იმ დღეს, როცა უფალი გასცეს და აწამეს, საქეიფოდ უნდა წახვიდე?
იმ დღეს, როცა უფალი გასცეს და აწამეს, საქეიფოდ უნდა წახვიდე?
უფალთან მეგობრობა მასთან თანაზიარობაა, თანაზიარობა კი ცოდვისაგან თავშეკავებას ნიშნავს. "მე თქვენ არ გიყვარვართ" - ზარის რეკვასავით შემომესმა, როცა ერთ-ერთი ლოცვანის გარეკანზე ეს სიტყვები ამოვიკითხე. უფალი აქ იმდენად ახლობელი მომეჩვენა, მეგონა, მეზობელი ან მეგობარი მიზიარებდა გულისტკივილს. თავი შემეცოდა, რადგან უფალი თუ არ გვიყვარს, ყოველი სიკეთისგან შორს ვდგავართ.

მამუკა (45 წლის): - ზოგჯერ, რაც უფრო მიილტვი უფლისკენ, მით მეტად მძლავრობს ბოროტი ძალა და შენს დაღუპვას ცდილობს. ასე მომეძალა ცოდვაც და განსაცდელიც. როცა მივხვდი, რა მღუპავდა, შევუდექი უფლის გზას, ცრემლებით ვთხოვდი პატიებას და როგორც ჩანს, მაპატია, რადგან ბევრ უბედურებას დავაღწიე თავი. დედაჩემს და დეიდაჩემს ძალიან სჯეროდათ მკითხავებისა და შემლოცველებისა. სადაც კი მოჰკრავდნენ ყურს, ნათელმხილველიაო, მისკენ გარბოდნენ. ვხვდებოდი, ასეთები სანდონი რომ არ იყვნენ. მსუბუქად ვსაყვედურობდი, მაგრამ უთენია დამწკრივდებოდნენ და მერე იქიდან რაღაცას მოიტანდნენ. რამდენჯერ ლოგინში ჩამიბნიეს, ერთი-ორჯერ ტანსაცმელზეც მომაყარეს. ყოველი მათი ვოიაჟის შემდეგ თავს საშინლად ვგრძნობდი. ერთხელ მოძღვართან მივედი და ჩემდა უნებურად მოვუყევი ეს ამბავი. რა რეაქციაც ექნებოდა, ალბათ ხვდებით. ლოცვები მიკითხა და ზიარება და აღსარება დამითქვა. დიდხანს მეცარებოდა ხელი, მაგრამ ნელ-ნელა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გავთავისუფლდი.

სოფიო (37 წლის): - უფალი დიდად მეიმედება, მაგრამ ღვთისმშობელი ჩემთვის დედაა. გასაჭირში თუ ცრემლით მითხოვია, მიშველე-მეთქი, უთუოდ შემწევია. უფალთან თანაზიარობა თუ გვინდა, ვეცადოთ, ფრთხილად და ყურადღებით ვიყოთ. კი მიყვარს უფალი და სასოებაც მაქვს, მაგრამ ზოგჯერ რაღაცებში დაუდევრობას ვიჩენ. ეკლესიაშიც დიდი ხანია დავდივარ და, წესით, ბევრი რამ უნდა ვიცოდე, მაგრამ ისევ ჩემი დაუდევრობის ბრალია, რომ ბევრი არაფერი ვიცი. ერთხელ წირვას დავესწარი და სეფისკვერი რომ დაარიგეს, ხმევა გადავწყვიტე. დილით ყავა მქონდა დალეული, - ესეც ხომ დიდი დაუდევრობაა. სეფისკვერი პირისკენ წავიღე, მაგრამ რაღაც ძალამ შემაჩერა. იქვე პატარა გოგონა იდგა და იმას ვკითხე. შეწუხდა და ჩემთვის საოცარი პასუხი გამცა - არ მიირთვათ, უფალს ეწყინება, არ გაბრაზდესო. ეს ისე თქვა, გეგონებოდა, უფალი სადღაც იქვე იდგა და გვიყურებდა. სინამდვილეში ეს მართლაც ასეა, მაგრამ ის გოგონა თითქოს ხილულად ხედავდა.

თეონა (48 წლის): - უფალთან მეგობრობა იოლი საქმე არ არის, ეს უნდა დაიმსახურო, უფალს ვუყვარვართ, მაგრამ მისი თანაზიარობა ძნელია. შესაძლოა, ეს ამბავი, რასაც ახლა მოგითხრობთ, უფალთან მეგობრობას არც უკავშირდებოდეს, მაგრამ მე ძალიან დამაფიქრა. ჩვენ მაინც მცირედმორწმუნეები ვართ, უფლისა და წმინდანებისგან კი სასწაულს ვითხოვთ. ამას წინათ მეგობართან სტუმრად ვიყავი, მეზობელი შემოვიდა პატარა ბიჭთან ერთად. ბიჭს გიორგი ერქვა. ქართველები მეგონენ და ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ შემდეგ დედამ ბიჭს აზერბაიჯანულად უთხრა რაღაც. გამიკვირდა - აზერბაიჯანელმა გიორგი როგორ დაარქვა-მეთქი. მაშინ ისიც არ ვიცოდი, ორსულად თუ ვიყავი, სიზმარი ვნახე - ბიჭი გეყოლება და გიორგი დაარქვიო, - მომიყვა ბიჭის დედა. ყველა ექოსკოპიამ გოგო აჩვენა. მეც დამავიწყდა სიზმარი, მაგრამ უფალმა კვლავ შემახსენა - ბიჭი გეყოლება და გიორგი დაარქვიო, ჯერ კიდევ სამშობიარო ბლოკში ვიყავი, როცა დედა მოვიხმე და ვუთხარი, ბავშვისთვის გიორგი დაერქმიათ. არადა, ჩვენებური სახელი ჰქონდათ მოფიქრებული, მაგრამ ყველაფერი მოვუყევი და უსიტყვოდ დამეთანხმა. ვიცოდი, რომ ჩემებთან ბრძოლა მოუწევდა, იბრძოდა კიდეც და ჩვენი გავიტანეთ. ეტყობა, ამ საქმეში უფალიც დაგვეხმარა, თორემ, აბა, ისე რას გავხდებოდით.

იასონი (60 წლის): - ჩემი ხნის ხალხი ყველაფერს კომუნისტებს ვაბრალებთ, მაგრამ თუ ადამიანს უფალი გიყვარს, თანამდებობის გამო უკან არ დაიხევ. განკითხვა არ არის ჩემი საქმე და არც ვაპირებ, მაგრამ ახლა ვინ გვიშლის? სიზარმაცე და უდებობა. როცა ვინმე გიყვარს, ვთქვათ, შვილი, ძმა ან მშობელი, და იგი განსაცდელშია, წამოწვები და არხეინად დაიძინებ? თუ რწმენა გაქვს და უფალი გიყვარს, ვერ მოისვენებ, რომ კვირაში ერთხელ მაინც არ მიხვიდე და მიესიყვარულო. ან მაშინ, როცა უფალი გასცეს და აწამეს, საქეიფოდ უნდა წახვიდე? განა იგი შენთვის, ჩემთვის არ ეცვა ჯვარს, არ დაითმინა უდიდესი სატანჯველი?! ჩვენ კი, მცირეოდენი განსაცდელი შეგვხვდება და იმასაც ვბედავთ, უფალს საყვედური შევკადროთ.
ბეჭდვა
1კ1