ განერვიულებულმა დამირეკა, - დედა, ფიქრები არ მასვენებს, იქნებ მოახერხო ჩამოსვლა, ბავშვისა და ქმრის მონათვლას თავს ვერ ვაბამო. შვილს ვერ შევბედე, ფული არ მაქვს და გამომიგზავნე-მეთქი, თანაც საკმაოდ შეძლებული ოჯახი გვქონდა, მაგრამ მერე ჩემს მეუღლეს საქმე ცუდად წაუვიდა და რაც გვებადა, ყველაფერი გავყიდეთ... არც ეს ვუთხარი შვილს, არ იდარდოს-მეთქი და ეკლესიას მივაშურე. წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედ ხატს ყოველდღე მუხლმოდრეკით ვევედრებოდი, - მიშველე, გამიადვილე სავალი-მეთქი. ვიზა მალე მომივიდა, მაგრამ ფული არ მქონდა და ვაჭიანურებდი საბუთების გაფორმებას. მალე ისეთი რამ მოხდა, დაჯერება გამიჭირდა... ჩემ წინ ყველა გზა გაიხსნა - ფულიც ვიშოვე და ბილეთიც იოლად შევიძინე - იმ პერიოდში ბილეთებიც არ იშოვებოდა. ჩასვლიდან ერთ კვირაში იქაური რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვარი მოვინახულე, რომელსაც ორჯერ გამოუბრუნებია ჩემი სიძე-ქალიშვილი უკან, მზად არ არიან მოსანათლადო. მონათვლის დრო დაგვინიშნა, მაგრამ ნათლიები არ გვყავდა. ისევ წმინდა ნიკოლოზის ხატს მივმართე და მალე ორი ქართული ოჯახი გამოჩნდა, რომელთაც ჩვენთან დანათესავების სურვილი გამოთქვეს. ეს ყველაფერი იყო კიდეც სასწაული და არც იყო - თუ უფალს მიენდობი, კეთილ საქმეში უთუოდ მოგემართება ხელი.

მართა (27 წლის): - ჩემი ცხოვრება ზიგზაგებით წავიდა. წავიდა-მეთქი ვამბობ, რადგან აწი მაინც მინდა სიკეთე ვნახო. სიკეთეში სიძნელეთა და შეცდომების დაძლევას, ანუ ლოცვასა და ეკლესიურ ცხოვრებას ვგულისხმობ. ვიცი, რომ აქამდე ლოცვით მოვაღწიე - არათუ ჩემი, ჩემი დედობილის, მორწმუნე ქალის ლოცვით მოვედი გონს. დედ-მამამ მიმატოვა, თავ-თავიანთი გზით წავიდნენ, მაგრამ მაინც თავი დაიხსნან შვილთა უარყოფის ცოდვისაგან და მათთვის შვილის ლოცვას ვკითხულობ. მწამს, რომ ლოცვა შედეგს გამოიღებს.

დავითი (გეოლოგი): - ჩემი ცოლი, ისე როგორც უმრავლეს შემთხვევაში ხდება, მორწმუნეა, მე კი მცირედ მორწმუნე. ერთი ლოცვაც არ ვიცოდი ზეპირად... ერთხელ ისეთი რამ შეგვემთხვა, "ვიკადრე" ხატის წინ დადგომა... ბიჭი მოზარდობის პერიოდში ხელიდან გაგვიძვრა და ამან შედეგიც გამოიღო - დაჭრეს და უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში. ჩემი ცოლი შვილის საწოლს არ სცილდებოდა და თან ლოცვას არ წყვეტდა. ერთხელ სასოწარკვეთილი დამხვდა და შემომვედრა, იქნებ მამის ლოცვამ უფრო უშველოსო. ცეცხლი წამეკიდა, შინ მისულმა ცოლის მიერ მოწყობილ ხატების კუთხეს მივაშურე და რადგან არც ერთი ლოცვა ზეპირად არ ვიცოდი, აკანკალებულმა მოვიძიე ლოცვანი. ვიფიქრე, რასაც გადავშლი, იმას ვიტყვი-მეთქი და ვილოცე... ჩემი შვილი ახლა ორი შვილის მამაა.
ბეჭდვა
1კ1