როცა სხვათა ნათქვამს იმეორებ, თავადაც ვერ ხვდები, როგორ ცრუობ
როცა სხვათა ნათქვამს იმეორებ, თავადაც ვერ ხვდები, როგორ ცრუობ
"უცხო იქმნნეს ცოდვილნი საშოითგან, შესცთეს მუცლითგან და იტყოდის სიცრუვეს", - წერს დავით წინასწარმეტყველი ცრუთა და ცილისმწამებელთა შესახებ. თითოეული ჩვენგანი როდესაც საკუთარ ცხოვრებას მოიხილავს, მიხვდება, რამდენი სიცრუე ამოსვლია პირიდან, რამდენი ვინმე განუკითხავს და გაუკილავს ისე, არც კი სცნობია. ეს უღირსი და უკეთური ნათქვამი სხვა არაფერია, თუ არა ცილისწამება, მანკიერი სულის თვისება.

ნოდარი, 55 წლის:
- სავალალო ის არის, რომ როცა სხვათა ნათქვამს იმეორებ, თავადაც ვერ ხვდები, როგორ ცრუობ. ერთი მეზობელი გვყავს, შესანიშნავი დიასახლისი, ქმარ-შვილზე გადამკვდარი ქალია, ქმარ-შვილიც ღირსეული ჰყავს. მაგრამ როცა ცხოვრება წახდება და ადამიანს საკუთარი თავი აღარ გეიმედება, როგორც ჩანს, ღირსებასაც ნელ-ნელა ეთხოვები. ისე, არც ის მგონია მთლად მართებული, როცა, ქალი ხარ თუ კაცი, შენი ოჯახის შველა შეგიძლია და არიქა, ჩინ-მედლები არ ჩამომართვანო, ხელს არ გაანძრევ. ჰოდა, ამ ჩვენს მეზობელ ქალბატონს რესტორანში დაუწყია მუშაობა, მაგრამ რცხვენოდათ და არ ამხელდნენ. ღამღამობით გვიან ბრუნდებოდა შინ და ფეხაკრეფით შეიპარებოდა ხოლმე სახლში. ეს, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დაგვრჩენია და აგორდა ჭორის ტალღა, მამაკაცები ეზოში ნარდის ან დომინოს სათამაშოდ რომ შევიკრიბებოდით, მეტი სალაპარაკო არაფერი გვქონდა - გავსვარეთ და გავათახსირეთ მთელი ოჯახი. საქმე იქამდე მივიდა, რომ მეზობლებმა ცხვირის აბზუებაც დავუწყეთ და სალამზე პასუხისგანაც თავს ვიკავებდით. მალე სიმართლე გაირკვა, მაგრამ ხომ არის ეს ადამიანთა უგუნურება, თავშეუკავებლობა და სხვისი ცოდვით გახარება?!

ეთერი, 45 წლის:
- მე ეროვნებით ოსი ვარ, ქართველებთან მეგობრობაც მაკავშირებს და მეზობლობაც, ნათელმირონობაც და, უნდა გითხრათ, სიყვარულიც. არ ვიცი, მაშინ რა ეშმაკი შემომიჩნდა - თავიდან გულს მტკენდა ქართველებისა და ოსების მტრობა, მაგრამ მერე ნელ-ნელა აგრესია მომეძალა, მეზობელს რომ შემოეხედა, მეჩვენებოდა, სხვანაირად მიყურებს-მეთქი. აბა, სად წავიდოდი, მაგრამ გადავწყვიტე, მეზობელ-მეგობრებისთვის სამაგიერო მოგონილ-შეთხზული ამბებით გადამეხადა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოვდექი და ერთ დროს შეხმატკბილებულ მეზობლებს ერთმანეთი დავაჭმევინე. ერთი მეზობელი მყავს, მარო დეიდა, მორწმუნე ქალია. მიხვდა, რატომ ვირჯებოდი ასე. ერთ დღეს მესტუმრა და მამხილა. ღვთისმოშიში ვარ და ლამის გული გამისკდა, როცა მივხვდი, რა საშინელებას ვჩადიოდი...

ზურიკო, 27 წლის:
- ცილისწამებამ დამინგრია ცხოვრება... ჩემს მეზობელს, სიმდიდრით გაზულუქებულ კაცს, ბინა გაუტეხეს და ხელი მე დამადო. იმ დროს, როცა ხალხს შიოდა და პურის რიგში ათენ-აღამებდა, საკუთარ ეზოში დილიდან საღამომდე მაყალზე მწვადებს ატრიალებდა. იფიქრა, ალბათ, რაკი ნახევარჯერ მშიერ-მწყურვალი დავდიოდი, მის ნივთებს დავხარბდებოდი. არასრულწლოვანთა კოლონიაში გავატარე ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები... თავს მოვერიე, ვისწავლე და ახლა არა მიშავს, მაგრამ დაღი (და არა ბოღმა) ჩემს ცხოვრებას, ჩემს სულს ასე იოლად არ მოშორდება. მე, აბა, რა შემიძლია, მაგრამ ღმერთს ვევედრები, ყველას გაუნათლოს გონება, რათა სიცრუით მოყვასი არ დაღუპონ.

ანდრო, 60 წლის:
- ზურგს უკან ლაპარაკი და სხვათა კილვა ცილისწამებისგან რით განსხვავდება? როცა მოძღვარს უსმენ, წირვა-ლოცვაზე დადიხარ, ავისა და კარგის გარჩევაც გეიოლება, იცი, როგორ არ უნდა მოიქცე. მიუხედავად ამისა, ხშირად გვიჭირს სხვათა დახასიათებისგან თავის შეკავება. ზოგჯერ ისეთ რამესაც ვიტყვით, სულ რომ არ არის საჭირო. ცილისწამება რომ ცოდვაა, ეს ბევრმა არ იცის, მაგრამ იმას ხომ მაინც უნდა მივხვდეთ, ტყუილად რომ ვიღლით თავს. ჩემი ახალგაზრდობის უმძიმესმა ცოდვამ არაერთხელ შემახსენა თავი და დღესაც ვინანიებ - შურისძიების წყურვილმა ცილისწამებამდე მიმიყვანა, ცილისწამებამ კი კინაღამ ერთი მშვენიერი ოჯახი დამანგრევინა.

მარიამი, 80 წლის:
- ჩემს ასაკში ადამიანი განვლილი ცხოვრების შეფასებას იწყებს... ზოგჯერ ისეთი რამ გამახსენებს ხოლმე თავს, ჭირის ოფლში ვიწურები. ჩვენს ოჯახში რაიონიდან ჩამოსული მაზლიშვილი ცხოვრობდა, უპატიოსნესი ბიჭი, მაგრამ ისეთი მორცხვი და მორიდებული იყო, თვალს ვერ გაგისწორებდა. ერთხელ ოქროულობა გაგვებნა, ჩემს რძალს შეუნახავს და მერე ვეღარ მიაგნო. გამწარებული დავადექი თავს მაზლიშვილს და ცხვირწინ სულ მუშტი ვუტრიალე, თან, რა თქმა უნდა, ვლანძღავდი - ქურდს ვუწოდებდი. ცარცისფერი დაედო, ხმის ამოუღებლად ადგა, ჩაიცვა და წავიდა. ჩვენი განძი მეორე დღეს ვიპოვეთ, მაგრამ ის კარგი ბიჭი სამუდამოდ დავკარგეთ. აი, რა იცის თავშეუკავებელმა დასკვნებმა. სანამ რამეს იტყვი, უნდა დაფიქრდე, ვის გულს იმეტებ...

დოდონა, 30 წლის:
- ვფიქრობ, ცილისწამება შურისა და სხვათა ბედნიერებით შეწუხებული კაცის თვისებაა. მისი სიმწარე თავადაც ვიგემე, თუმცა არავის არაფერს ვაყვედრი. ჩემი საქმრო ჩემს მამიდაშვილს თვალში არ მოუვიდა. ვიცოდი, ჩემთვის სიკეთე უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ რა გამოვიდა? - საყვარელ ადამიანს დამაშორა. დედაჩემს დაურეკა და უთხრა, ნარკომანიაო, ვერაფრით დავარწმუნე ოჯახი, რომ ტყუილი იყო. როცა ერთიც გიყვარს და მეორე მხარესაც უამრავი საყვარელი ადამიანი დგას, არჩევანს იმ ბევრის სასარგებლოდ აკეთებ. ახლა ის ჩემი კეთილისმსურველიც ნანობს მომხდარს, მაგრამ ადამიანს რომ თავმოყვარეობას შეულახავ, გენდობაღა ოდესმე?!
ბეჭდვა
1კ1