წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ღმერთო, სადამდე დავეცი და ადგომასაც არ ვაპირებ!..
ჩემს აგარაში ძალიან მრავალფეროვანი ხალხი ცხოვრობს: მორწმუნე - ურწმუნო, კეთილშობილი - გარყვნილი... მაგრამ ზოგიერთი, ვისაც სახელი აქვს გატეხილი, ჯობია იმას, ვინც ეკლესიაში დადის, მაგრამ ცუდად ლაპარაკობს და ცუდად იქცევა. ის პირველი შეიძლება უფრო გადარჩეს.

ღმერთო ჩემო, თბილისში ვერ ჩამითრიეს ურჯულოებმა ისე, როგორც აგარაში!

ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე და ჩავყევი. ახლა უნდა ამოვიყვანო, ღვთის წყალობით, ჩემი თავიცა და ვინც ამომყვება - ისიც ცხოვრების ამაოების მორევიდან.

ახლა ვკითხულობ: - როგორ დამემართა ეს-მეთქი. და პასუხს ასე გავცემ: - სიყვარულის გამო, იმ ადამიანების სიყვარულით, რომლებიც ჩემ გარშემო არიან. ღმერთო, მომეცი ძალა, რათა შევძლო ყველას სიყვარული... შენ ხომ სიყვარულის ზღვა გაქვს; შენ ხომ შეგიძლია ამ "ზღვით" გვასიამოვნო, მიგვიღო, გაგვაგრილო და ამ "ზღვის" ნაპირზე თუ მასში დაგვასვენო. ხომ შეიძლება, შენი მადლისმიერი სხივებით გავირუჯოთ და ცოტა დავიწვათ კიდეც, მაგრამ არა უშავს. შენი სხივები და სიცხე მომენატრა. ადრე როგორ ვამბობდი შენგან მომდინარე მადლის სხივებზე უარს?! მათი სიმხურვალე მაშინ ძალიან მებევრა. ახლა კი ვიყინები და მცივა. გათბობა მინდა...

ზღვიდან ამოვალ, ქარი ქრის - ცივი, მწარე და სუსხნარევი. წყალში ჩავალ და ისევ მცივა, რადგან მარტო ვარ. ჩემი სულის სითბოს ვერავის გადავცემ, რომ მათგანაც იგივე სითბო მივიღო. იმ სხვამ სხვას გადასცეს, იმან კიდევ - სხვას... და ასე გავათბობთ ზღვას სიყვარულისა, რომ მანაც გაგვათბოს და გვასიამოვნოს. სიყვარულის სითბოს გაზიარება სჭირდება.

უფალი გვიფარავს. ელოდება, როდის ჩავუხტები თავის უშველებელ, ნავივით მორკალულ ხელებში, მაგრამ მე ამ ხელებში თავს მარტო ვგრძნობ და ვტირი. ვტირი იმიტომ, რომ ხალხი არ ჩერდება უფლის ნავში და გარბის. რატომ? უფალს უყვარს ისინი და მეც. ისინი კი ამას ვერ ხვდებიან.

ყველას ყველაფერს ვაპატიებ, მაგრამ უკვე ისე დავუძლურდი სულიერად - ხმის ამოღების ძალა აღარ მაქვს, რომ დავიყვირო - გპატიობთ, მიყვარხართ, ძალიან საყვარელო აგარელებო - დიდო, პატარავ, ჩვილო და დავრდომილო, ქვრივ-ობოლო და ბედნიერო - ყველა, ყველა, სულ ყველა!

და გისურვებთ, თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი. გიყვარდეთ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა. ჩვენი უფალი - ყოვლადწმინდა სამება (ვენაცვალე პატრიარქის დაწერილ წმინდა სამების დიდებულ ხატს - იქიდან დიდი სითბო იღვრება. როგორი წითელი და სიყვარულის ცეცხლით ანთია ეს ხატი). ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც უფლის დედაა და არა მხოლოდ უფლის, ყველას დედაა იგი და მფარველი ქართველთა. ყველა დანარჩენი წმინდანი, რომლებიც ადამიანები იყვნენ და ანგელოზები გახდნენ, და ისინიც, ვინც არასოდეს ყოფილა ადამიანი, მაგრამ უკეთილშობილესი ანგელოზია. დიდება სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ამინ!

პატივისცემით
ურგები და უხმარი მხევალი ღვთისა
ბეჭდვა
1კ1