წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
მოგესალმები, ძვირფასო რედაქციავ!
უწინარესად მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ არსებობთ და ესოდენ დიდ და მამულიშვილურ საქმეს ასეთი რუდუნებით, ასე ლამაზად და პროფესიონალურად აკეთებთ.

დიდი ხანია მინდოდა მომეწერა და აი, როგორც იქნა, გავკადნიერდი.

სამედიცინო ინსტიტუტთან მდებარე მარიამ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის მრევლი ვარ. მხოლოდ ერთი წელია, რაც ტაძარში სისტემატურად დავდივარ, ვესწრები კვირისა და სადღესასწაულო წირვებს, ვაბარებ აღსარებას, ვეზიარები. მყავს საოცრად სათნო, უაღრესად განათლებული, შინაგანი კულტურითა და სიკეთით სავსე მოძღვარი მამა მიქაელი (ბოტკოველი). ამ ხნის განმავლობაში ჩემი შეხედულება ყოველივე მატერიალურსა თუ სულიერზე ძირფესვიანად შეიცვალა. ორმოცდაათს მიახლოებულმა კაცმა ცხოვრების ნირიც კი შევიცვალე და ვგონებ, მოვახერხე მცირედ მაინც მივახლოებოდი წმინდა წერილისა და ზოგადად მართლმადიდებლობის უშრეტ სიბრძნესა და სიკეთეს (ყოველ შემთხვევაში, ცდას და მონდომებას არ ვაკლებ). ყოველთვის მწამდა სიკეთის ძალისა, იმისა, რომ სიკეთეს ღმერთი არავის უკარგავს და მისი მადლი მაშინ გამოჩნდება ხოლმე, როცა არ ელი.

ამის დასტურად ერთ ნამდვილ ამბავს მოგითხრობთ, რომელიც მე და ჩემმა ახლობლებმა სულ ორიოდე თვის წინ შევიტყვეთ.

ბაბუაჩემი სოგრატ ვასილის ძე მეტრეველი უაღრესად პატიოსანი, თავმდაბალი და უპრეტენზიო კაცი იყო. რთული ცხოვრება გამოიარა, გაზარდა ოთხი შვილი, უამრავი შვილიშვილი და შვილთაშვილებსაც მოასწრო უფალმა. არ მახსოვს, ოდესმე თავის საქებარი რამ ეთქვას, მთელი სოფელი და სანათესაო კი ლხინშიც და ჭირშიც მას ეკითხებოდა რჩევას. ცხონებული რამდენიმე წელია გარდაიცვალა და მრავალრიცხოვანი და კეთილი მონაგარი დატოვა.

ორიოდე თვის წინ ბიძაჩემს, რომელიც კისლოვოდსკში ცხოვრობს (რუსეთის დამსახურებული ექიმი და ქალაქის მთავარი კარდიოლოგია), ისრაელის საელჩოდან შეტყობინება მოუვიდა იმის შესახებ, რომ მამამისს ისრაელის სახელმწიფომ მიაკუთვნა წოდება "Праведник мира" და მიანიჭა ამის დამადასტურებელი სპეციალური მედალი, რომელიც მოსკოვში, ისრაელის საელჩოში, ბიძაჩემს საზეიმო ვითარებაში გადაეცა. ცერემონიალს ელჩები და რუსეთის დუმის დეპუტატები ესწრებოდნენ. გარდა ამისა, კისლოვოდსკში ავიაციის ქუჩას, სადაც უამრავი ქართველი ცხოვრობს (და თავის დროზე ბაბუაც ცხოვრობდა), სოგრატ მეტრეველის სახელი დაერქვა.

ბიძაჩემმა ეს რომ გამაგებინა, სიამაყითა და სიხარულით ცას ვეწიე.

თურმე მეორე მსოფლიო ომის დროს ბაბუაჩემს რამდენიმე ებრაული ოჯახი გერმანელებისათვის გამოურიდებია, უმძიმეს ზამთარში კისლოვოდსკიდან მამისონის უღელტეხილით ბილიკ-ბილიკ უტარებია და რაჭაში ჩამოუხიზნავს, ჩვენს სოფელში (ონის რაიონის სოფელ უწერაში) დაუსახლებია, უპატრონებია მათთვის და უკეთესი დრო რომ დამდგარა, გზა დაულოცავს.

წლების შემდეგ ერთ-ერთი ოჯახი ისრაელში აღმოჩნდა. მისმა წევრმა, უკვე ხანდაზმულმა მამაკაცმა, რომელიც ომის დროს ბავშვი იყო, დიდი წვალებით მოაგნო ბაბუას კვალს და ისრაელის მთავრობის მიერ დაწესებული მაღალი და უაღრესად საპატიო წოდების დამადასტურებელი სიგელი გადასცა.

წარმოიდგინეთ, რა ძალა აქვს სიკეთეს! კაცმა ამდენი ხნის შემდეგაც არ დაივიწყა, ქვეყანა შეძრა, მაინც იპოვა მისი სათავე და თავისებური, კაცური, გულის ამაჩუყებლად თბილი საქციელით ხარკი გადაუხადა. პირადად მე გაოგნებული დავრჩი ამ ებრაელი კაცის კეთილშობილებით და მადლიერების ნიჭით (დიახ, სწორედ ნიჭით!).

ბაბუას კი ამის შესახებ არასოდეს არავისთვის მოუყოლია. სწორედ ამაზეა ნათქვამი: "მადლი ჰქენი, ქვაზე დადეო".

მაპატიეთ, სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ ახლაც კი ვერ ვიოკებ ემოციებს, რომლებიც ბაბუაჩემის გახსენებისას მეუფლება. იმაზე დიდი მადლი რა უნდა იყოს, რომ ასეთ ადამიანებს ეკლესიაში სანთელი ავუნთოთ და ღმერთს მათი საუკუნო ხსენება შევთხოვოთ.

ჭეშმარიტად დიდია უფალი ჩვენი, რომელიც არასდროს გვიკარგავს სიკეთეს და თვით სიკეთის მქმნელს თუ არა, მის შთამომავლობას მაინც ასმაგად მიუზღავს. დიდება შენდა, უფალო!

ყველა ქართველს, განსაკუთრებით - ყველა მეტრეველს, ვულოცავ, რომ ასეთი წინაპრები გვყავდა. მე ასგზის ამაყი გავხდი.
დიდი მოწიწებითა და
პატივისცემით ცოდვილი გივი


დიდი ხანი არ არის, რაც თქვენი ჟურნალის მკითხველი ვარ. როგორც კი პირველი ნომერი წავიკითხე, მაშინვე დამებადა სურვილი, შემეცვალა ჩემი ცხოვრება. ურწმუნო ვიყავი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი აზრი მქონდა შეჩენილი: ვფიქრობდი, ღმერთთან შუამავალი ანუ მღვდელი საჭირო არ იყო, რომელიც ჩემს ცხოვრებას წარმართავდა. მე საბჭოთა წყობილების დროს ვარ დაბადებული და გაზრდილი. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ინსტიტუტიც წარჩინებით დავამთავრე და ყოველთვის ხელმძღვანელ თანამდებობაზე ვმუშაობდი. იმხანად ეკლესიაში სიარული აკრძალული იყო, მაგრამ მე მუდამ მახსოვდა ბებოს სიტყვები: თუ გინდა, ადამიანად იქცე, ღმერთი უნდა იწამოო. მეც ყოველ დღესასწაულზე შევიპარებოდი ხოლმე ეკლესიაში, სანთლებს ვანთებდი და უფალს შევთხოვდი, ჩემთვის ხელი მოემართა. მაგრამ რატომღაც აკვიატებული მქონდა, რომ ღმერთთან შუამავალი საჭირო არ იყო.

უფალმა გამომასწორებინა ეს შეცდომა ჩემი დისშვილის, მამა კონსტანტინეს წყალობით, რომელიც სიონში დიაკვნად მსახურობს. რამდენიმე თვეა, დავუახლოვდი მამა ტიმოთეს, სიონის ტაძრის მღვდელს. ახლა მწარედ ვნანობ, რომ ცხოვრება ასე უაზროდ გავატარე. შუამავალი თურმე აუცილებელი ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მამა ტიმოთე შვილად მერგება, მას ვარ მინდობილი და მის გარეშე არაფერს ვაკეთებ. მისი წყალობით მივეჩვიე აღსარების თქმას, ზიარებას. ასეთ წუთებში მგონია, ჩემზე ბედნიერი არავინ არის. ახლა ბევრს ვკითხულობ საეკლესიო წიგნებს, მოუთმენლად ველი თქვენი ჟურნალის ყოველ ნომერს. ვკითხულობ და მიკვირს, როგორ ვცხოვრობდი ამ წიგნების, ჟურნალებისა და მამა ტიმოთეს გარეშე. ამჟამად ჩემი ქალიშვილის ოჯახიც მისი მრევლია. მიხარია, რომ მთელი ჩემი ოჯახი ეკლესიურად ცხოვრობს. მიხარია, ბოლოს მაინც რომ მივხვდი - ეკლესიის, მღვდლის გარეშე ქრისტიანული ცხოვრება შეუძლებელია.

მადლობა უფალს ჩემი ამქვეყნად დაბრუნებისთვის!

თბილისი. ლენა შავგულიძე
ბეჭდვა
1კ1