საკუთარი თავი მაშინ მავიწყდება, როცა ვიცი, ვინმეს უჭირს
საკუთარი თავი მაშინ მავიწყდება, როცა ვიცი, ვინმეს უჭირს
მოყვასის სიყვარული არ არის უბრალო რამ - ეს ღვთიური წადილია. თუკი მოყვასი გიყვარს, ე.ი. დათრგუნვილი გაქვს შური, სიხარბე, ამპარტავნება. დიდი სიყვარული დიდ თანაგრძნობას ქმნის და შენც საკუთარი თავის ზედმეტი სიყვარულისგან, ე.ი. ეგოიზმისგან გათავისუფლებს.

საკუთარი თავის სიყვარული რომ მეტი აქვს ადამიანს, ვიდრე მოყვასისა, ეს უფლისგანაა დაშვებული. "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისიო", - გვეუბნება და ამით გამოიხატება ღვთიური არსი ადამიანის ამქვეყნად მოსვლისა.

ნინო (35 წლის): მოყვასის სიყვარულით გამოიხატება უფლის სიყვარული. "არ განიკითხო", - ბრძანებს უფალი, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, არაფერი ვთქვათ ან საკუთარ თავს არ შევუძახოთ, - ასე კი არა, ისე უნდა მოიქცეო. აგერ, ქუჩაში ჩვენი გულგრილობით გაუბედურებული მოხუცი ან ბავშვიანი ქალი დგას, ხელი გაუწვდია. იქვე ჯიპი ჩერდება. გაპრანჭულ-გათხლაშული ქალი და მამაკაცი გადმოვლენ და ისე ჩაუვლიან, თითქოს იმ ადგილას ჰაერიც კი არ მოძრაობდეს. არავის აქვს სრული ბედნიერებით ტკბობის უფლება, თუნდაც მაშინ, როცა შენს გვერდით ვინმეს შია და წამლის ფული არ აქვს. ვფიქრობ, "შეიცან თავი შენი" ძალზე ახლო კავშირშია მოყვასის სიყვარულთან. თუ საკუთარ თავს შეიცნობ, სხვისი განკითხვის სურვილი ნაკლებად გაგიჩნდება.

მარიამი (60 წლის): არავინ იფიქროს, დღეს ასე ვარ და ხვალაც ასე გაგრძელდებაო. მოყვასის სიყვარული, ალბათ, მაინც გადარჩენის ერთგვარი გზაა. მინდა ცოტა ფილოსოფიურად მივუდგე ამ საკითხს: ჩვენ მხოლოდ ჩვენი შვილებითა და შვილიშვილებით ვართ გარემოცული, ისინი გვგონია ყველაზე უკეთესები, უგონოდ გვიყვარს და მათ ნაკლს ვერ ვამჩნევთ. ფეხი რომ გადაუბრუნდეთ, ღრმა მწუხარებაში ჩავვარდებით. სხვისი განა არ გვტკენს გულს, მაგრამ ბევრად ნაკლებად. ყველამ გულზე დავიდოთ ხელი და ვთქვათ: სხვისი ჭირი ხომ ღობეს ჩხირია?

ერთი მეზობელი მყავს, რძალ-დედამთილი ვერ ეწყობოდა ერთმანეთს და ეს რძალი სულ ჩემთან იჯდა, - სახლში მისვლა მეზიზღებაო. შვილი რომ გაუჩნდა, იძულებული გახდა, შინ დამჯდარიყო და ისე მეზობელ-მეზობელ აღარ ევლო. ისე უჭირდათ, პურის ფული არ ჰქონდათ და რაც შემეძლო, ვეხმარებოდი. დედამთილმა სულ აიყარა გული. ისე, დიდი ეზო და თავისი წილი სახლ-კარი ჰქონდა. მისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი შვილს დარჩა და რიგიანად მოიხმარა. მალე ისე გამდიდრდნენ, აქეთ-იქით არ იხედებოდნენ. ალბათ, იმიტომ, - ვინც გვეხმარებოდა, იმათ ახლა აქეთ არ გვთხოვონ დახმარებაო. ვინ რა საშუალებით მდიდრდება, ვინ იცის და არც მე ჩავძიებივარ, მაგრამ გული კი მწყდებოდა, რომ სალამს ძლივს ამბობდნენ. ასეთი უმადურობა ზოგჯერ მცდარ გზაზე გაყენებს ადამიანს, სიკეთის კეთებაზე გულს აგაყრევინებს, ეს კი მოყვასის, სიძულვილს არ ვიტყოდი, მაგრამ უსიყვარულობისკენ გადადგმული ნაბიჯია. სიკეთე კი უნდა იყოს უანგარო, მაგრამ მერე ამ სიკეთის გამო გული რომ გტკივა, ძნელია.

გიორგი (16 წლის): საკუთარი თავი მაშინ მავიწყდება, როცა ვიცი, ვინმეს უჭირს. ჩემი ძმაკაცები და დედმამიშვილი თავს მირჩევნია. როცა კარგად არიან, თავი ქუდში მაქვს, მაგრამ თუ უჭირთ, ადგილს ვერ ვპოულობ. ეს მაინც არ არის მოყვასის თავდადებული სიყვარული. ახლობელი, მეგობარი და დედმამიშვილი ყველას უყვარს. ჩემს თავს ხშირად ვადარებ გურამ რჩეულიშვილს. არა, ნიჭიერებით არა, - მაგას როგორ გავბედავ! - თავდადებაზე ვლაპარაკობ. მისი პიროვნებით მას შემდეგ დავინტერესდი, სკოლაში "ნელი ტანგო" რომ გვასწავლეს. დედამ მითხრა, თვითონაც ასე დაამთავრა სიცოცხლე. ოღონდ ცოლ-შვილი კი არა, სრულიად უცხო ადამიანი გადაარჩინაო. მე თუ მოვიქცეოდი ასე? რომ წარმოვიდგენ, ალბათ, კი-მეთქი, ვამბობ, მაგრამ ადამიანმა არასოდეს იცის, როგორ მოიქცევა კონკრეტულ სიტუაციაში.

თამარი (40 წლის): მოყვასის სიყვარული გამოიხატება ყველაფერში - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, თანადგომაში... ზოგჯერ ადამიანი იღლება და შესაძლოა, იმდენი ყურადღება ვერ გამოავლინოს, რამდენიც გჭირდება, მაგრამ ზოგჯერ გული გეტკინება, უპატიოდ რომ გექცევიან.

მამაჩემი ექიმი იყო. დაღლილ-დაქანცული რომ მოვიდოდა და დედა საწოლთან მიუტანდა ყავას, ტელეფონის ხმას მოჰკრავდა თუ არა ყურს, იკითხავდა, ხომ არავის უჭირსო. ყველაზე მეტად ჩვენ გვიჭირდა - შინ ვერ ვხედავდით და ოთხი და-ძმა დედას ვიყავით მიჩერებული - მას უნდა მოეტანა ბაზრიდან სანოვაგე, მერე საჭმელი მოემზადებინა და ა.შ. ერთხელ უსაყვედურიათ, ყველა გიყვარს, შვილების გარდაო. მამის პასუხი ასეთი იყო - შენი შვილი რომ მოხვდეს საოპერაციო მაგიდაზე და მშველელი არავინ ჰყავდეს, რას იტყვიო?

მამას გული გაუსკდა, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. ახლა ვფიქრობ, ადამიანთა გაჭირვებამ გატეხა წელში. მძიმე წლები რომ იყო, მაშინ ბევრს ნერვიულობდა - ხალხს ფული არ ჰქონდა, ექიმებს - პრეპარატები და იძულებული ხდებოდნენ, ოპერაცია შეეჩერებინათ, სანამ პატრონი ფულს იშოვიდა და წამალს იყიდიდა. ერთხელ ატირებული მოვიდა შინ - 15 წლის ბიჭი აპენდიციტის სასწრაფო საოპერაციოდ მაგიდაზე დავაწვინე, მამამისი კი, ინტელიგენტი კაცი, სამათხოვროდ გავუშვი, რადგან ოპერაციის შემდგომ გამოსაყენებელი პრეპარატები არ გვქონდაო.

როგორ ისვენებენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი ამბიციების დასაკმაყოფილებლად მოყვასს ასეთ გაჭირვებაში აგდებენ?
ბეჭდვა
1კ1