მინდა ისე ვიცხოვრო, რომ მეც ვიხილო უფალი
მინდა ისე ვიცხოვრო, რომ მეც ვიხილო უფალი
როცა ღმერთზე ფიქრობ ან ლაპარაკობ, მხოლოდ გულს უნდა მიენდო; ცივი გონებით მსჯელობა ძალზე ძნელი კი არა, შეუძლებელია. მსჯელობა ალბათ შეიძლება, მაგრამ, აი, უფლის შეცნობა კი ნამდვილად გაჭირდება - ვერასოდეს შევიცნობთ მის ნებას, თუ თავს არ დავაღწევთ იმ ჩარჩოებს, გონებას რომ გვიზღუდავს.

ნელი (70 წლის): ახალგაზრდა და ლამაზი რომ ხარ, ქვეყანა შენი გგონია. მე ლიტერატორი ვარ და ხშირად მახსენდებოდა კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები - "ახალგაზრდა ვარ და ლამაზი". მართალი გითხრათ, მეც ასე ვფიქრობდი. ჩემს დროში სილამაზესთან ერთად ქალის პატიოსნებაც ფასობდა და თაყვანისმცემლები ამიტომაც იკლავდენ ჩემთვის თავს. მეც მსიამოვნებდა მათი ყურადღება.

ძალზე ღირსეულ ვაჟკაცს გავყევი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ადამიანურ ბედნიერებას ყოველთვის ახლავს ჩრდილი. წლების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი მეუღლე ჩვეულებრივი ადამიანი იყო, მე კი გაღმერთებული მყავდა. ღმერთისა და ადამიანის შედარება როგორ შეიძლება, მაგრამ ზოგჯერ ირგვლივ მყოფებს ვაღმერთებთ და უფალი გვავიწყდება.

ხშირად გამიგონია, დიდი განსაცდელი შემხვდა და ამის გამო დავიწყე ეკლესიაში სიარულიო. მე ასე არ მომსვლია, ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სულმა გამიწია, საით, თვითონაც არ ვიცოდი, მაგრამ იმას ვხვდებოდი, რომ მხოლოდ ოჯახური ბედნიერებით ვერ ვკმაყოფილდებოდი. თეატრსა და კინოში დავიწყე სიარული. მანამდეც დავდიოდი, მაგრამ ახლა გამოფენასა და სპექტაკლს არ ვტოვებდი. მეგობრებთან ისედაც დავდიოდი და ახლა მოვუხშირე. ამან ოჯახში სიტუაცია დაძაბა, ქმარმა ეჭვიანობა დაიწყო. მერე, ეტყობა, შემამოწმა და მიხვდა, მაგის გამკეთებელი არ ვიყავი...

ერთი სიტყვით, ეკლესიაში მივედი. ვთვლი, რომ ეს უფლის ნება იყო, მე ხომ, ფაქტობრივად, სხვა სამყაროდან მივედი. იქ ისეთი ცნობილი ადამიანები და მათი შვილები ვნახე, გამიკვირდა, მათთან საუბრისას რომ გავარკვიე, რა ეკლესიურად ცხოვრობდნენ. იქ არ არსებობდა საზოგადოებრივი ფენები, ღვთის წინაშე ყველა ერთად თავდახრილი იდგა. ხშირად გამიგონია, ეკლესიიდან რომ გავლენ, ისევ ჩვეულებრივად იქცევიანო. ეს ბუნებრივია, ეკლესიაში ქცევა ხომ განსხვავებული უნდა იყოს. ნამდვილი, უანგარო ურთიერთობა აქ ვნახე. ერთად დავდიოდით ეკლესია-მონასტრების მოსალოცად, ოჯახების დასახმარებლად...

ამქვეყნიური ბედნიერება დამიმთავრდა, ბევრი ახლობელი, მათ შორის ქმარიც, იმ ქვეყნის გზას გაუდგა. სიკვდილი ყველას აშინებს და ვერც იმას ვიტყვი, ახლობლის სიკვდილი ვინმეს უხარია-მეთქი, მაგრამ უფლის სიყვარული რომ გაქვს, ბევრად იოლად დაძლევ განსაცდელს.

გიორგი (57 წლის): მთელი არსებით მიჯაჭვული ვართ მიწიერ ყოფას. იგი ისე გვითრევს, ვერც კი ვხვდებით, ჭაობისკენ რომ მივექანებით. როცა ჩემს მეგობრებთან ამას ვამბობ და სინანულს გამოვთქვამ, მპასუხობენ, ეს ქვეყანაც ღმერთის შექმნილიაო. განა არ ვიცი, რომ ასეა, მაგრამ ღვთის სახელს უნდა დაუქვემდებარო შენი ყოველი მოქმედება - მოწყალება გასცე, სიკეთე თესო... განა ვინ შერჩენია ამ ქვეყანას, ჩვენ რომ შევრჩეთ?

განკითხვა არ შეიძლება, მაგრამ თუკი ჩემი სისხლ-ხორცის საქციელი არ მომწონს და ვიტყვი, დანაშაულია?!

ბიძაშვილი მყავს ალალი, რომ იტყვიან, ზამთარში თოვლს არ გასესხებს. ხუთი-ექვსი სასახლე აქვს. თუ სადმე მოჰკრა ყური, ესა და ეს ადგილი იყიდებაო, ხელიდან არ გაუშვებს. უკვე 70-ს მიაღწია, მაგრამ თავისას მაინც არ იშლის. მილიონერია, მაგრამ ხელში ნიჩბით დგას მუშების გვერდით. შრომა სათაკილო არ არის, მაგრამ ის ამას იცით რატომ აკეთებს? უკეთესად რომ ადევნოს თვალყური, ხომ არ ატყუებენ. ერთხელ გავბედე და ვუთხარი, ეს ცხოვრება როდის დამთავრდება, არავინ იცის და იქნებ ეკლესიაში დაგეწყო სიარული. მშენებლობის ვნებას უფლის სიყვარული გადაფარავდა და შენც თავისუფლად ამოისუნთქავდი-მეთქი. ხელში თოხი ეჭირა და თავში კინაღამ დამკრა. ქვეყნის გულზე არავინ ჰყავს, ცოლი ადრე გარდაეცვალა და შვილი არ დარჩენია. მეტი უბედურება რა უნდა დაემართოს ადამიანს, მარტოობაზე ძნელი რა უნდა იყოს, მაგრამ თავისას ვერ იშლის...

თამარი (35 წლის): მამა რომ გარდამეცვალა, ასე მეგონა, სიცოცხლის აზრი დამეკარგა. ეკლესიური ადრეც ვიყავი, მაგრამ მერე ეკლესია ჩემთვის სულის დამშვიდებისა და სიცოცხლისკენ მობრუნების საშუალებად იქცა. უფლის სახეში, ლოცვებსა და პანაშვიდებში ვჭვრეტდი მამაჩემის სიცოცხლის გაგრძელებას და სულიერ უკვდავებას. მამას არაფერი აკლდა, ყველაფერი ჰქონდა - სილამაზე, განათლება, სიმდიდრე, გვარიშვილობა. ამაყი კაცი არ იყო, მაგრამ, როგორც ბევრ ჩვენგანს, ალბათ, გულში გაჰკრავდა ამპარტავნება. ეკლესიურიც იყო, ღვთისმოშიშიც და მოყვასის მოყვარულიც. მოურჩენელი სენი სჭირდა და სიკვდილის წინ მითხრა, - ვიცი, უფალთან მივდივარ, ლოცვა არ მომაკლოო. მის დანაბარებს ვასრულებ, თუმცა ზედმიწევნით ვერ ვახერხებ - ზოგჯერ საქმეს ვამჯობინებ და მოუცლელობას ვიმიზეზებ. ასეთ დროს მგონია, მამის ანდერძს ვღალატობ და მის სულს რაღაცას ვაკლებ.

მინდა ისე ვიცხოვრო, რომ მეც ვიხილო უფალი.
ბეჭდვა
1კ1