უმჯობესია, შვილები უფლის სიყვარულით გავზარდოთ და არა ფულის
უმჯობესია, შვილები უფლის სიყვარულით გავზარდოთ და არა ფულის
მემკვიდრეობა სულიერიც არის და მატერიალურიც, ანუ იმგვარი, ჩვენს ფიზიკურ არსებობას რომ სჭირდება. ფიზიკური არსებობა საჭიროა, თუნდაც იმავე მიზნით, რისთვისაც უფალმა დედამიწა გააჩინა - შთამომავლობის გასამრავლებლად , მაგრამ თუ სულიერებას შესწირავ და სიმდიდრის შემგროვებლად იქცევი, იქებ შენმა შვილებმა ვერც გაიგონ, რისთვის მოვიდნენ ამქვეყნად - დიდი ილიასი არ იყოს, განა იმიტომ, რომ ჭამონ, სვან, ანუ უძირო ქვევრებად
იქცნენ?!

დავითი (70 წლის): კარგად ვიცი, სხვათა განკითხვა არ არის ჯეროვანი საქციელი, მაგრამ ზოგჯერ გულისტკივილი გალაპარაკებს...

თანშეზრდილი მეზობელი მყავდა, დასავით მიყვარდა. უბრალო ოჯახი ჰქონდათ, ისეთი, როგორიც ყველას ჩვენი ბავშვობისას. გათხოვდა. ერთი ბოგანო, უდედმამო კაცი იყო მისი ქმარი, მაგრამ ისეთი ფხა გამოიჩინა, იმ კომუნისტების დროს, თითო კაპიკს რომ გითვლიდნენ, მილიონერი გახდა. ისე გაერთო ფულის კეთებაში, არც შვილები ახსოვდა და არც საკუთარი მშობლები. ისე, გარდაცვლილის პატივისცემა კი იცოდა... ისიც არ ვიცი, ამას პატივისცემა თუ ჰქვია. დავარდნილი მამა ჰყავდა ჩოხატაურში. ერთხელ არ მოუკითხავს, მაგრამ ქელეხი გადაუხადა, ნახევარი დასავლეთ საქართველო ამაზე ლაპარაკობდა.

ბიჭი ჰყავდა, კეთილი, ბუნჩულა, ნიჭიერი. თავიდან ყველაფერი რიგზე იყო - დედა კარგად ზრდიდა შვილებს, მაგრამ ბიჭი რომ წამოიზარდა და "მამლურებ შექმნა ყივილი", ვეღარაფერს უხერხებდა. მამამ საქმეში ჩააყენა. ფული ფულს შობს და მგონი, მამამისს აჯობა კიდეც ფულის კეთებაში. მერე კაზინოს შეეჩვია და ისე წავიდა ხელიდან, მამამისის ბიზნესი რომ მოინელა, მერე სახლების გაყიდვა დაიწყო. მისი სამსახურიც დაიშალა. ვალებმა შეჭამა ოჯახი. მეზობლებს ღამე არ გვეძინა - სულ იმის ფიქრსა და დარდში ვიყავით, არავის მოეკლა. ის ჩემი მეზობელი, მამამისი, მანამდე რომ გაყვინძილებული დადიოდა, ახლა ნეკისტოლად იქცა. მეზობლებს მართლა გულით გვეცოდებოდა.

ახლა, რომ მკითხეთ, იმიტომ გამახსენდა ეს ამბავი, მაგრამ მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც იმავეს ვიტყვი: არ ჯობია - შვილები უფლის სიყვარულით გავზარდოთ და არა ფულის?..

მანუჩარი (43 წლის): სულიერი მემკვიდრეობა რომ უფრო ღირებულია, ამას თქმა რად უნდა? ადამიანს არაფერი ჰყოფნის, მეტი და მეტი სურს. ნიკო ლომოურის ერთი მოთხრობა მახსენდება: ღარიბ-ღატაკ ობოლ ბიჭს ნოტარიუსი შეიფარებს, ხელფასს დაუნიშნავს, აჭმევს, ასმევს და აცმევს. მერე ეს ბიჭი ისეთ საბუთზე მოაწერს ხელს ნოტარიუსის ნაცვლად, იმ საცოდავს გული გაუსკდება. ეს იმიტომ გამახსენდა, რომ ზოგჯერ მემკვიდრეობით მანკიერებებიც გადმოგვეცემა. ამას როგორ უნდა ვუშველოთ? - გზა უნდა გადავუკეტოთ რწმენით, ეკლესიაში სიარულითა და საიდუმლოებებში მონაწილეობით. ჩვენი უდიდესი მემკვიდრეობა მართლმადიდებლობაა და მას მოფრთხილება და დაცვა სჭირდება. ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენი წინაპრები თავს სწირავდნენ ქრისტიანობის დაცვას, შორს წაგვიყვანს, მაგრამ უფრო ხშირად შევახსენოთ თავს დიდი დავითის სიტყვები: "არა განგცე შენ, არცა გეცრუო შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო".

ლელა (34 წლის): ჩემი მემკვიდრეობა ჩემი ქვეყანა და ის ღვაწლია, რომელიც წინაპრებმა დაგვიტოვეს. მე ბელგიაში ვცხოვრობ, ახლა დროებით ვარ ჩამოსული. ევროპა მომხიბლავი და საყვარელია იქაურთათვის, ქართველებს კი ევროპული ზნე-ჩვეულებების გათავისება უჭირთ. ჩვენ ჩვენთვის ვართ. იქაურებთან კონტაქტი კი გვაქვს, ვმეგობრობთ კიდეც, მაგრამ ისინი ისინი არიან. თუმცა არც უმადურობის გამოჩენა შეიძლება - ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს წლებში შეგვიფარეს, გაგვათბეს, დაგვაპურეს.

შეიძლება ითქვას, ევროპაში გავიზარდე. პირველად საქართველოში სამი წლის წინ ჩამოვედი, მაგრამ დავდგი თუ არა ფეხი მშობლიურ მიწაზე, მაშინვე ვიგრძენი ის მადლი, ჰაერში რომ ტრიალებდა. ვკითხე კიდეც ჩემს დასახვედრად მოსულ ნათესავებს, თქვენ თუ გრძნობთ-მეთქი და ისე ჩაიღიმეს, მივხვდი, მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.

გიორგი (30 წლის): ზოგჯერ მშობელი მატერიალურს ვერაფერს გიტოვებს, მაგრამ მისი კაცურკაცობა და მადლიანი საქმეები შეგეწევა და გზას გაგიკვალავს.

მამაჩემი ადრე გარდაიცვალა. დედაჩემი და მე დიდ გაჭირვებაში დაგვტოვა და როცა დედა მის პატიოსნებასა და სინდის-ნამუსზე დაიწყებდა ლაპარაკს, ვბრაზობდი. რომ წამოვიზარდე და საქმიანობა დავიწყე, სადაც მივსულვარ და გვარი მიხსენებია, ყველგან უკითხავთ, ამის და ამის შვილი ხომ არ ხარო. მამაჩემის ხათრით ისეთი საქმეც კი გამომსვლია, რომლის იმედიც არ მქონდა. მერე უკვე, დედაჩემი კი არა, მეც ვამაყობდი იმ სახელით, მამამ რომ დამიტოვა.
ბეჭდვა
1კ1