ხეს, მინდორს, ტყეს განა რა უნდა ჩვენგან?
ხეს, მინდორს, ტყეს განა რა უნდა ჩვენგან?
დიდი გრიგოლ ხანძთელი ხელმწიფეებს რომ ესტუმრებოდა, პირველ რიგში ტაოსა და კლარჯეთის ბუნების შესახებ ჰკითხავდნენ. ეს შემთხვევითი არ გახლდათ, რადგან სწორედ ბუნებაა მადლის გამომცემელი და ეს ასე რომ არ ყოფილიყო, წმინდა მამები ვერ შეძლებდნენ უდაბნოს ეშმაკის დამარცხებას. ბუნება და ადამიანი, ისევე როგორც ცა და დედამიწა, წყალი და ჰაერი, ერთ მთლიანობად აღიქმება. ადამიანი ბუნების ნაწილია და მისი ხელყოფით სწორედ რომ საკუთარ არსებობას უსვამს წერტილს. "ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი და შუენიერებაი ველთაი ჩემ თანა არს", - ბრძანებს უფალი და ამით ჩვენ, კაცთ, გვეუბნება, რომ არ გვაქვს უფლება, ჩვენი ნებისამებრ მოვექცეთ ბუნებას.

დარეჯანი (52 წლის): ბუნებაში რომ ადამიანი თავის გადამრჩენს ხედავდეს, უდიერად არ მოექცეოდა. უდიერებას კი ყოველთვის ადეკვატური პასუხი მოსდევს. მე სოფელში გავიზარდე. ბაბუაჩემი უბრალო იმერელი გლეხი იყო და იმხელა ცოდნა ჰქონდა, ალბათ, თანამედროვე მეცნიერს შეშურდებოდა. როცა ცოდნა გაქვს და გესმის გარემომცველი სამყაროს ტკივილი, შენივე საჭიროებისამებრ გამოიყენებ მას. ხეს, მინდორს, ტყეს განა რა უნდა ჩვენგან? - მოვლა, მოფერება და ათმაგად გადაგიხდის სამაგიეროს. ერთხელ მე და ჩემმა ბიძაშვილებმა ჭიანჭველების ბუდე დავწვით, უფრო სწორად, ანთებულ ასანთს ვდებდით პატარა ღრმულებში. ბაბუა თავზე წამოგვადგა და დაგვტუქსა. მერე აგვიხსნა, რატომ არ შეიძლებოდა ეს. ისე დაგვიხატა ჭიანჭველების ცხოვრება, მეორეჯერ როგორ გავეკარებოდით მათ ბუდეებს. ახლახან რომელიღაც მეცნიერის ნაშრომი წავიკითხე ჭიანჭველებზე და გავშტერდი, მეგონა ბაბუაჩემის ნაამბობს ვისმენდი.

დათო (36 წლის): პროფესიით ბიოლოგი ვარ და ვიცი, რომელი მცენარე რას განიცდის, ამა თუ იმ ცხოველს რა სარგებლობა მოაქვს და ა.შ. სწორედ მეცნიერულმა ცოდნამ მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ ბუნებაში უსარგებლო არაფერია. ახლა ერთი ამბავია ატეხილი მგლების მომრავლებაზე. რამ გამოიწვია მათი გააგრესიულება?! მავანი იტყვის, მგელი ყოველთვის აგრესიული იყოო და მართალიც იქნება, მაგრამ მაშინდელ ტყეებში მხოლოდ მგლები როდი დასეირნობდნენ, - ირემიც იყო, კურდღელიც და სხვა ისეთი ცხოველებიც, რომელთაც დამშეული მგელი და დათვი საკვებად იყენებდნენ. ახლა ყველაფერს მუსრი რომ გავავლეთ, იმიტომაც გახდნენ ათმაგად აგრესიულები და იმიტომაც უტევენ ადამიანებს. ტყეს ხომ ისე ვექცევით, თითქოს ჩვენი ქონება იყოს - ვჩეხეთ და ვჩეხეთ, ასწლოვანი ხეები წამოვაქციეთ და მივიღეთ კიდეც შედეგი... ჩვენ რომ შეცდომებზე ვსწავლობდეთ, რა გვიჭირს; ვერც წყალდიდობებმა და ვერც მეწყერმა ჭკუა ვერ გვასწავლა და მალე ალბათ ადამიანი დარჩება უფრინველო და უმცენარო ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, რომელზეც რუსთაველი ამბობდა: "გვაქვს უთვალავი ფერითა".

სანდრო (80 წლის): შენი ქვეყანა თუ გიყვარს, მისი ტყე-ველიც უნდა გიყვარდეს. ქართველები მიწათმოქმედი ერი ვართ. მიწა გვიყვარდა და ვეფერებოდით, ამიტომაც გვქონდა ჩვენი პური და ღვინო, ჩვენი ბაღ-ვენახი... ამპარტავნებას ეწირება ადამიანი, არიქა, სხვაზე ნაკლები სახლ-კარი რატომ უნდა მქონდესო და ჩეხეს ტყე, ყიდეს ჩვენი მამულ-დედული, თუ უცხო ქვეყნებში და თუ ერთმანეთში! გული მწყდება, რადგან ვიცი, რომ ეს სამშობლოს ღალატია, სამშობლოს მოღალატეს კი ძნელად მიეტევება. ჩემი სოფელი მაღალმთიან იმერეთშია. ისეთი სანახავი იყო იქაურობა, თავი სამოთხეში გეგონებოდა - აპრილ-მაისში, მთაში რომ ჯერ ისევ თოვლი იდო, ქვემოთ მწვანედ იმოსებოდნენ ტყემლები, ალუბლები, წაბლი... შემოდგომაზე ხომ ფერებს ვერ დათვლიდი. ახლა თურმე ისე გაპარტახებულია იქაურობა, გეგონება, თურქები შემოესივნენო. ეს რომ დავიჩივლე, ერთმა ჩემმა ნაშიერმა ბუნების მტერი გაამართლა - აბა რა ქნას, სცივა კაცსო. ჩვენ არ გვციოდა? - მამაჩემს ცხრა შვილი ვყავდით! ასე იყო ოჯახების უმრავლესობაში, მაგრამ ნედლ შეშას ვინ შეიტანდა შინ?! მთელი ზაფხული ვაგროვებდით ბავშვები ფიჩხს, ხეს თუ მოჭრიდნენ, აუცილებლად ავადმყოფი ან გამხმარი უნდა ყოფილიყო. ჩვენთან ზამთარი ორთვე-ნახევარი იცის და რად გვინდა შეშის ზვინები... მაგრამ ვინ იცის, ვის ბუხრებში გიზგიზებს ჩვენი მუხა და რცხილა, წაბლი და თუთა... საბჭოთა პერიოდში სამი წელიწადი გერმანიაში ვიცხოვრე და რომ ვუყურებდი, როგორ აშენებდნენ ხელოვნურ ტყეებს, თავი მომწონდა, ეს ყველაფერი ჩვენში ბუნებრივად, თავისით იქმნება-მეთქი...

ელდარი (52 წლის):
ჩემს ეზოში, სოფელში ათასწლოვანი მუხა დგას, ზუსტად ისეთია, ზღაპრის წიგნებში რომ გინახავთ დახატული, უზარმაზარი, ფუღუროიანი. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მუხისგან და გინდაც სხვა ხეებისგან ტოტემი შევქმნათ, მაგრამ ხომ ლამაზია, მისი მოჭრა-მოხერხვა რა სიკეთეს მოგვიტანდა, მით უფრო, რომ მას ახსოვს ჩემი წინაპრები, ახსოვს ისინი, ვინც საუკუნეების წინ დადიოდა ამ არემარეზე... ბუნებისადმი უდიერი დამოკიდებულებით ხომ ღმერთს განვარისხებთ და როცა მის რისხვას მოვიმკით, არც კი ვუფიქრდებით, რატომ მოგვივლინა უფალმა ეს. იქნებ სულაც იმიტომ, რომ მის შექმნილთაგან თუნდაც ერთ-ერთს ვერ გავუფრთხილდით, შეურაცხყოფა მივაყენეთ უძლურს. დროებით უძლურს, თორემ ერთხელაც იქნება, გვეწევა გამძვინვარებული ბუნების რისხვა.
ბეჭდვა
1კ1