როცა სული ზეციური სიყვარულით არის განათებული, ნებაყოფლობით მიდიხარ ამ სიხარულისკენ
როცა სული ზეციური სიყვარულით არის განათებული, ნებაყოფლობით მიდიხარ ამ სიხარულისკენ
ქრისტიანული ასკეტიზმი ერთმანეთისგან განარჩევს ვნებათა რიგს: ხორციელსა და სულიერს. ყოველგვარ ვნებას უნდა ვებრძოლოთ და შევასრულოთ ქრიტიანული მოძღვრება, რომელიც ყველა ეკლესიისთვის საერთოა და რომლის დაცვაც ყველა ქრისტიანს ევალება.

მარიამი (32 წლის): საუკუნეების მანძილზე ქვეყნის ძლიერების ხერხემალი ეკლესია იყო, რომელიც ხშირად უკანა პლანზე მოექცეოდა ხოლმე, რწმენის შესუსტება კი უძლურებისა და უმწეობის ნიშანია. მისი ძირითადი ფუძე, ქვაკუთხედი ქრიტიანული რწმენაა და ისიც ათ მცნებასა და მოციქულთა მოძღვრებას ეყრდნობა, მაგრამ ეკლესიებს აქვთ საკუთარი მოღვაწეობის წესი. შესაძლოა, ერთგან წირვა 9 საათზე იწყებოდეს, მეორეგან - 10-ის ნახევარზე. ვისაც "გრიგოლ ხანთელის ცხოვრება" გვისწავლია, ვიცით, რომ მამა გრიგოლი კონსტანტინოპოლში წაბრძანდა წესთა შესაკრებად. მე ბელგიაში ვცხოვრობ, აქ ცოტა ხნით ჩამოვედი და ჩვენს ეკლესიებს მოვაშურე. ხორციელი პატივი არ გვაკლია, მაგრამ სული ითხოვს უფალთან სიახლოვეს და თუ ამის საშუალება არ გაქვს, წუხილი და მელანქოლია გეუფლება. როგორც კი დრო გამომიჩნდება, სამშობლოში მოვრბივარ, მგონია, ასე უფრო ახლოს ვარ უფალთან. ბელგიაში სამლოცველო გვაქვს. მღვდელი რუსია, არაჩვეულებრივი მოძღვარი და პიროვნება. ის გვაძლევდა ძალას, როცა ჩვენში ტრაგედია ტრიალებდა, დაღუპულ მებრძოლებს პანაშვიდებს უხდიდა, გვანუგეშებდა, სამშობლოსთვის ბრძოლაში დაცემა ყველა მამულიშვილმა უნდა ინატროსო და ამით აცხრობდა ჩვენს მწუხარებას. იმასაც გვეუბნება, საქართველო სიწმინდეებით გამორჩეული ქვეყანაა, ქართველები შინ უნდა დაბრუნდეთ და ამ სიწმინდეებს უპატრონოთო. არ ვიცი, რომელი ტიპიკონი მოქმედებს ამ ეკლესიაში, მაგრამ წესი ასეთია - შაბათ-კვირასა და დიდ დღესასწაულებზე ტარდება წირვა-ლოცვა. როცა ჩვენი ცოდვების გამო წუხილსა და სინანულს შეგვატყობს, მამაო თვითონაც წუხს, მაგრამ ასე გვამშვიდებს: სამშობლოს მოშორებული კაცი თავის თავს არ ჰგავსო. სიხარულის ცრემლს ღვრის, როცა სულიერი შვილების წარმატების ამბავს გაიგებს.

ანდრია (60 წლის): წესიერებასა და წესრიგს ყველგან უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს - ეკლესიაში. შესაძლოა, დავბერდი და ისეთ რამეებზე ვამახვილებ ყურადღებას, რაზეც არ უნდა ვამახვილებდე, მაგრამ ძალიან მაღიზიანებს ეკლესიებში მავანთა დაგვიანებული მოსვლა. კვირადღე უფლისაა და დილით უნდა შეძლო დროზე ადგომა. არც ის მოწონს, ლოცვის დროს რომ გამუდმებული ფუსფუსი და ლაპარაკია. ეს ტიპიკონს არ ეხება, მაგრამ მრევლის აღზრდა აუცილებელია. ყველა ჩვენგანი იხედება მიწიერისკენ; ეკლესიაშიც დავდივართ, ვეზიარებით კიდეც, მაგრამ მიწიერი ცხოვრება გვიყვარს და ეს სავსებით გასაგებია. თუმცა არსებობს ზეციური სიხარული და თუ თავს ღვთის სიყვარულზე ვდებთ, ეს არ უნდა დავივიწყოთ.

ახალგაზრდობაში ბულგარეთში ვიყავი. მაშინ საბჭოთა კავშირიდან გასვლა და მით უფრო მონასტრის მოხილვა ძალზე ძნელი იყო, კიდევ უფრო ძნელი, თუ საქმე ქართულ მონასტერს ეხებოდა. ჩვენმა ჯგუფმა ბაჩკოვოში წასვლა მოითხოვა და მაშინ ვნახე პეტრიწონის მონასტერი. ეს იყო სიამაყე, აღტაცება, რწმენა, სიყვარული - ჩვენმა ყველა საუკეთესო თვისებამ ერთად იფეთქა. თუ მანამდე ჯგუფის წევრთა შორის უთანხმოება იყო, ახლა ერთმანეთი გვიყვარდა და გვესასოებოდა. ასეა, დიდი წინაპარი გზა და ხიდია. აქ ჩამოსული შემთხვევით წავაწყდი წიგნს "ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი". ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ამას კი მივხვდი, რომ ჩვენს წინაპრებს უცხო მიწაზე, რომელიც მათთვის ღვთივკურთხეულად იქცა, მკაცრი სამონაზვნო წესები ჰქონდათ. ერთი პირობა გამიკვირდა კიდეც, ამას როგორ უძლებდნენ-მეთქი და ერთ ნაცნობ ბერს ვკითხე. როცა სული ზეციური სიყვარულით არის განათებული, ნებაყოფლობით მიდიხარ ამ სიხარულისკენო, - მიპასუხა.

გიორგი (30 წლის): ზოგჯერ სიმკაცრე გაღიზიანებს ადამიანს. ეკლესიაში, რომლის მრევლიც ვარ, ზუსტად 9 საათზე შემოსასვლელი კარი იკეტება. ამ დროისთვის სანთელიც და სეფისკვერიც ნაყიდი უნდა გქონდეს. თავიდან ეს წესი გვაღიზიანებდა, მაგრამ მერე შევეგუეთ და წირვაზე აღარავინ აგვიანებს. თუ ვინმეს დააგვიანდება, ეკლესიაში არ შედის.
ბეჭდვა
1კ1