წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
პატივისცემითა და ქრისტესმიერი სიყვარულით ჟურნალ "კარიბჭის" რედაქციას
მოგესალმებით და მოგილოცავთ ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას. ღმერთმა დალოცვილი და მართლმადიდებლური გზით გატაროთ, ღვთისა და ყველა წმინდანის მადლი გფარავდეთ.

ჩემს მოკლე ისტორიას გაგაცნობთ: დავიბადე ქ. ზესტაფონში, გავიზარდე იქვე, 300 არაგველის ქ. #43-ში. 8 კლასი #1 საშუალო სკოლაში ვისწავლე. 6 წლის ვიყავი, დედა რომ მომიკლეს, 10 წლისას კი მამაც მომიკლეს კონფლიქტის ზონაში. 3 და-ძმას ბებო გვზრდიდა. ჩვენს უბანში იყო სამლოცველო სახლი. მოძღვარი მამა გიორგი გახლდათ. 3 წლისა "მამაო ჩვენოს" ვამბობდი, დედა მაყვარებდა რელიგიას. რაღაცნაირად მეც მიზიდავდა ეკლესია, მაინტერესებდა, რა ხდებოდა. ქუჩაში თუ სადმე მამაოს დავინახავდი, სახლში ვყვებოდი, დღეს ღმერთი ვნახე-მეთქი. სულ მქონდა სასულიერო პირთა მიმართ შინაგანი პატივისცემა და რაღაცნაირ სულიერ სიხარულს ვგრძნობდი ეკლესიის და მათი სიახლოვისას. მამა გიორგისთან სტიქაროსნად ვმსახურობდი. მაგრამ ავცდი გზას და ე.წ. ქუჩის ცხოვრებას მივყავი ხელი, რამაც ციხემდე მიმიყვანა 16 წლის ბავშვი. მაგრამ მადლობა უფალს, რომ მცირედ დამსაჯა იმ უსჯულოებებთან შედარებით, რასაც მე ჩავდიოდი და რასაც ვნანობ ღვთისა და იმ ხალხის წინაშე, ვისაც კი ოდესმე რაიმე ვაწყენინე. ციხეშიც თავიდან და ახლაც ცოდვებით ვარ დამძიმებული, მაგრამ ღმერთი მოწყალეა.

2008 წლის აგვისტოს ომმა დიდი ზეგავლენა იქონია ჩემზე. მრცხვენოდა ღმერთის, ხალხის და ჩემი თავის, 19 წლის ბიჭები მამულის სადარაჯოზე იდგნენ, მე კი ლაჩრულად საკანში სასჯელს ვიხდიდი დანაშაულის ჩადენისთვის. მაშინ წავიკითხე ბიბლია, აღმოვაჩინე, რომ ძველ აღთქმაში, ახალი აღთქმისგან განსხვავებით, უფალი მკაცრი ტონით ესაუბრება კაცთა მოდგმას. შემეშინდა, ღვთის შემეშინდა, ჩავუფიქრდი ჩემს ცხოვრებას, ყველაფერს გადავხედე და მივხვდი, ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. დავიწყე ლოცვა. ხატებთან მისვლა მრცხვენოდა - სიგარეტს ვეწეოდი. 2008 წლის 8 სექტემბერს მოწევასაც თავი დავანებე და აღსარებაც ჩავაბარე. ღვთის წყალობით ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა, სხვა მხრივ შევხედე ცხოვრებას. აქამდე თუ მეამაყებოდა ქუჩის ცხოვრება, ახლა მრცხვენია ამის გამხელისაც კი. ჩემი სასჯელიც მსუბუქი მეჩვენება. იმან რა ქნას, 30 წელი რომ აქვს მისჯილი ან კიდევ სამუდამო პატიმრობა... მე კი 4 წელი და 6 თვეა სასჯელს ვიხდი, დამრჩა 3 წელი და 6 თვე. ეს სასჯელი რომ არა, ალბათ ვერც ვერასდროს მივხვდებოდი, რომ ურჯულო, დაღუპვის გზას ვადექი. და მადლობა უფალს, რომ ჭეშმარიტი გზა დამანახა. ასევე უღრმესი მადლობა თქვენი ჟურნალის კოლექტივს, რომ ზრუნავთ სულის განახლებისთვის და ამ გაფუჭებულ, ანტიქრისტიანულ დროში ახერხებთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ჭეშმარიტი მართლმადიდებლური გზის ჩვენებას. მე პირადად ძალიან დამეხმარა თქვენი ჟურნალი სულიერი სამყაროს აღქმასა და დანახვაში. ბევრი რამ გავიგე თქვენგან და კიდევ ბევრ რამეს შევიმეცნებ თქვენი დახმარებით. მადლობა ასეთი თბილი სტატიებისთვის. თქვენ ათასობით გაყინულ გულს ათბობთ თქვენი თბილი სიტყვებით. ღმერთმა კიდევ და კიდევ ბევრი შეგაძლებინოთ.

ერთი რამ მინდა კიდევ მოგწეროთ:

ბოლო დროს ყვითელ პრესაში სასულიერო პირებზე ენით გამოუთქმელ სიბილწეებს წერენ. ვთხოვ ყვითელი პრესის რედაქტორებს: ფულის შოვნის მიზნით ნუ დაამახინჯებთ ისედაც ნატანჯ, ეიფორიაში მყოფ ხალხის სულებს. კიდევ გონების არევა და დაბნევა უნდა ხალხს?! მე არ მჯერა მაგ სტატიების და ყველა მართლმადიდებელ მორწმუნეს გთხოვთ, ნუ აჰყვებით ჭორებს და მხოლოდ საეკლესიო ჟურნალებს ვენდოთ. ნუ გავახარებთ მტერს. გვიყვარდეს ერთმანეთი, ძმებო, ღვთის გზით ვიაროთ და დანარჩენი თვითონ მოგვარდება. ვეძებოთ ციური სასუფეველი და ღმერთი არ დაგვტოვებს. შეგვეწიოს წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა ნინოს მადლი, გვფარავდეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის მადლი.

მე წარმოშობით საჩხერიდან ვარ, მამა იქაური მყავდა. ბაბუაჩემი თენგიზ ქუთათელაძე მართლმადიდებლობისთვის იდევნებოდა, ბიძა - ბესიკ ქუთათელაძე კი კომუნიზმის წინააღმდეგ მებრძოლი გენერალი გახლდათ, რასაც შეეწირა 1992 წელს. მეც მინდა, აქედან რომ გავთავისუფლები, პატიოსნად ვიცხოვრო და ღვთის თვალში მადლი ვპოვო. საერო გზით მოხდება ეს თუ სასულიეროთი, ღმერთი მიმანიშნებს.

ელდარ (ნიკოლოზ) ქუთათელაძე
20 წლის
30.08.2009
ბეჭდვა
1კ1