ღმერთს ვევედრე, დაევიწყებინა ჩემთვის ის გულისტკენა
ღმერთს ვევედრე, დაევიწყებინა ჩემთვის ის გულისტკენა
გული ცხოვრების წყაროა. იმის მიხედვით, რა ჩაიბუდებს შიგ, ეს წყარო ანკარა და წმინდაა, ან პირიქით. გონებით შესაძლოა უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ დავივიწყოთ წყენა, უსიამოვნება, გული კი ძნელად ივიწყებს. აკი, ამბობს რუსთაველი: "გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი..." უფალს ვთხოვოთ, გაგვიწმინდოს გული და ამას დავით წინასწარმეტყველზე უკეთ ვერ ვიტყვით: "გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა".

მაყვალა (62 წლის): - მართლა ძნელია გულის გაწმენდა და ეს რომ ჩემს თავზე არ გამომეცადა, ვერ მივხვდებოდი. საოცარი მეგობარი მყავდა, 30-35 წლის წინანდელ ამბავს ვყვები - ერთმანეთის სული და გული ვიყავით, ერთ ოჯახად ვცხოვრობდით. არ მინდა თავი გავიმართლო და ის გავამტყუნო, მაგრამ როცა ორივეს გვიჭირდა, ერთმანეთს ვერიდებოდით, მერე ვიღაცამ საქმეში ჩააბა, ნიჭიერი ქალი იყო, ფხა გამოიჩინა და გამდიდრდა. ვხედავდი, როგორ ნელ-ნელა ვშორდებოდით ერთმანეთს და გული მტკიოდა. ერთი პირობა მოიხედა ჩემკენ და თავისთან წამიყვანა, მაგრამ ეს მეგობრების კი არა, უფრო მხევლისა და ქალბატონის ურთიერთობა იყო. ვერ გავუძელი და უსიტყვოდ წამოვედი, თუმცა ველოდი, რომ რაიმეს მკითხავდა, დამირეკავდა, მომიბოდიშებდა. ჩემი გული პატიებისკენ იყო მომართული, მაგრამ ეტყობა, შეურაცხყოფად მიიღო ჩემი ქცევა და ვერ მაპატია. ასე დავშორდით საბოლოოდ ერთმანეთს და ჩემი გულიც ტკენითა და ამპარტავნებით დაიტვირთა. მაინც ძალიან მიყვარდა, მაგრამ ქვეშეცნეულად ვამბობდი, - შენ ჩავარდნილხარ ჩემს დღეში-მეთქი. იმხანად მატერიალურად ძალიან მიჭირდა. იმასაც მალე გაუჭირდა. დიდი ვალი დაედო. მაგრამ ვერ მოვერიე თავს და ვერ მივედი, ვერ თანავუგრძნე. ბინაც გაუყიდეს და ქუჩაში დარჩა. მე ოროთახიან ბინაში მარტო ვცხოვრობდი, ის კი ნაქირავებში გადავიდა, ძალიან ცუდ პირობებში. ბევრჯერ ვიფიქრე, - მივალ, შევურიგდები და ჩემთან წამოვიყვან-მეთქი, მაგრამ გული იმწამსვე დამიშლიდა. გამოდის, რომ გონებამ ყველაფერი დაივიწყა, გულს კი ვერაფერი მოვუხერხე, ყველიერის კვირას ეკლესიაში მივედი და როცა მოძღვარმა მიტევებაზე იქადაგა, ღმერთს ვევედრე, დაევიწყებინა ჩემთვის ის გულისტკენა... უფალს ჩვენც უნდა მივეხმაროთ ასეთ საქმეში, თუ მის რჩევას ყურს არ დავუგდებთ, ვივლით კი წაღმართიანად?! ალბათ ხვდებით, რომ ვერ ვძლიე ეშმაკს... თუმცა დიდი დროა გასული, გულში მოკალათებული გველგესლა არ ისვენებს, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებ, არ მინდა უფალმა მეც არ მაპატიოს ცოდვები.

არჩილი (35 წლის): - გულს დიდი მოფრთხილება სჭირდება. თუ ბოღმით და შურით გატენე, გიღალატებს. არასოდეს ვიმახსოვერდი წყენას, მაგრამ ერთხელ ისე მატკინეს გული, რომ ვერ დავივიწყე. ვიცოდი, ეს ამპარტავნება იყო და ნელ-ნელა შევძელი საკუთარი თავისთვის მეჯობნა. შეცდომა არის უნებლიე და ნებსითი. ხშირად ჩვენი დაუკვირვებლობითა და აჩქარებით ჩავდივართ დანაშაულს და მერე ამას უნებლიეს ვარქმევდი. ერთადერთი და მყავს - ულამაზესი და უჭკვიანესი გოგო იყო. რომ გამოგვიცხადა, შეყვარებული მყავსო, მთელი ოჯახი აღვშფოთდით. რას ვიფიქრებდით, თუ ისეთ ვინმეს გადაეკიდებოდა, თავსაც დაიღუპავდა და ჩვენც სირცხვილს გვაჭმევდა. მისი რჩეული ნარკომანი გამოდგა. ეს შესანიშნავად იცოდა ჩემმა დაიკომ. მის გათხოვებას და ოჯახურ ცხოვრებას რაც მოჰყვა, საქვეყნოდ სალაპარაკო არ არის, მაგრამ სიკვდილს ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან. გული მოგვიკვდა, მაგრამ სიტყვა არ მითქვამს, მეცოდება და ვცდილობ, იარა მოუშუშდეს. ყველა უნდა მოუფრთხილდეს სხვის გულისტკენას, მით უფრო მშობლების. დედაჩემი დარდს გადაჰყვა, არც მამაა უკეთეს დღეში. როცა პატიებაზეა ლაპარაკი, მომხრე ვარ, რომ შური არ იძიო, სამაგიერო არ გადაუხადო, მაგრამ ასეთი რამ საყოველთაო კანონებს არ ემორჩილება - გულის ტკივილს ასე იოლად ვერ დაიამებ.

ნინო (45 წლის): - სიცოცხლე შვილებს შევალიე და ძალიან მინდა, მათაც დაინახონ ეს. შვილებისა და მშობლების ურთიერთობა ალბათ კიდევ სხვა პრობლემაა და ამ საკითხს არ ეხება, მაგრამ ხანდახან ისეთ რაიმეს იტყვიან და იზამენ, გული მტკივა კი არა, მისკდება. დღედაღამ შვილებზე ვლოცულობ, აბა, რა წყენის გულში ჩადებაზეა ლაპარაკი, მაგრამ ცუდად კი შემეკუმშება ხოლმე. ერთხელ უფროს გოგონას თმა დავქაჩე - გაკვეთილები არ ჰქონდა ნასწავლი და მთელი დღე ტელეფონზე ლაპარაკით დააღამა. ერთი წლის შემდეგ გამიხსენა... უგულოდ ცხოვრება როგორ შეიძლება, გულმა უნდა იგრძნოს და პასუხიც მოგცეს, მაგრამ მეტად ფაქიზია და სჯობს ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. ნათლია მყავდა ერთი - უფაქიზესი და უსათნოესი ქალბატონი. ნათლისღებას მივედი, დედაჩემმა საჩუქრები გამატანა. იჯდა და ტიროდა. მოვეფერე და ვკითხე მიზეზი. ჩემს შვილს შეყვარებული ჰყავს და ვურჩიე, - ცოტა მოითმინე, შვილო, ასე ჰაიჰარად ხომ არ მოვიყვანთ რძალს, ათასი რამ სჭირდება და იქნებ ხელი მოვითბოთ-მეთქი და მიპასუხა, - რასაც მინდა, იმას ვიზამ, შენ ვინ გკითხავსო... ჩემი ნათლიის შვილმა მართლა შეირთო ის გოგო და ერთ წელიწადში ოჯახი დაენგრა...
ბეჭდვა
1კ1