მთელი ოჯახი ჩავებით საეკლესიო ცხოვრებაში და მაშინ გავაცნობიერეთ, როგორი მადლი დაგვაბერტყა უფალმა
მთელი ოჯახი ჩავებით საეკლესიო ცხოვრებაში და მაშინ გავაცნობიერეთ, როგორი მადლი დაგვაბერტყა უფალმა
ჩვენი უგუნურებით ხშირად გვითქვამს, რატომ მომივლინე, უფალო, ეს განსაცდელიო. არადა, განსაცდელს ჩვენ თვითონვე მოვუვლენთ თავს გულარხეინობითა და უსიყვარულობით. უფალი მხოლოდ გვაფრთხილებს, რადგან ჩვენი დაღუპვა არ სურს. ეს რომ ასეა, მთავარანგელოზთა დასიც მოწმობს, რომლებიც ხორციელად და სულიერად გადასარჩენად მოგვივლინა.

დარეჯანი (60 წლის): ღვთის სიყვარულით გამსჭვალულმა ადამიანმა კარგად იცის, რომ ჩვენი სულის ცხონებას უფალი ათასნაირი ხერხითა და საშუალებით ცდილობს - მთავარანგელოზთა მეოხებაც ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ამისა. მთავარანგელოზთაგან ჩვენთვის ყველაზე ახლობელი და ნაცნობი მიქაელი და გაბრიელი არიან, დანარჩენებს ისე ხშირად არ მოვიხსენიებთ, თუმცა ისინიც სდარაჯობენ ჩვენს სულებს. ჩემთვის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები დაბადებასა და სიკვდილთან უფრო ასოცირდებოდნენ, ხომ გაბრიელმა ახარა ღვთისმშობელს, უფალი მისგან რომ იშვებოდა. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ლოცვაც მას ეკუთვნის: "გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა..." მიქელგაბრიელი კი სიკვდილისწინა აგონიისგან გვიხსნის და რაღაცნაირად ერთად მოიაზრება. ეს უფრო ხალხური შეხედულებაა. ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამ მოხდა, რამაც მთავარანგელოზთა დიდ მეოხებაზე ამიხილა თვალი.

უბრალო, მაგრამ თბილი და ტკბილი ოჯახი გვქონდა. შვილები ისე გავზარდეთ, ხმამაღალი სიტყვა არ გაუგონია არავის ჩვენი ოჯახიდან. ბევრი რამ აკლდათ, მაგრამ საყვედურებს არ იყვნენ ჩვეულნი. უფროსმა ბიჭმა ცოლის შერთვა რომ მოინდომა, სიხარულით ცას ვეწიეთ. თუკი რამ გვქონდა, მოვკრიბეთ მე და ჩემმა მეუღლემ და ქორწილიც გადავიხადეთ და, ჩვენი აზრით, ნიშანიც ღირსეული მივართვით, თუმცა მერე გაირკვა, რომ ჩვენი მიტანილი საჩუქრები პატარძალს არ მოსწონებია. თავიდანვე აგვითვალწუნა, - ამას მივხვდით, მაგრამ, აბა, ხმას როგორ ამოვიღებდით?! მერე უკვე აღარ მალავდა ჩვენდამი ზიზღს. ბავშვი რომ ეყოლა, სიხარულით ცას ვეწიეთ, მაგრამ მალევე ჩაგვშხამდა ყველაფერი. ჯერ იყო და, ბავშვის ოთახი არ გვაქვსო და შემოგვთავაზა, სხვა ოთახში გადადითო. საკუჭნაოდ რომ ვიყენებდით, იმ ოთახში შევიყუჟეთ მე და ჩემი მეუღლე. იქაც არ გვასვენებდა... იძულებული გავხდით, ბინა გვექირავა. ერთოთახიანი ბინა ვიქირავეთ. ისე ვიყავი გაოგნებული, ფანჯრიდან არც გადამიხედავს. დილით რომ ავდექი და ფარდა გადავწიე, ჩემს წინ ულამაზესი პატარა საყდარი აღიმართა. ჩავიცვი და წავედი. მთავარანგელოზის სახელობის ყოფილა. მიქაელ მთავაზრანგელოზის მოზრდილი ხატი დაებრძანებინათ. მივედი და როგორც ახლობელს, ტირილით ვუამბე ყველაფერი. რამდენჯერმე ავხედე და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მისმენდა. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ურწმუნო ადამიანებს ნაკლებად გვჯერა ამისი. მაინც გულდამძიმებული დავბრუნდი, ქმარი სამსახურში გავამგზავრე და სადილის კეთებას შევუდექი. კარზე ზარი დაირეკა. არავის ველოდი. კარი გავაღე. მღვდელი იდგა. ვიღაც იკითხა. არ ვიცნობ, ახალი ვარ-მეთქი. უცებ ხატი გამომიწოდა, ამის მადლი გფარავდეთ, ქალბატონო, თითქოს ამან მომიყვანა თქვენთანო. დავხედე - თეთრჩარჩოიანი მიქაელ მთავარანგელოზის ხატი იყო. მისი მადლი მართლაც ბევრ რამეში შემეწია.

გიორგი (35 წლის): ჩვენი ოჯახი მორწმუნე არ იყო. დედ-მამა მდიდარი ოჯახებიდან არიან და მამაპაპისეული ქონებით თავი გაგვქონდა კი არა, რომ იტყვიან, "ვბლატაობდით" კიდეც. გაჭირვება ყველას კარს მიადგება და ღმერთიც და მთავარანგელოზებიც მაშინ გაგვახსენდება. ეს ალბათ აუცილებელია, რადგან სიმდიდრეში ჩაფლულ სულს უჭირს ჭვრეტა. მამამ სმა დაიწყო. ეს ისეთი მოულოდნელი იყო ჩვენთვის, ვერც კი წარმოვიდგენდით, თუნდაც ექვსი წლის წინ რომ ეთქვა ვინმეს. დედამ, საშველი რომ ვერ ნახა, ეკლესიას მიაშურა. მერე მთელი ოჯახი ჩავებით საეკლესიო ცხოვრებაში და მაშინ გავაცნობიერეთ, როგორი მადლი დაგვაბერტყა უფალმა, როცა ასეთი უზრუნველი ცხოვრება და ჯანმრთელობა მოგვცა. ჩემი და ხომ საოცრად შეიცვალა - მანამდე ანჩხლი და ამპარტავანი, ახლა ცდილობდა, ყველაფერი დაეთმო. რომ დავუშლიდით სადმე წასვლას, მორჩილად მობრუნდებოდა და მშვიდად გამოიცვლიდა ტანსაცმელს. მერე ქარგვა დაიწყო. თავდაპირველად ატლასის დიდ ტილოზე მთავარანგელოზთა (ნინო მთავარანგელოზობას არის დაბადებული) ლოცვები ამოქარგა. მთავარანგელოზ რაფაელის (რომელიც არც კი ვიცოდით, რომ სნეულთა მკურნალი იყო) სიტყვები საწოლთან დაიკიდა და დილა-საღამოს ევედრებოდა მამის განკურნებას ლოთობის სენისგან. უფალმა შეისმინა მისი - მე ასე ვთვლი - და მამას ბოტკინი დაემართა. ძალიან მძიმედ იყო, ძლივს გადაიტანა ავადმყოფობა, მაგრამ იმ დღიდან სმა ვეღარ შეძლო. აბა, ავადმყოფობა რა სასიხარულოა, - დედა პატარა ბავშვივით უვლიდა, მის გამო სამსახურსაც დაანება თავი და მატერიალური მდგომარეობაც დაგვიმძიმდა, - მაგრამ მამა დაგვიბრუნდა.
ბეჭდვა
1კ1