"ალილოს" ხმას რომ გავიგონებ, სიხარულს ვერ ვფარავ
"ალილოს" ხმას რომ გავიგონებ, სიხარულს ვერ ვფარავ
ქრისტიანული სამყარო განსაკუთრებულად ემზადება შობის დღესასწაულისთვის. ყოველი წელი, ყოველი განვლილი დღე გვაახლოებს მარადიულობას. ყოველი შობა შეგვახსენებს, ამაოების მიღმა წარუვალი ღირებულებები დავინახოთ და უფალთან მიახლოების გზები ვეძებოთ. იესო ქრისტე ბეთლემში იშვა, მაგრამ თუ იგი ჩვენს გულებში არ დაივანებს, ამის გაცნობიერება გაგვიჭირდება...

ელენე (57 წლის): კარგად იცით, რამხელა სიხარული მოჰქონდა შობას ჩვენში. თუმცა კომუნისტების დრო იყო, ბავშვებს "ალილოზე" სიარულს ვერავინ გვიშლიდა. ულამაზესი იმერული ოდა-სახლები, ორღობეები თოვლით გადაქათქათდებოდა, შორიდან და ახლოდანაც ძაღლების ყეფა ისმოდა, ყველა ოჯახში ცეცხლი ენთო და საშობაო სუფრა მზადდებოდა. ჩვენ, შობის მახარებლები, მივადგებოდით რომელიმე სახლს, ფეხებს დავიბერტყავდით და სიმღერას შემოვძახებდით. მასპინძელი გამოგვეგებებოდა ტკბილეულით, ჩურჩხელებით, ხურდა ფულით. პატარა ტომსიკები რომ აივსებოდა, სახლებს მივაშურებდით და ვიყავით ერთ თვლასა და ხორხოცში. ეკლესია ჩვენ არ გვქონდა და ლოცვა მოხუცების მეტს არავის ახსოვდა, მაგრამ უფლის შობით გამოწვეული სიხარული ცას სწვდებოდა. ახლა, "ალილოს" ხმას რომ გავიგონებ, სიხარულს ვერ ვფარავ. ეკლესიიდან გამოსულ მეალილოეებს ჩემდა უნებურად ვუერთდები. ხომ არის რაღაც, რაც სიგიჟემდე გენატრება და ამ დღეს უფლის შობის დღესასწაულთან ერთად ბავშვობა მიბრუნდება.

დავითი (42 წლის): შობა კაცობრიობის უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო ეფერება ახალშობილ იესოს, იხსენებს იმ ლამაზ ამბავს, რომელიც ოცი საუკუნის წინათ წმინდა მიწაზე მოხდა. ქრისტე თავადაა მზე სიმართლისა. ამიტომ უფლის დაბადების დღესასწაულს სულიერად ამაღლებულნი უნდა შევხვდეთ. მხოლოდ მარხვის დაცვა არ კმარა სულის განსაწმენდად, თუმცა ესეც აუცილებელია. როცა ერთი ვნების დათრგუნვას ისწავლი, ნელ-ნელა სხვაც მიჰყვება, მაგრამ ამას ძლიერი ნებისყოფა და სულის სისავსე სჭირდება.

ნინუცა (60 წლის): ჯვარი ბოროტების წინააღმდეგ მიმართული იარაღია, ჯვრით დაითრგუნა სიკვდილი და აღმოცენდა უკვდავება კაცისა, მაგრამ მანამდე იყო შობა. ღმერთის ადამიანად ყოფნა გახდა საჭირო ცოდვილი კაცობრიობისთვის, რათა გვეგრძნო, რით შეგვეძლო ეშმაკზე გამარჯვება. ადამიანი ხორციელად დედის მუცლიდან იშვება, რომელიც ყველაზე მყუდრო და დაცული ადგილია მთელი შენი არსებობის განმავლობაში. სულიერი შობა კი ნათლისღებაა და ამას დიდი მოფრთხილება სჭირდება - ნათლისღებით განწმენდილი სული არ უნდა დაიბინძურო. "ალილო" უპირველესი საგალობელია, რადგან ამით გვეხარება აღსრულება იმ დიდი მისტერიისა, რომელსაც ქრისტეს ხორციელად შობა ჰქვია. სასიხარულოა, რომ კომუნისტების შავბნელი ეპოქის შემდეგ ისევ აღდგა ტრადიცია ამ მარადიული საგალობლით სოფელ-სოფელ შემოვლისა.

ოთარი (37 წლის): რომ გითხრათ, ეკლესიური ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. ეკლესიაში დავდივარ, როგორ არა, მაგრამ ეს არ მიმაჩნია საკმარისად. ვერ ვმარხულობ, მიჭირს თავშეკავება, სიგარეტს ვერ დავანებე თავი, თუმცა ბევრჯერ ვცადე... ძალიან იშვიათად ვეზიარები, ალბათ წელიწადში ერთი-ორჯერ...

შობა ჩემთვის უდიდესი დღესასწაულია - უფალი იშვა და ჩვენ, ადამიანებს, სასუფევლის სიხარული მოგვიტანა. შობისგან დაედო სათავე აღდგომას. ძალიან მომწონს სარკმელთან სანთლის დადგმის ტრადიცია, თუმცა არ ვიცი, ეს ძველის გახსენებაა თუ ჩვენმა პატრიარქმა დაადგინა. უფლის შობა იმდენად დამაფიქრებელია და საიდუმლოთი სავსე, რომ როცა შევიცნობთ, რატომ მოვიდა უფალი, რატომ დაიმდაბლა თავი, ამაოებაზე ფიქრს სულიერი ცხოვრების გზა უნდა ვამჯობინოთ. აღდგომა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ უფალმა ყველა ამსოფლიური ტანჯვა თავის თავზე იწვნია.

საშობაო ზეიმი ჩვენზე უკეთესი იციან ევროპის ქვეყნებში, მაგრამ იმ ზეიმს სული ვერ აჰყვება. მე ნორვეგიაში ვცხოვრობდი და ვიცი, როგორ ზეიმობენ... ვერ ვიტყვი, არ უხარიათ-მეთქი, სხვისი განკითხვაც არ მინდა, მაგრამ მე ჩემი მირჩევნია. იქ საჩუქრებით ამავსებდნენ ხოლმე. აქ ამის შეძლება არავის აქვს, მაგრამ მაინც მეზეიმება - ყურადღება საჩუქრებზე კი არა, სულიერ მარხვაზეა გადატანილი და სწორედ ამაშია ღმერთთან სიახლოვით გამოწვეული სიხარულის მადლი.
ბეჭდვა
1კ1