როცა კითხვა "მერე მე რა?" ხდება წარმმართველი, იმ ერის საქმე წასულია
როცა კითხვა "მერე მე რა?" ხდება წარმმართველი, იმ ერის საქმე წასულია
ადამიანის ცხოვრება რამდენიმე ეტაპისგან შედგება - არის ბედნიერი წლები და არის განსაცდელიც. თანაზიარობა ორივე ვითარებისას საჭიროა. თუკი მოყვასის თანამდგომი ხარ, მისი ბედნიერება უნდა გიხაროდეს, ხოლო როცა განსაცდელი მიუკაკუნებს, უნდა ეცადო, მის გვერდით იყო. ერთსულოვნება ანუ მოყვასის ჭირისა და ლხინის გაზიარება ის კარიბჭეა, რომლითაც უფალთან მივალთ.

მარიამი (60 წლის): გურამ ასათიანს აქვს ასეთი ფრაზა: "ქართული სული თანაგრძნობის მაძიებელი სულია". გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ სხვა ერებს თანაგრძნობა აღიზიანებთ ანდა შეურაცხყოფილი რჩებიან ამით, მაგრამ ქართველთა ბუნებაში ამგვარი ძიება, როგორც ჩანს, ისტორიულმა კატაკლიზმებმაც განაპირობა. ჩვენ ერთმანეთი ყოველთვის გვჭირდებოდა და გვჭირდება. მახსოვს, როცა ვინმეს უჭირდა, მთელი სოფელი ერთ მუშტად შეიკვრებოდა და იმ გაჭირვებულს სიტყვით თუ საქმით მხარში ამოუდგებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა - სხვისი ბედნიერებით თუ უბედურებით გახარება-შეწუხება ზედმეტი ტვირთი გახდა.

ამას წინათ ჩემი შვილიშვილის სატელეფონო საუბარს ვუსმენდი. მიყურადება ცუდი ტონია, მაგრამ სხვაგვარად როგორ უნდა მიხვდე, რა აზრები უტრიალებს შენს სისხლსა და ხორცს? ეს კიდევ ერთი მწვავე საკითხია და ბარემ ვიტყვი - ჩვენი მთავარი მესაიდუმლე დედა იყო, ამბობდნენ კიდეც, დედასავით ვერავინ გაგიგებსო. ახლა დედას თითქოს მხოლოდ ის ფუნქცია აქვს, რომ ჩაგაცვას და გაჭამოს. მიზეზი? არ ვიცი და ალბათ, ბევრი ვერ გასცემს ამ კითხვაზე პასუხს. გაუცხოება რომ მოხდა, თქმა არ სჭირდება. ჰოდა, იმ ჩემმა შვილიშვილმა თავის მეგობარ, თანშეზრდილ ქეთის უთხრა, თავი დამანებე, ჩემი თავი გამჭირვებიაო. ლაპარაკი რომ დაამთავრა, ვუთხარი, რა გასაჭირი გაქვს ასეთი, მეგობრის მოსმენა რომ არ იკადრე-მეთქი. გასაკვირი ერთი რამაა, ჩვენს ოჯახში სხვაგვარი მიდგომაა ამ საკითხისადმი და საიდან ასეთი გულგრილობა?..

მერაბი (58 წლის): ვფიქრობ, დღეს ქართველებს ძალიან გვჭირდება ერთსულოვნება. თუკი ჩვენში მოძალებულ ამბიციებს დავთრგუნავთ და სიკეთისა და კეთილ ნიჭთა აღიარებას ვისწავლით, იმ განსაცდელსაც დავაღწევთ თავს, რომელიც უფალმა მოგვივლინა. მეცოდება ის ადამიანი, რომელსაც საქართველოსთვის არ უტირია, არ უფიქრია და მხოლოდ იმით შემოიფარგლება, ყველი ან ხორცი სად იყიდოს. ლუარსაბობა ერთგვარი სენია, რომელიც დღეს განსაკუთრებით მოგვეძალა და მოყვასის გულსა და ფიქრებში წვდომის გზაზე გვეღობება. როცა კითხვა - მერე მე რა? - ხდება წარმმართველი, იმ ერის საქმე წასულია. დღეს ათასობით ლტოლვილი გვყავს. როცა ეს გაუბედურებული ადამიანები აქ ჩამოვიდნენ, თბილისი მოშლილ-შეწუხებული დახვდათ, მათი უბედურებით სვეგამწარებული კი არა, არამედ იმით, არ შეგვაწუხონო. არავის განვიკითხავ, მაგრამ როცა საქმე ჩემს სისხლსა და ხორცს ეხება, როცა ჩვენი სიმცირის მიუხედავად ჭერ- და ილაჯდაკარგული მოყვასი ვერ აგვიტანია, მოვიმკით კიდეც საკადრისს. დღეს განცდათა გამომჟღავნება უკულტურობად მიიჩნევა. რატომ? თუკი გტკივა და გაწუხებს, არ გიხარია, ჩემო თანამემამულევ, მეზობელო და ნათესავო? გეტკინება და გეტკინოს, ეს ხომ შენს ადამიანობაზე მიუთითებს? არ გეტკინება? მაშ, რად დადიხარ ეკლესიაში?

გიული (37 წლის): ერთ რამეს დავაკვირდი და არ დამცინოთ! ქართველებს უცხო მიწაზე უფრო გვიყვარს ერთმანეთი, ვიდრე საკუთარ სამშობლოში. ათი წელი ვიცხოვრე რუსეთში. ვერ გეტყვით, რომ მტრული გარემოცვა იყო, მაგრამ ქართველები ერთმანეთს ვამაგრებდით. ისე, რუსმა არ მოინდომოს, თორემ მთელი რუსეთში მყოფი ქართველობა ვერაფერს გახდება, მაგრამ როცა შენი მოყვასის თანადგომას გრძნობ, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? საქართველო-რუსეთის ომის დროს ისე ერთ მუშტად შეიკრა ქართველობა, იქაურმა მილიციამ თითქოს უკან დაიხია. ღალატი თუ არის? რასაკვირველია. მთლად ღალატს ვერ დავარქმევ, მაგრამ არის "გადაგდება", "მოტყუება"... რუსეთში უამრავი სომეხი და აზერბაიჯანელია და ზოგჯერ მათგანაც გვიწევდა თავდაცვა, თუმცა როცა კავკასიელების ლანძღვა-გინებას უყურებენ, ზოგჯერ ისინიც გვერდით გვიდგებიან. ხშირად მახსენდება კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები: "მუდამ ჩვენს სიმცირეს მივტირით, მაგრამ თუ დიდკაცი გამოგვერია..." დაკორტნის რა მოგახსენოთ, შესაძლოა არ დაგკორტნონ, მაგრამ ისეთ რამეს "გაგიჩალიჩებენ", თავბედს იწყევლი. თუმცა ეს მაინც ერთეული შემთხვევაა, ისე კი, ქართველებს გვიყვარს ერთმანეთი და ბევრ რამეში ერთსულოვანნიც ვართ.

ირმა (34 წლის): ერთსულოვნება ყველაფერში აუცილებელია, მაგრამ ამას თავდაპირველად ოჯახში უნდა მივაღწიოთ. ჯვრისწერის დროს მოძღვარი წარმოთქვამს სიტყვებს: "იყავთ ერთ სულ და ერთ ხორც..." თუ სულიერი სიმტკიცე არ იქნა ცოლ-ქმარს შორის, ისინი ვერც რიგიან შვილებს გაზრდიან და ის ოჯახიც ვერ იარსებებს. რატომღაც მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ღალატი, დაგვიანება, ურიგო ქცევა, მემთვრალეობა ეპატიებათ. სარეცლის სიწმინდის დამრღვევი ქალიც და კაციც ერთნაირად განისჯება. გარდა ამისა, ვფიქრობ, აუცილებელია ერთმანეთის მოსმენა, საოჯახო პრობლემების ერთად გადაჭრა, თანხმობა. როცა ასეთ სულიერ ერთობას დაინახავენ შვილები, დედ-მამის პატივისცემა გაუძლიერდებათ.
ბეჭდვა
1კ1