წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
აბორტის შესახებ
ეს წერილი შთამაგონა საპატრიარქოს ტელეარხის გადაცემამ აბორტის შესახებ.

დედაჩემი პროფესიით ექთანი იყო და წლების განმავლობაში მუშაობდა ლანჩხუთის რაიონული საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებაში. აბორტის გასაკეთებლად მისულ მანდილოსნებს დედა ემუდარებოდა, შვილი არ დაეღუპათ, მაგრამ მისი ხვეწნა-მუდარა ყოველთვის არ ჭრიდა.

მთელი ცხოვრება სიკეთით გვზრდიდა შვილებს. ერთხელაც ვიღაცაზე განაწყენებული დედასთან მივედი და გამოვუცხადე: "შენი ნასწავლი სიკეთე არ ჭრის-მეთქი". დედამ დამტუქსა სამართლიანად. ამ დიდბუნებოვანი ადამიანის სიტყვების ნათელსაყოფად კი ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ:

მეორე დღეს ინტერვიუს ასაღებად წავედი ერთ ჩემთვის უცნობ გოგონასთან. სახლში შევედი და იქ დედა-შვილი დამხვდა. დედამ ინტერესით შემომხედა და მკითხა: თქვენ ამა და ამ ქალბატონის შვილი ხომ არ ხართო და დედაჩემის სახელი მითხრა. როცა თანხმობა მიიღო, თავისი ისტორია მომითხრო:

"გათხოვებიდან 6 თვის შემდეგ ქმარმა მიმატოვა, რუსეთში გაიქცა საყვარელთან. დამტოვა ექვსი თვის ორსული. ირგვლივ აბსოლუტურად ყველა აბორტის გაკეთებას ჩამჩიჩინებდა, არადა ძალიან მინდოდა, დედა ვყოფილიყავი. ქმრის ნათესავები, რომლებიც ჩემთან ახლოს ცხოვრობდნენ, ჩემდამი მტრულად იყვნენ განწყობილნი. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი.

ახლობლებმა საავადმყოფოში გინეკოლოგთან წამიყვანეს. ექიმს სასტიკი წინააღმდეგობა გავუწიე. დამაწვინეს პალატაში. ყველას ვებრძოდი. მახსოვს, ექთანი შემოვიდა ნემსის გასაკეთებლად და სკამი ვესროლე - მაგ ნემსით გსურს ჩემს შვილს სიცოცხლე მოუსწრაფო-მეთქი.

ერთადერთი, ვინც მხარი დამიჭირა, შენი დედიკო იყო. ეს ტანმორჩილი, მაგრამ დიდსულოვანი ქალი ხელებაწეული გადამეფარა და ასე მითხრა: "შენ შვილის შენარჩუნება გინდა და ვინმეს დავანებებ მის დაღუპვასო?!" უფრო მეტიც, ჩემთვის სოფლიდან სპეციალურად მოჰქონდა ხილი - ვიტამინები მიიღე, რომ ჯანმრთელი შვილი გაგიჩნდესო. ასეც მოხდა - შვილი გავაჩინე და დღეს უბედნიერესი ქალი ვარ".

ჩვენს საუბარს სწორედ მისი ამგვარად გაჩენილი გოგონა ესწრებოდა. ის ჯერ გულგრილად გვისმენდა, თითქოს მას არც კი ეხებოდა ეს სასწაული (სასწაულია, აბა რა!), მერე უცებ აღიქვა, გაითავისა ყველაფერი და აღმოხდა: გალინა დეიდას დამსახურებაა, მზის სინათლე რომ ვიხილეო. ეს თქვა და საოცარი ბედნიერებით აევსო თვალები. მინდა გულწრფელად გითხრათ - ასეთი ბედნიერი თვალები არასდროს მინახავს არც ცხოვრებაში და არც კინოფილმში.

დღეს იმ გოგონას ოჯახი ჰყავს. ორი კარგი შვილის დედა და ერთგული მეუღლეა და მადლობელია უფლისა.

ამ სასწაულის მოსმენის შემდეგ დაუყოვნებლივ მივირბინე დედასთან და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. დედაჩემი სიხარულისგან ფრენდა: "ხომ გითხარი, შვილო, სიკეთის ქმნა აუცილებელია! აბა, 50 მანეთი უნდა ჩაედო ექიმს ჯიბეში და ამ ფასად სიცოცხლე დაეღუპა?!"

ერთი რამ კი მიწამლავს გონებას: დედაჩემი გარდაიცვალა და ის გოგონა არც გამოჩენილა. შეიძლება მაშინ ვერა, მაგრამ მოგვიანებით ხომ მაინც გაიგო ეს ამბავი? ასეთი უმადურობა აუტანელია. თუმცა აქვე მაგონდება სახარებიდან უფლის განკურნებული ათი ადამიანის იგავი...

ვუბრუნდები აბორტის სისასტიკეს და უგუნურებას. წარმომიდგენია, რამდენი კარგი სიცოცხლე დაიღუპა ამ სისასტიკის გამო, რამდენი საქართველოსთვის საჭირო სიცოცხლე...
მარინე ბარამიძე, ლანჩხუთი
ბეჭდვა
1კ1