მამის პატიოსნება იყო ის საზღაური, რომელსაც ჩვენი ოჯახი ყოველ წუთს იღებდა
მამის პატიოსნება იყო ის საზღაური, რომელსაც ჩვენი ოჯახი ყოველ წუთს იღებდა
გული არ უნდა დაგვწყდეს, თუკი მადლი ვქენით და სამაგიერო ვერ მივიღეთ. განა ჩვენ კი ვემადლიერებით უფალს იმ დიდი სიკეთისთვის, რომელსაც გარდამოგვივლენს? ალბათ, უფალიც როგორი გულდაწყვეტილია ჩვენგან - ურჩი და უძღები შვილებისგან. სიკეთე არ იკარგება, მისხალ-მისხალ იწონება და აუცილებლად წინ დაგვხვდება.

არჩილი (49 წლის): სიკეთისთვის საზღაური თუ მოითხოვე და ადამიანს ორმოში ჩავარდნილ მეფესავით ათქმევინე - რა გამოვიდა! ყოველ სიკეთეს, რომელსაც ვაკეთებთ, ღმერთი ხედავს, ჩვენი უანგარობის საზღაური ზეცაში მოგველის. ისე, ადამიანები სხვადასხვაგვარად ხედავენ სიკეთეს. ხომ გახსოვთ სულხან-საბა. ერთი პერსონაჟი ამბობს, სიკეთისათვის სიკეთე ვის უქნიაო, მეორეს კი სჯერა, რომ სიკეთე დაფასდება. ზოგიერთი ჩვენგანი ცხოვრებაზე გულგატეხილია, მართლაცდა, რამდენი ღირსეული ადამიანია დაჩაგრულ-დაბეჩავებული, პატიოსნება თითქოს მძიმე ტვირთია, მაგრამ თუ ამას ღვთის კანონებით მივუდგებით, ადვილი გასაგებია, რომ ისევ პატიოსნება სჯობს.

სულ ახალგაზრდა, 18 წლის ვიყავი, მამა რომ მოგვიკვდა. დედაჩემი 36 წლის იყო, ძმა - 12-ის. მამა ვის არ უყვარს, მაგრამ ჩემთვის უმისოდ სამყარო დაცარიელდა. შეყვარებული მყავდა, მაგრამ იმასაც ვერ ვხედავდი, საშინელი ფიქრები მიტრიალებდა ტვინში. ჩემი ძმაც არ იყო უკეთეს დღეში, მაგრამ ამდენს ვერ აცნობიერებდა. დედაჩემი მორწმუნე ქალი იყო და ჩვენც რწმენით გვზრდიდა, მაგრამ მამის სიკვდილმა ჩემი ცნობიერება შეცვალა - ღვთის სამართლიანობაში ეჭვი შემეპარა (მომიტევოს უფალმა!). დედაჩემი ეკლესიით ცხოვრობდა - ყველაფერს აკეთებდა მამის სულისთვის. ოდნავადაც არ შემდრკალა, ოთარაანთ ქვრივს დაემსგავსა, ოჯახისთვის და ჩვენთვის საჭირო ნივთს ყიდულობდა, სახლის რემონტიც წამოიწყო. მაშინ ვერა, მაგრამ ახლა ვხვდები, - ამით სიცარიელეს ებრძოდა. ერთხელ შევესწარი, როგორ მწარედ ტიროდა, თუმცა ჩემს დანახვაზე ცრემლი მოიწმინდა.

ახლა ამხელა ამბავი იმიტომ მოვყევი, რომ მამის პატიოსნება იყო ის საზღაური, რომელსაც ჩვენი ოჯახი ყოველწუთს იღებდა. სადაც უნდა წავსულიყავი, ყველგან წინ მხვდებოდა, - შენ ზაზას ბიჭი არ ხარო? - მკითხავდნენ და ყველა საკითხი გვარდებოდა, უსიტყვოდ მენდობოდნენ. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მამაჩემი თან დამყვებოდა. ხანდახან მიფიქრია, ცოცხალი რომ იყოს, ალბათ მეტს ვერაფერს გამიკეთებდა-მეთქი.

ციური (57 წლის):
სიკეთეს რომ აკეთებ, საზღაური არ უნდა მოითხოვო, მაგრამ ადამიანებს გვიჭირს უმადურობის ატანა. ასე ვერ ავიტანე რძლის უმადურობა და ხმა ამოვიღე. მერე ჩემი ეს ლაპარაკი გახდა ოჯახის დანგრევის მიზეზი. იქნებ ისედაც დანგრეულიყო, მაგრამ მე რომ თავი შემეკავებინა, აჯობებდა. გულისტკივილს ვერაფერს ვუხერხებთ და ალბათ ესეც არის ჩვენი მოუზომლობის მიზეზი. თავს როდი ვიმართლებ, მაგრამ წელებზე ფეხს ვიდგამდი, ერთი ბიჭი მყავს და მინდოდა, მის ცოლ-შვილს არაფერი მოჰკლებოდა, სამაგიეროდ კი სიძულვილისა და ლანძღვა-გინების ატანა გამიჭირდა. იქნებ, ილიას თქმისა არ იყოს, დედაშვილობაშიც არის ორი თვალი?..
ბეჭდვა
1კ1