ეკლესიაში კი შევდიოდი, მაგრამ მხოლოდ სანთლებს ვანთებდი
ეკლესიაში კი შევდიოდი, მაგრამ მხოლოდ სანთლებს ვანთებდი
უფლის შეცნობა, მასთან მიახლოება მღვდელმსახურების გარეშე ძნელი, მეტიც, მიუღწეველია. "კლდეთა ზედა აღმამაღლე მე, მიძღოდე მე", - ეს ყოველივე მხოლოდ აღსარებითა და ზიარებით არის შესაძლებელი. უფალს ყველა ერთნაირად ვუყვარვართ და ჩვენს დათრგუნვილ სულებს ურწყულ და უგზო უდაბნოდან გამოიყვანს, "რათა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებანი მისნი და მცნებათა მისთა გამოიძიებდენ..."

ოთარი: დიდხანს მეგონა, რომ ეკლესიაში სიარული საჭირო არ იყო, ისედაც შემეძლო მორწმუნე ვყოფილიყავი. ეს იმანაც განაპირობა, რომ კომუნისტურად გვზრდიდნენ. ჩემი დედ-მამა პედაგოგები იყვნენ, ამიტომაც მალავდნენ მორწმუნეობას. ისე კი, პირჯვარს გადაიწერდნენ და ღმერთს მიმართავდნენ ხოლმე. მერე, როცა უკვე არავინ გვსჯიდა ეკლესიაში სიარულისთვის, რამდენიმეჯერ მივედი, მაგრამ სამსახურში ჩემი დაწინაურების საკითხი დადგა და ამისთვის პარტიაში უნდა შევსულიყავი. მეც ეკლესიაში სიარულს პარტიული გზით სიარული ვარჩიე. ახლა კი ვიცი, რა ამაოა ყველაფერი - ის ჩემი პარტიულობა შარშანდელი თოვლივით რომ შემომადნა ხელში, მაშინ მივხვდი ამას. მაინც კარგა ხანს ვერ დავუდე გული ეკლესიურ ცხოვრებას, გამიჭირდა შეჩვეულზე უარის თქმა, კი შევდიოდი, მაგრამ მხოლოდ სანთლებს ვანთებდი, მართალი გითხრათ, ამასაც შვილების ხათრით ვაკეთებდი. რატომ? - ისეთი დრო წამოვიდა, ღმერთის შიშით თუ დაიფარავდი მოზარდს და მეც აღზრდის წინაპართა "მეთოდი" მოვიშველიე. ჩემი შვილები მართლა გახდნენ მორწმუნეები და წირვა-ლოცვას არ აკლდებოდნენ, მეც გავყევი ერთი-ორჯერ, მაგრამ კინაღამ სული გავაფრთხე, ფეხზე დგომისგან ჯერ მუხლები დამიბუჟდა, მერე ხველება ამიტყდა და ცივმა ოფლმა დამასხა. შემრცხვა და გარეთ ვიდექი დიდხანს. იქ მყოფებს გამოველაპარაკე და მითხრეს, თავიდან ჩვენც ასე გვემართებოდაო. მერე, სამსახური რომ დავკარგე, რა მეკეთებინა, არ ვიცოდი და ისე, დროის გასაყვანად დავდიოდი ეკლესიაში. ნელ-ნელა შევეჩვიე იქაურობას და ასე გავხდი მრევლის წევრი. ახლა წირვა-ლოცვა ერთხელაც რომ გამოვტოვო, მთელი კვირა მოშხამული ვარ. ვიცი, ყველაფერი, რაც შემემთხვა, ღმერთმა დაუშვა ჩემთვის, ჩემი სულისთვის.

თამარი: სანამ წირვა-ლოცვის მადლს შეიცნობდე, რამდენიმე ეტაპის გავლაა საჭირო. ეკლესიაში როგორ არ დავდიოდი, ბავშვობიდან დავყვებოდი ჩემს ნათლიას, მორწმუნე და ღვთისმოსავ ქალბატონს, მაგრამ ერთმა შემთხვევამ კინაღამ მიმატოვებინა ყველაფერი. შარვლით მივედი და ერთმა ქალბატონმა 13 წლის გოგონა ისე გამომლანძღა იმდენი ხალხის თანდასწრებით, გაოგნებისა და წუხილისგან კინაღამ წავიქეცი. არავინ გამომექომაგა და ვიფიქრე, მორწმუნეები რომ იყვნენ, როგორ არ დამიცავდნენ, აქ ფეხს აღარ შემოვდგამ-მეთქი. საქმეში ისევ ნათლია ჩაერია და მოძღვართან მიმიყვანა. მისმა სწორმა დარიგებამ, ფსიქოლოგიურმა მიდგომამ ისევ შემომაბრუნა და ახლა ჩემთვის ეკლესია და ღვთისმსახურებაზე დასწრება ისევე აუცილებელია, როგორც ჰაერი. თუმცა ერთი რამ მაინც მინდა ვთქვა და არა გაკილვისა და განკითხვისთვის, არამედ თანაგრძნობისთვის - ზოგჯერ წირვისას ისეთ აქტიურ საუბარს გაიგონებ, მართლა მოგინდება შენიშვნის მიცემა და მიმიცია კიდეც, თუმცა უმალვე ჩემი თავი მახსენდება და იქვე ბოდიშს ვუხდი, განსაკუთრებით მოსაუბრე ახალგაზრდა თუ არის.

დოდო: ვის შეუძლია დაიკვეხნოს, რომ წირვა-ლოცვის დაუსწრებლად მიაღწევს სულიერ სიმაღლეს და მოიპოვებს სასუფეველს. ასე იეღოველები ამბობენ, თუმცა მგონი მაგათაც აქვთ რაღაც თავისებური შეკრებები. სახარება და გალობა თუ არ მოვისმინე, ისე როგორ ვიცხოვრო? წირვა და ლოცვა უფალთან და წმინდანებთან ლაპარაკია, შენი ცოცხლებისა და მიცვალებულების გახსენებაა და აბა, როგორ შეიძლება, ამას თავი აარიდო, არ გინდოდეს? ისე, პირველად მეც მიჭირდა, ვწრიალებდი, ვშფოთავდი, ეტყობა, სხვებსაც ვაწუხებდი, იმიტომ, რომ ზოგი ლოცვაშია დანთქმული, ღმერთს ხედავს, ღმერთისა ესმის და ამ დროს რომ ხან ერთ ფეხზე შედგები მამალივით და ხან მეორეზე, როგორი მოსათმენია! მერე წავიდოდი და დავჯდებოდი. ერთხელ ასე ვიჯექი მთელი წირვა და ვიგრძენი, როგორ მომეკიდა ძილი... ჩემ წინ კი ასე 80 წლამდე გალეული დედაბერი იდგა და ერთხელ არ გატოკებულა. სირცხვილით დავიწვი, ახლა მჯერა, რომ სირცხვილიც ღმერთმა მომივლინა, თორემ ისეთ გუნებაზე ვიყავი, ვფიქრობდი, აქ აღარ მოვალ-მეთქი. მერე მორწმუნე ბებიაჩემის ნათქვამი გამახსენდა, ერთ თავის ახლობელზე ამბობდა - იმდენი ქნა ეშმაკმა, წირვიდან გაიყვანაო.

რამაზი: ყოველი ზიარება წმინდა ნაწილებთან, თვით ქრისტესთან შეერთებაა და ეს ჩვენთვის ცხოვნების მომნიჭებელია. თუ წუთისოფლის ხმაურიან ცხოვრებას მიეცემი და სულიერი სიმშვიდისკენ არ წახვალ, დაიღლები და დანამცეცდები, საშინელ ცოდვებს ჩაიდენ და სამუდამო სატანჯველს მიეცემი. მერე ძნელია შეჩერება... ყოველ წირვა-ლოცვაზე ახალ-ახალ ცოდნას ვიძენთ და შესაბამისად, ახალ-ახალ ცოდვებს ვარიდებთ თავს. უფალი გვეუბნება - გამომიძიეთო და უფლის სწორედ ასეთი გამოძიება-შეცნობა ხდება წირვა-ლოცვაზე. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ვახერხებ წირვაზე დასწრებას, მაგრამ სურვილი რომ გაქვს და გწყურია, ალბათ ესეც დიდი მადლია. უფალი ჩვენს გულს ხედავს და არა მარტო ჩვენს ქცევებს. ისე, არც მარტო წირვა-ლოცვაზე რეგულარული დასწრება უშველის ადამიანს, თუ ის არ დაიმარხე, რასაც იქ გაიგონებ - ზოგი ღვთისმსახურთ კილავს, საკუთარი სულის განჩხრეკა კი ავიწყდება. ქრისტეს უღელი უმწიფარ გონს მძიმე ეჩვენება...

სოფიო: როცა წირვა-ლოცვისგან განშორებაზე ავლაპარაკდებით, მოვიგონოთ იგავი უძღები შვილისა. საით წაიყვანა უძღები და ამპარტავანი, ყმაწვილური დაუკვირვებლობით აცუნდრუკებული შვილი მამისეული სახლისგან განშორებამ? ჩვენც იქით გვაქვს გეზი, თუკი ეკლესიას და წირვა-ლოცვას, უფლის სიტყვას განვეშორებით.
ბეჭდვა
1კ1