თუ ადამიანი ნიჭიერია, რატომ გვგონია, რომ ამის აღიარება გვავნებს?
თუ ადამიანი ნიჭიერია, რატომ გვგონია, რომ ამის აღიარება გვავნებს?
ნიჭთა უხვად მომცემელი უფალი ათასგვარი უნარით გვაჯილდოებს. ამას ზოგჯერ ტალანტს ვეძახით, სახარებისეული იგავის კვალობაზე. ადამიანს, რომელიც ღვთის ბოძებულს მიწაში დაფლავს, ამ ნიჭით სარგებლობის უფლება წაერთმევა, მეტიც, შეიქმნება იგი "საცინელ და საკიცხველ".

ზიზი (60 წლის):
საკუთარ ნიჭსა და ავ-კარგზე ლაპარაკი მიჭირს და არც მინდა, მაგრამ მთელი სიცოცხლე მასწავლებელი ვარ და ჩემს აღსაზრდელებზე დაკვირვებამ ბევრი რამ შემამეცნებინა. ზოგი ბავშვი მართლაც საოცრებაა, ტვინი ისე აქვს მოწყობილი, რა საქმესაც უნდა მოჰკიდოს ხელი, ყველას წარმატებით გაართმევს თავს. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ქართველი ბავშვების უმრავლესობა მრავალმხრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. მყოლია მოსწავლეები, რომლებიც ხატავენ, მღერიან, უკრავენ, ლექსებს თხზავენ... ზოგიერთი ყველა საგანში ერთნაირად ძლიერია. ხშირად მასწავლებლებს ერთმანეთისთვის გაგვიზიარებია შთაბეჭდილება და განცვიფრებაც დაგვტყობია. არიან უნიჭოებიც... ალბათ აბსოლუტურად უნიჭო ადამიანი არც არსებობს, მაგრამ მე იმას ვგულისხმობ, რომ მათ ათვისების, შემეცნების უნარი ნაკლებად აქვთ განვითარებული. ახლა - ერთი პარადოქსი: ასეთები, რომ იტყვიან, ცხოვრებას რქებით აწვებიან, ჯახირობენ, მაგრამ მიზანს აღწევენ. ამდენად, შეგვიძლია გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა: ნიჭი, რომელიც ღმერთმა მოგცა, უნდა გაამყარო, ფრთხილად მოეკიდო და უფალს, ხალხს დაუბრუნო.

მანონი (55 წლის): ბოღმა და წყენის დამახსოვრება რა მოსატანია, მაგრამ ერთმა შემთხვევამ შესაძლოა ბევრი რამ გადაწყვიტოს ნებისმიერი ადამიანისა და მით უფრო მოზარდის ცხოვრებაში.

ერთი მეტად ნიჭიერი მეზობელი გოგონა მყავდა. მთლად პატარა იყო, ალბათ 2-3 წლისა, კლასიკურ მუსიკას რომ უსმენდა. 4 წლისა თვითონ უკრავდა და მღეროდა. ასეთ ბავშვს უცხოეთში ვუნდერკინდად აღიარებენ, აქ კი... ყოველთვის, როცა ეს მახსენდება, გული მომეწურება და მაპატიეთ, თუ რამე ზედმეტი წამომცდეს. მშობლებმა სხვადასხვა მუსიკალურ სასწავლებელში მიიყვანეს - ერთგან მღეროდა და სცენაზე გამოდიოდა, მეორეგან ფლეიტაზე უკრავდა, სხვაგან კიდევ - ფორტეპიანოზე.

რამდენჯერმე ჩემს ეკლესიაში მივიყვანე, დედამისი სხვა ეკლესიის მრევლი იყო და იქ დაჰყავდა. გადაირია ბავშვი ერთ-ერთ მგალობელზე და მთხოვა, უთხარი, გალობა მასწავლოს და ყველაფერს თავს დავანებებ, მაგასთან ვივლიო. წირვა რომ დამთავრდა, მოკრძალებით მივედი და ვთხოვე. მეგონა, გაუხარდებოდა, მაგრამ კოპები შეიკრა და ჯერ მე შემომიტია, მერე ბავშვს. კი მინდოდა მეთქვა, ამწუთას უფალს უგალობდი და ახლა ასე რამ გაგაქვავა-მეთქი, მაგრამ მივხვდი, პასუხს დამიბრუნებდა და ეკლესიაში არ გავმართე "სჯა-ბაასი".

მე და ჩემს პროტეჟეს მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. ბავშვი საშინლად დათრგუნვილი იყო.

სკოლა რომ დაამთავრა, საზღვარგარეთ წავიდა და არც აპირებს დაბრუნებას. არადა, შეიძლებოდა მთელი სიცოცხლე უფლისთვის ეგალობა.

სანდრო (25 წლის): ვფიქრობ, სილამაზეც ერთგვარი ნიჭია. ხშირად გაიგონებთ, გარეგნობას რა მნიშვნელობა აქვსო და ეს მართლაც ასეა - აბა, რად გინდა ისეთი ლამაზი, რომელიც ღვთისგან ბოძებულ ამ უდიდეს საჩუქარს ბოროტად იყენებს? საჩუქარს-მეთქი, რომ ვთქვი, ირონია ან ცინიზმი არ გამირევია. მართლაც სიამოვნებს თვალს ყველაფრით შემკული მშვენიერების ყურება, მაგრამ ეს ზოგჯერ დამღუპველი ხდება.

მეგობარი გოგონა მყავდა, ერთად გავიზარდეთ და დასავით მიყვარდა. ჩვეულებრივი ბავშვი იყო. თამაშში რომ იციან ბავშვებმა გაჭინჭყლება, ისიც კი არ შემიმჩნევია მისთვის. ერთი სიტყვით, ძალზე სათნო და საყვარელი იყო. ცოტათი რომ წამოვიზარდეთ და მე გოგონებს დავუწყე გაპრანჭვა, იმან კი ბიჭებს, მისი მესაიდუმლე გავხდი. განიცდიდა, სხვებივით ლამაზი არ ვარ და ყურადღებას არავინ მაქცევსო. მერე და მერე ისე გამშვენიერდა, ახლა იმას წუწუნებდა, ამდენ თაყვანისმცემელს ვეღარ ვიგერიებო. ამას კი ამბობდა, მაგრამ ვატყობდი, სიამოვნებდა, ბიჭები მის გამო ერთმანეთს რომ ალილავებდნენ. რამდენჯერმე მივეცი შენიშვნა, მაგრამ თავისას არ იშლიდა.

ერთხელაც მისგან გაქეზებულმა ბიჭებმა ვეღარ მოზომეს და ერთი ციხეში მოხვდა, მეორე, მისგან დაჭრილი, - საავადმყოფოში. მერე კი ჩავარდა სინანულში, მაგრამ დიდხანს ვერ გამოვიდა შოკიდან.

გიორგი (60 წლის): ერთი მეგობარი მყავდა, ევროპაში რომ ვცხოვრობდი. ესპანელებს ნიჭი არ აკლიათ, მაგრამ ამპარტავნებაც საკმარისი აქვთ. მე რომ ვუყვებოდი ჩემს აქაურ მეგობრებზე, ირონიულად იღიმებოდა. ერთხელ ვერ მოვითმინე, გავცხარდი და შევუტიე. დაიბნა, საქართველო ძალზე ჩამორჩენილი ქვეყანაა და ასეთი ნიჭიერები თუ ხართ, რა გჭირთო. ცეცხლი წამეკიდა, მაგრამ რას ვიტყოდი, - კაცმა სიმართლე პირში მომახალა. ალბათ უფალი გვიწყრება, მისგან ნაბოძვარ სიკეთეს უსაგნოდ რომ ვფლანგავთ და ნიჭს ერთმანეთის გასანადგურებლად ვიყენებთ. მე ჩემი ერი მიყვარს და სიმართლე ეს მგონია - გვეშინია, ვინმემ არ გვაჯობოს და ნიჭიერსა და შრომისმოყვარეს ვწიხლავთ. თუ ადამიანი ნიჭიერია, რატომ გვგონია, რომ ამის აღიარება გვავნებს? საქართველოს უბედობას ვუჩივით და ამ უბედურების საშენებლად თითო აგურს ჩვენც ვდებთ და ვადუღაბებთ...
ბეჭდვა
1კ1