რა მაქვს მოსანანიებელი-მეთქი. სწორედ ის, რომ მასზე უკეთესი გგონია თავიო
რა მაქვს მოსანანიებელი-მეთქი. სწორედ ის, რომ მასზე უკეთესი გგონია თავიო
ადამიანმა საკუთარი თავი სიკეთისკენ უნდა მიმართო, სიავე და ბოროტება შენში უნდა დაინახო და არა სხვაში. ამაში კი რწმენა გვეხმარება, რწმენა უფლისა, რომელიც გვასწავლის ცხოვრებას. ობივატელი იკითხავს, კი მაგრამ, ურწმუნო ადამიანმა არ იცის, როგორ იცხოვროსო? რა თქმა უნდა, იცის, მაგრამ მის ცხოვრებას უფლისმიერი მადლი აკლია. ადამიანურობა საჭიროა, უფალიც ხომ ადამიანად იქცა, მაგრამ არ გწამდეს შემოქმედი, პატივი არ სცე შენს გამჩენს, არ გწამდეს, რომ მისი ხატი და მსგავსი ხარ, სასიქადულო არ არის.

მანონი (60 წლის): არ ვაპირებ, ვინმეს ჩემი შეხედულება მოვახვიო თავს, მით უფრო, რომ კომუნიზმის წნეხგამოვლილებს არ გვესწავლება, როგორ ოსტატურად შეიძლება დაარწმუნო ადამიანი ღმერთის არარსებობაში. ისე, ახლა რომ ვაკვირდები და ვიხსენებ იმ დროს, თან მეცინება, თან მეტირება - რამდენს ერჩია, მაიმუნისგან ყოფილიყო წარმოშობილი, ვიდრე ღვთის ხატად შექმნილი! მართლმადიდებლობა ისეთივე თავმდაბლური რელიგიაა, როგორი თავმდაბალიც თვითონ უფალი იყო. იგი ძალით არავის ახვევს თავს თავის მოძღვრებას. ის კი არა, მეუღლე მყავდა არაეკლესიური და ამის გამო მოძღვარს შევჩივლე, აღსარებაში კი არა, ისე, უბრალო საუბარში. ისიც ვერ დავმალე, რომ ეკლესიაში ვერსიარულის გამო ვეჩხუბე კიდეც. მოინანიეო, - მირჩია. რა მაქვს მოსანანიებელი-მეთქი. სწორედ ის, რომ მასზე უკეთესი გგონია თავიო. მაშინ ნაწყენი წამოვედი, ახლა კი ვხვდები, რომ დაძალებით ადამიანს შეიძლება ღვთის საგმობი აზრიც მოუვიდეს თავში და ეს ცოდვა შენზეც გადმოდის.

სიმონი (54 წლის): სჯობს ათეისტი იყო, ვიდრე ისეთი "სიბრძნე" აფრქვიო, დღეს რომ აფრქვევს ზოგიერთი.

საბჭოთა პერიოდში ბელგიაში გამიშვეს მივლინებით. ის დრო იყო, როცა ირყეოდა საბჭოეთის კედლები, თორემ ვინ მაღირსებდა... იქაურები გულღია და გულწრფელი ხალხია. ერთ-ერთმა, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი, შინ მიმიწვია. უშვილო ცოლ-ქმარი იყო და მარტოობას სტუმრებით ივსებდნენ. ლაპარაკი რელიგიაზე ჩამოვარდა. მკითხეს აღმსარებლობა. როცა ვუპასუხე, ერთმანეთს გადახედეს. მიზეზი ვკითხე, რატომ გაიკვირვეთ-მეთქი. მართლმადიდებლობა ჩამორჩენილობას ქადაგებს, თქვენ კი განათლებული კაცი ბრძანდებითო. გამეღიმა, მაგრამ ეს უფრო სიმწრის ღიმილი იყო. დიდხანს და თავდადებით ვუხსნიდი მართლმადიდებლობის არსს. ისიც ვუთხარი, რომ ადრე ყველანი მართლმადიდებლები იყვნენ. შევატყვე, ბევრი ვერაფერი გაიგეს, უფრო სწორად, გულთან არ მიიტანეს, მაგრამ მე ჩემი ვალი მოვიხადე. მერე ვკითხე, კი მაგრამ, როცა რაიმე გიჭირთ, ვის მიმართავთ, ვისი იმედი გაქვთ-მეთქი. სოციალური სამსახურებისო. ადამიანი მოკვდავი არსებაა, სიკვდილის შემდგომ სად აპირებთ წასვლას-მეთქი, - ახლა აქედან ვცადე მათი დამუნათება. ამაზე არ გვიფიქრიაო. მოკლედ, არაფერი გამომივიდა.

კარგი ცხოვრებააო, იტყვიან ხოლმე ევროპულ ცხოვრებაზე. მართლაც ასეა გარეგნულად - ჩვენზე ბევრად უზრუნველი ცხოვრება აქვთ. მაგრამ მე ამასთან დაკავშირებით "დათა თუთაშხიადან" ერთი ადგილი მახსენდება - ვირთხების გამოყვანაზე რომ ელაპარაკება "მწვრთნელი" დათას და მოსე ზამთარაძეს. ერთ-ერთი წესი ვირთხის სიმაძღრით გამოყვანაა. ერთი და იგივე საკვები რომ მობეზრდებათ, ერთმანეთს დაერევიან. კარგმა ცხოვრებამ ფიქრს გადააჩვია იქაურები. რასაკვირველია, ყველაზე არ ითქმის, იქაურ მართლმადიდებლურ ტაძარში უამრავი მოქცეული გერმანელი და ფრანგი მინახავს. ერთმა მითხრა, სწორედ სიკვდილზე ფიქრმა მომიყვანა ამ ტაძარში, მივხვდი, ჩემი ეკლესია ვერ მაძლევდა სულიერ საზრდელს და სასუფევლამდე ვერ მიმიყვანდაო.

ალექსანდრა (72 წლის): მე რუსი ვარ, მაგრამ ჩემი სამშობლო საქართველოა, ჩემი საყვარელი ადგილი კი ეკლესია. უფრო ქართულ ტაძრებში დავდივარ. განა რუსულს უარვყოფ, მაგრამ მიჭირს იქ სიარული. ძალიან მეცოდება ის ადამიანი, ვისაც რწმენა არ აქვს. ახლა კი ძალიან მეშინია, რომ ღმერთმა არ დაგვსაჯოს. რუსებმა ავტოკეფალია რომ გაუუქმეს ქართულ ეკლესიას, იმაზე მტკიოდა გული. წინაპრების ცოდვები ჩვენზეც გადმოდის, შესაძლოა, პირდაპირ არა, მაგრამ შთამომავალმა წინაპრის ცოდვა უნდა გაიაზროს და სინდისმა დატანჯოს. ახლა იმის მეშინია, ამ გოგო-ბიჭებმა ეკლესია რომ შეურაცხყვეს. ამას წინათ რადიოს ვუსმენდი. ჟურნალისტი ეკითხება ერთ-ერთ მოქალაქეს, - ეტყობა მორწმუნე იყო ის ქალი, - ძალადობაზე რა აზრის ხართო. რასაკვირველია, ეკლესია იგულისხმა. მერე მოაყოლა კიდეც - მღვდელმა აგრესია უნდა გამოიჩინოსო?! მღვდლისას რომ გამადიდებელი შუშით უყურებენ, ჩვენ რომ შეურაცხგვყოფენ, არაფერია? აქვთ კი ამის უფლება? თუ ამის შესახებ ხმა ამოვიღე, კიდევ მე უნდა დავისაჯო?

ცუდია, რომ არაფერი გწამს, მაგრამ კიდევ უფრო უარესია, ასე გაუკუღმართებულად რომ აზროვნებ.

მარგალიტა (72 წლის): ვერასოდეს ვიგებდი ათეიზმის ანუ, ჩვენს ენაზე, ურწმუნოების არსს. სრულიად ახალგაზრდას გარდამეცვალა ქმარი, შვილი არ დამრჩენია. არ გავთხოვდი იმის შიშით, საიქიოს ჩემს ქმარს ვერ შევხვდები-მეთქი. იმქვეყნიური ცხოვრების რწმენა მხოლოდ ცხოველს არ აქვს, არავის შეურაცხვყოფ, ისე, ჩემთვის ვაკეთებ ხოლმე დასკვნას.
ბეჭდვა
1კ1