როცა ზიზღ-სიძულვილი მომეძალებოდა, ლოცვებს ვამბობდი
როცა ზიზღ-სიძულვილი მომეძალებოდა, ლოცვებს ვამბობდი
დაცემა, რასაკვირველია, ცოდვაში ჩაფვლას გულისხმობს. სასიამოვნო არ არის, მაგრამ მოსალოდნელია და მზად უნდა ვიყოთ, რომ ღირსეულად გავუმკლავდეთ. რაც უნდა ღვთისმოსავი იყოს ადამიანი, უცოდველი ვერ იქნება, თუმცა ეს არ უნდა გახდეს თვითდამშვიდების წყარო - ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ საკუთარ ცოდვებს! სწორედ ეს არის წამოდგომა...

თორნიკე (25 წლის): ალბათ არიან ამქვეყნად ბედნიერი ადამიანები: ცხოვრობენ მშვიდად, არ არიან "გამოკიდებულნი ცაში" - მიუწვდომელზე არ ოცნებობენ და, ამდენად, არც იმედი უცრუვდებათ...

ჩვენს ოჯახი კი დიდი ბაკქანალია ტრიალებს. ჩემი ძმა გიორგი შესანიშნავი ბიჭი იყო - დედ-მამას სწორედ ის ეიმედებოდა. ჩვენი პატრონი იქნებაო, - იტყოდნენ ხუმრობით, მაგრამ ამ ხუმრობაში რომ დიდი სიმართლე იყო, მე და ჩემი და კარგად ვხვდებოდით.

გიორგიმ სკოლა ფრიადებზე დაამთავრა, ისე, რომ მამას რეპეტიტორების ფულიც დაუზოგა. უნივერსიტეტიც წარჩინებით დაამთავრა - წითელ დიპლომზე. იმედი გვქონდა, სამსახურს იშოვიდა, მისი ნიჭისა და პოტენციალის პატრონს უმუშევარ-უსაქმურად რა გააჩერებდა. ბევრი იარა, მამაჩემმაც მოძებნა ნაცნობ-მეგობრები, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მერე სადღაც დაცვაში დაიწყო მუშაობა.

დასაცავი პირი ერთი ღვთისპირიდან გადავარდნილი კაცი იყო. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, ნარკომანიც ყოფილა. ჰოდა, ალბათ ხვდებით, რაც მოხდებოდა - ჩემი ძმა, რომელიც ისედაც ხელჩაქნეული იყო ცხოვრებაზე, ნარკოტიკს მიეძალა...

ჩვენისთანა უბედური და გასაცოდავებული ოჯახი ბევრია საქართველოში, მაგრამ, ტოლსტოის თქმის არ იყოს, ყველა ოჯახი თავისებურად არის უბედური. დედაჩემი იმედს არ კარგავს, მამა უფროა მხრებჩამოყრილი. გიორგიც ხვდება თავის უბედურებას და ცდილობს, როგორმე შეცვალოს ცხოვრება... ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს, მაგრამ იქნებ ყველამ ერთად ვძლიოთ ჩვენს ოჯახში დაბუდებულ ეშმაკს.

ქრისტინე (60 წლის): ჩემი ყველაზე დიდი დანაშაული უსიყვარულობა იყო. ვერავის ვეგუებოდი, ვერც ოჯახში და ვერც სხვაგან. ცოტა ხნით ვიმეგობრებდი ვინმესთან და მერე ათას ნაკლს აღმოვუჩენდი. ზოგის ცხვირ-პირი არ მომეწონებოდა და შევიძულებდი, ზოგის ლაპარაკის მანერა... ვცდილობდი, არ გამემჟღავნებინა, მაგრამ ირგვლივმყოფები მაინც ამჩნევდნენ, რაც მჭირდა - ადამიანი ხომ სიძულვილსაც აფრქვევს და სიყვარულსაც.

გავთხოვდი. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა, ყველას ვეგუებოდი - დედამთილ-მამამთილს, რძალ-მულს, მაგრამ მალე შევიტყვე, რომ ჩვეული "სენი" მომეძალა და ჯერ გაღიზიანება შემომეპარა, მერე - ზიზღ-სიძულვილი. ოთახში რომ ჩავიკეტებოდი, არავის დანახვა აღარ მინდოდა. მივხვდი, ცუდად იყო ჩემი საქმე, რადგან ქმარმაც გული აიცრუა ჩემზე და ოჯახის წევრებიც გამინაპირდნენ. ქმარმა დაგვიანებას მოუხშირა. მალე შვილიც გვეყოლა და თითქოს ცხოვრება კალაპოტში უნდა ჩამდგარიყო, მაგრამ ბავშვის მეტს ვერაფერს ვხედავდი, სხვა ყველა მძულდა. ბავშვს რომ მოეფერებოდნენ, გული მისკდებოდა - თითქოს მათი არაფერი იყო. ეტყობა, ყველას ყელში ამოუვიდა ჩემი ამპარტავნება და ერთხელაც ქმარმა გამომიცხადა - წადი ჩემი სახლიდან, შენზე უმადური არავინ მინახავს, მაგრამ ბავშვი მეცოდება, რადგან სიძულვილით გაზრდიო.

ატირებულმა დავურეკე დედას. მოდი, რა ვქნა, შვილი ხარ, მაგრამ შენ ირგვლივ ბოღმა და სიძულვილი ტრიალებს. რა გითხრა, შენს თავს უნდა ებრძოლოო. ეს მხილება იყო. მივხვდი, ჩიხში ვიყავი მომწყვდეული და ვცადე, ტაქტიკა შემეცვალა - ყველას თბილად ვექცეოდი და ვუღიმოდი, მაგრამ ეს ტანჯვა იყო. ვგრძნობდი, მსახიობობას დიდხანს ვერ შევძლებდი...

და მაშინ გამახსენდა ეკლესია. თავიდან ძალზე გამიჭირდა, მოძღვრისთვის მეთქვა, რაც მჭირდა, მაგრამ რომ დავიწყე, ვეღარ გავჩერდი და გულიც ამოვაყოლე. მთხოვა, შენი სახელი დამიწერე და მომეციო. როგორც ჩანს, საგანგებო ლოცვები უნდა აღევლინა ჩემს სახელზე. მეც მოვუხშირე ეკლესიაში სიარულს და როცა ზიზღ-სიძულვილი (ასე დავარქვი ხუმრობით ჩემს სენს) მომეძალებოდა, ლოცვებს ვამბობდი.

ელენე (57 წლის): ჩვენი დაცემა ჩემი მეუღლის სამსახურმა განაპირობა.

პატიოსანი, მშრომელი ოჯახი გვქონდა. ერთხანს ისე გვიჭირდა, მე და ჩემი გოგონები ნამცხვრებს ვაცხობდით და ვაბარებდით. ჩემი მეუღლე იურისტია და ერთი მისი მაღალჩინოსანი მეგობარი შეუჩნდა, ჩემთან წაგიყვან სამსახურშიო. თავიდან ქრთამსა და საჩუქრებზე სასტიკ უარს ამბობდა, მაგრამ ჩვენს წვალებას რომ უყურებდა, ეტყობა, ცდუნებას ვეღარ გაუძლო...

გავმდიდრდით, მაგრამ თავმდაბლობა გაქრა. ამას შვილებსაც ვატყობდი და საკუთარ თავსაც. ერთხელ მეზობელთან წამომცდა, ლარი რა ფულია-მეთქი. გაკვირვებულ-შეშფოთებულმა გადმომხედა.

მალე ქმარი სამსახურიდან გამოაბრძანეს და ისევ ჩავებით "ცხოვრების ფერხულში". გოგონებმა ეკლესიაში დაიწყეს მსახურება. ერთი მედავითნეა, მეორე - მგალობელი. ერთი სიტყვით, უფალმა მიგვახვედრა, რომ სიმდიდრე და ფუფუნება ჩვენი საქმე არ არის!
ბეჭდვა
1კ1