წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
მადლობა "კარიბჭეს", რომ მომცა სულიერი საზრდო.
ჩემი ხნის ხალხს (60 წელს გადაცილებული ვარ) ათეისტებად გვზრდიდნენ, დღეს კი ყველას შეუძლია იკითხოს საეკლესიო წიგნები, იაროს ეკლესიებში, არ დავმალავ და, ახალგაზრდობა აქეთ მიხსნის და მარწმუნებს ბევრ საკითხში. რა სჯობს ამას?

ახლა მინდა ცოტა რამ მოგითხროთ ჩემი შვილის, გრიგოლ (გიგლა) შავლაძის ამქვეყნიურ ცხოვრებაზე. მან 34 წელი სავარძელს მიჯაჭვულმა გაატარა, მაგრამ ერთხელაც არ წამოცდენია ღვთის საყვედური. პირიქით, სულ ლოცულობდა, კითხულობდა საეკლესიო წიგნებსა და ჟურნალებს. ისეთი კეთილი იყო, რომ მეზობლები "ღვთის შვილს" ეძახდნენ. ტკივილს ჩუმად იტანდა. ერთი "ვაი დედა" არასოდეს წამოცდენია. სიკვდილის წინ ჰქონდა ხილვა, თუ როდის გარდაიცვლებოდა. ღვთისმშობელი გამომეცხადა, ჩემთან იდგა და მიყურებდა. დედა, მე 6 ივნისს წავალ. რუკა მომიტანეს და იქ ეწერა - სიკვდილი ნეტარებააო. არ შეგეშინდეს, დედიო, - მამშვიდებდა. ვიცი, დედა, ჩემთვის როგორ ეწამე. სულ ილოცეო. მე კი, უბედური, ღვთისმშობელს მუხლმოდრეკილი, ტირილით ვევედრებოდი, - რატომ, დედაო, რატომ მერგო ეს მძიმე ჯვარი-მეთქი. ვიგრძენი, ღვთისმშობელმა ჯვარცმული ქრისტესკენ მიმახედა. ჩემს სულში რაღაც მოხდა, მივხვდი, უფალმა გამაძლიერა და მომათმენინა სულიერი ტანჯვა. ესღა ვთქვი - ყველაფრისთვის გმადლობ, უფალო, ალბათ ეს ჯვარი უნდა მეტარებინა-მეთქი. შვილმა თავისი მოძღვარი მოითხოვა - მუხიანის წმინდა მირიანისა და ნანას სახელობის ეკლესიის მღვდელი მამა ანდრია (გელაშვილი). ეზიარა და მართლაც 6 ივნისს მისი წმინდა სული ამაღლდა ზეცად.

მას შემდეგ მუხიანის წმინდა მირიანისა და ნანას სახელობის ეკლესიის მრევლის წევრი ვარ, ჩემი ეკლესია ჩემი სახლია. მადლობელი ვარ ჩემი მოძღვრის, მამა ანდრიასი, ამ ეკლესიის არქიმანდრიტ მამა სერაფიმესი, მამა იოანესი, რომლებიც არ არჩევენ, ვისი სულიერი შვილი ხარ. დიდი სითბოთი და სიყვარულით გესაუბრებიან. გიგებენ და განუგეშებენ. მადლობელი ვარ ამ ეკლესიის მრევლისა, რომელთა თვალებში სითბოსა და სიყვარულს ვხედავ.

დიდი მადლობა მეტეხის ეკლესიის მრევლის წევრს ქალბატონ ცისანა ჩუბინიძეს, რომელიც მხარში ამომიდგა და წამიყვანა მამა აკაკისთან სამკურნალოდ (მაშინ ძალიან ცუდად ვიყავი). დიდი მადლობა "კარიბჭეს"- თქვენ მეხმარებით სულის გაძლიერებაში. მინდა ყველა იყოს ეკლესიური, იწამონ ღმერთი. ღმერთი ხომ სიყვარულია.
პატივისცემით
გულნარა ბახია-შავლაძე


საშინელება და კიდევ საშინელება, სიტყვა ვერ მომიძებნია - საქართველო წალეკა ნარკომანიამ!

მეზობლად მამა-შვილს საწამლავს უკეთებს, დამღუპველს, ერთმანეთისთვის შოულობენ. ნათესავმა ქალმა თავი დაიხრჩო მტკვარში, მორგში იპოვეს. ვერ მოერია შვილს. რაც კი ებადათ, სახლიდან გაიტანა. ეს რაც ჩემს ახლო-მახლო ხდება.

განგაში უნდა ავტეხოთ, გვეღუპებიან ახალგაზრდები. როდემდის უნდა ვიყოთ უბდურებაში? ჩვენი შველა უფლისგანაა, და ეკლესია გვიშველის.

მშობლებო, თავი გადავდოთ შვილებისთვის. ყველა ზომა მივიღოთ.

უფალი მოწყალეა.
თქვენი კეთილისმსურველი


გმადლობთ, რომ არსებობს ეს ჟურნალი. მე მისი მკითხველი ვარ და ყველა ნომერი მაქვს. გურიაში დავიბადე. როგორც ყველა, ჩვენც არაეკლესიურად ვიზრდებოდით, მაგრამ როცა შვილი შემეძინა და გამოვცადე ღმერთის მიერ მოვლენილი სასწაული, შემდეგ ვიწამე ღმერთი. ვარ ქუთაისის ხარების ეკლესიის მრევლი. მეც და ჩემი გოგონაც შაბათ-კვირას დავდივართ ეკლესიაში და ვლოცულობთ, ღვთისმშობელ მარიამს მადლობას ვწირავთ, რომ შეისმინა ჩემი ვედრება და ბავშვი გამიცოცხლა. ეს კი ასე დაიწყო. ჩემი გოგონა 27 დღის იყო, როცა კრუნჩხვებიანი მივიყვანეთ ოზურგეთის ბავშვთა საავადმყოფოში. მთელი მედპერსონალი ფეხზე დადგა, ხერხემლიდან სითხეც გამოუღეს, გადასხმებსაც უკეთებდნენ, როგორ არ აწვალეს ბავშვი, მაგრამ არაფერმა უშველა. მთავარმა ექიმმა. დ. მდინარაძემ, მორწმუნე, კეთილშობილმა პიროვნებამ, გვირჩია მოგვენათლა ბავშვი, იმ ქვეყნად მოუნათლავი არ გაგვეშვა. მართლაც, პალატაში მოვიყვანეთ მღვდელი და ჩავატარეთ ნათლობის საიდუმლოება, შემდეგ მამაომ ლოცვები წაუკითხა და 15 წუთში მოხდა სასწაული - ბავშვმა წამოიტირა და ყველა გაოგნებული დარჩა. იმის შემდეგ ბავშვს არაფერი არა სტკივა, უკვე 7 წლისაა. მადლობა მარიამ ღვთისმშობელს, რომ შეისმინა დედის ლოცვა და გადამირჩინა ჩემი გოგონა.
ლ. ვაჩნაძე,
ქუთაისი
ბეჭდვა
1კ1