ისეთი რამ მითხრა, მივხვდი, ოდესღაც როგორ გავამწარე მშობლები...
ისეთი რამ მითხრა, მივხვდი, ოდესღაც როგორ გავამწარე მშობლები...
ქართველები უფლის გზაზე ღვთისმშობელმა დაგვაყენა, ამიტომაც განსაკუთრებით გვიყვარს დედა ღვთისა და ყველაფერ სასიქადულოს ვუკავშირებთ დედის სახელს. ბევრჯერ განგმირეს ჩვენი ერი სიცრუის მახვილით, მაგრამ ეკლესიადანგრეულ ქართულ სოფელში მაინც ხშირად გაიგონებდი: "ღვთისმშობლის კალთას ვენაცვალეო". დედა დიდი რიდისა და მოწიწების სიმბოლოა და მკვდარია კაცი, რომელიც არ ეთაყვანება დედას... სამწუხაროდ, დღეს ზოგჯერ დედის სახელი არცთუ სასიამოვნო კონტექსტში მოიხსენიება, მაგრამ უფლისადმი სასოება გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მორწმუნე არ დააგდებს ძველ გზას.

ნაილი (47 წლის): - ჩემი შვილი ბერია... ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, ცელქი, მოჩხუბარი. არც ჩვენ ვიყავით თავგადაკლული მორწმუნეები, თვეში ერთი-ორჯერ თუ შევივლიდით ტაძარში და სანთელს დავანთებდით... რატომ გამოგვარჩია უფალმა, არ ვიცი, რადგან არავის შეუძლია უფლის გზის შეცნობა. რა და როგორ იყო, ამის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ ის კი უნდა ვთქვა, რომ გამიჭირდა როგორც დედას, გამიძნელდა იმ აზრთან შეგუება, რომ ჩემი შვილი უკვე ღმერთს ეკუთვნოდა. ნელ-ნელა მოვიდა შეგნება, რომ ბედნიერი ვიყავი. და მაინც, როცა მომენატრება, მის სურათებს გადმოვიღებ და დავყურებ.

სვიმონი (47 წლის):
- წირვა-ლოცვას ხშირად ვესწრები - სწორედ ეს მაძლევს საზრდოს, რომ ცხოვრებას გავუძლო. ერთხელ დედაშვილობაზე იყო ქადაგება და მოძღვარმა თქვა, - სასურველია, შინიდან გასვლის წინ შვილი დედას ხელზე ეამბოროსო. მე რვა თვისა დავობლდი და რაც წამოვიზარდე, დედაჩემის საფლავი იყო ჩემი ნავსაყუდელი. დედინაცვლისგან გამწარებული მას ვეუბნებოდი, რა მიჭირდა... მერე ქალაქში წამოვედი, მაგრამ სოფელში ჩასვლისთანავე დედაჩემის საფლავზე მივდიოდი. როცა ეკლესიაში დავიწყე სიარული და სოფელში წასვლაც დამიძვირდა, ღვთისმშობელს მივენდე - ერთგან ამოვიკითხე, რომ ღვთისმშობელია დედით ობლის განსაკუთრებული შემწე. ახლა მას ვუყვები, თუკი რაიმე გამიჭირდება, როცა, თუნდაც, შვილები მატკენენ გულს. როცა ახალგაზრდა ხარ, ყველაფერს ვერ აქცევ ყურადღებას და ზოგჯერ ისეთი რამ წამოგცდება, მერე სანანებლად დაგრჩება. ჩემი შვილები ხანდახან ისე დაუფიქრებლად მიახლიან დედას - თავი დამანებე, შენ რა იციო, იფიქრებ, ოჯახში გაზრდილები არ არიანო. არადა, ჩემმა მეუღლემ, უნიჭიერესმა ქალმა, შვილებს ყველაფერი შესწირა. ხშირად ვეუბნები შვილებს, - არ იცით, რა მწარეა უდედობა-მეთქი. თავს ჩაღუნავენ, მომისმენენ, მაგრამ ცოტა ხანში ავიწყდებათ...

მიხეილი (25 წლის):
- ეკლესიაში იმიტომ დადის ადამიანი, რომ უკეთესი გახდეს. ათ მცნებას ბავშვობიდან მასწავლიდა დედა, მაგრამ ეტყობა, გულამდე ვერ აღწევდა - ისე შევუყვირებდი, საცოდავს ფერი ეკარგებოდა. თავად მორწმუნეა და არასოდეს უკადრებია საპასუხო უხეშობა. ეს ჩემთვის ჭკუის სასწავლებელი არ ყოფილა, პირიქით, მეგონა, ყველაფერში მართალი ვიყავი და ჩხუბსა და ყვირილს ვუმატე. ერთხელ ისე დავთვერი, ყველაფერი მივლეწ-მოვლეწე, დედ-მამას ვაგინე და გავიქეცი... გონს საავადმყოფოში მოვედი. დედაჩემის თვალებადქცეული სახე იყო, პირველად რაც დავინახე. საშინელი ტკივილი ვიგრძენი, არა მარტო სხეულის, სულისაც. მაშინ გადავწყვიტე, სხვანაირად მეცხოვრა და მივხვდი, ამისთვის სულიერი ცხოვრების მოწესრიგება იყო მთავარი.

ნინო (28 წლის):
- წესით და კანონით, დედაზე საყვარელი ქვეყნად არავინ უნდა იყოს, მაგრამ ზოგჯერ დედასთანაც ძნელდება ურთიერთობა. თავად დედა ვარ და ვიცი, რამხელა მოთმინება გჭირდება შვილების აღზრდა-გაზრდის დროს. სხვისი განკითხვა არ მინდა, მით უფრო ახლობლის, მაგრამ ზოგჯერ მავანთა საქციელი ცოდვით გამძიმებს. მამაჩემი და ბებია ვერაფრით ეგუებოდნენ ერთმანეთს - მათმა გამუდმებულმა ჩხუბმა მე და ჩემს და-ძმებს სიცოცხლე გაგვიმწარა. გაანჩხლებული ბებია საცხოვრებლად ცალკე გადავიდა და როცა შვილიშვილები რაიმეს შევუტანდით, წყევლა-კრულვით გამოგვყრიდა გარეთ, ჩვენს მოსაკითხს კი სახლის კართან დაგვიყრიდა. ხშირად მინახავს, მამაჩემი როგორ ტიროდა, როგორ ეხვეწებოდა დედას - რა დაგიშავე, ხომ შენი შვილი ვარ, თუ რამე დანაშაული მაქვს, პირველ რიგში შენ უნდა მაპატიოო. ბებიამ ღრმა სიბერემდე იცოცხლა. როცა ლოგინად ჩავარდა, მამა არაფერს აკლებდა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ბებიამ მღვდლის მოყვანა ითხოვა. დედაჩემი მორწმუნეა და სულ ევედრებოდა უფალს, ბებიაჩემი უზიარებელი არ წასულიყო ამ ქვეყნიდან. უფალმა ისმინა და ბებიამ ენა ამოიდგა (მანამდე ვერ ლაპარაკობდა). ჩვენ აღსარებას არ დავსწრებივართ, მაგრამ ავადმყოფის ოთახიდან გამოსული მოძღვარი ვერ ვიცანით - სახე ოფლით ჰქონდა დაცვარული და სუნთქვა უჭირდა. ბებიას ორი შვილი ჰყავდა გარდაცვლილი, არც მორწმუნე იყო და, ეტყობა, გაუჭირდა ეშმაკის დაძლევა.

სოფიო (37 წლის):
- დედა რომ უნდა გიყვარდეს, მეტიც, ეთაყვანებოდე, ამას რა ლაპარაკი უნდა. მე ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ერთხელ ერთმა სურათმა შემძრა და ვერ ვივიწყებ - ქუჩაში საოცრად ლამაზი, ბუთხუზა, ასე, 4-5 წლის ბიჭუნა მოჰყავდა ასევე ლამაზ ახალგაზრდა ქალს. ბავშვი დედას მოსწყდა და ვიღაც კაცს შემოეხვია მუხლებზე. დედამისი გააფთრებული მიეჭრა იმ კაცს და ბავშვი მოგლიჯა, მერე ისეთი სილა სტკიცა პატარას, ბავშვმა კი არა, ლამის მე დავიწყე ღრიალი. ის კაცი ამ ბავშვის ბაბუა ყოფილა - მამამისის მამა... მე მეტი არაფერი ვიცი, მაგრამ თავად ფაქტია სულისშემძვრელი. ამ დროს ერთი რამ უნდა გაითვალისწინო მშობელმა - ცამდე მართალი რომ იყო, ასეთი უხეშობა ავად მოგიბრუნდება. ჩემს თავზე გამოვცადე, რაც არის ცუდი მაგალითი. თავადაც ურჩი შვილი ვიყავი და 16 წლისა დედ-მამის დაუკითხავად გავთხოვდი. როცა ჩემს გოგონას პირველად შეუყვარდა, რჩევა-დარიგება დავუწყე - ჯერ ადრეა, უნდა ისწავლო-მეთქი და ისეთი რამ მითხრა, მივხვდი, ოდესღაც როგორ გავამწარე მშობლები...
ბეჭდვა
1კ1