14 ოქტომბერს უფლის კვართის სურნელი მოეფინება სრულიად საქართველოს
14 ოქტომბერს უფლის კვართის სურნელი მოეფინება სრულიად საქართველოს
ზეიმობს მცხეთა - ყოველ 14 ოქტომბერს უფლის კვართის სურნელი მოეფინება სრულიად საქართველოს. მართლმადიდებელი ერი გეზს ამ დღეს მცხეთისკენ იღებს და სვეტიცხოვლის ტაძარიც ამაყად ხვდება თავის უძღებ შვილებს. ეს საოცარი მისტერიაა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ დღეს ერთი ფიქრით ერთიანდება საქართველო: "ღმერთო, წყალობა არ მოგვაკლო, ღვთისმშობელო, შეიწყალე შენი წილხვდომილი ქვეყანა..."

მეგი (40 წლის): ჩემი ქალაქი მცხეთაა, აქ ვცხოვრობთ მამა-პაპიდან. ჩვენი სახლის წინ სამთავრო და მამა გაბრიელის საფლავია, გვერდით - სვეტიცხოველი, ზემოდან ჯვარი გადმოგვყურებს. ღმერთი ყველგანაა და ყველაფერში, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებით ახლოს არის. ბავშვობაში მე და ჩემი ძმა ცელქობასა და ჩხუბს ვერიდებოდით, რაღაცნაირი მოკრძალება გვქონდა. შური და სიხარბე უცხო იყო ჩვენი და უამრავი მცხეთელისთვის - ღმერთთან და უფლის კვართთან სიახლოვე არ გვაძლევდა უფლებას, ადამიანური ვნებებისთვის მიგვეცა გზა.

მერე ცხოვრებამ ევროპაში გამრიყა. ყველაფერი გვქონდა, მაგრამ ღმერთი არ იყო ჩვენთან და ვერ გავძელით. როცა მამაჩემი ჩამოვიდა, მალევე მოიწყინა. ვერ გავუმხილეთ, რომ ჩვენც გვიჭირდა და ნაირ-ნაირი გასართობის დათვალიერებით ვცადეთ მისი გულის მოგება. არაო, - თქვა, - აქ სიკვდილისგან ღმერთმა დამიფაროსო. თითქოს გრძნობდა, რომ მალე უნდა წასულიყო...

ერთად ჩამოვედით ყველანი. როგორც კი ჩვენი ქვეყნის სიომ დაგვკრა, დიდი ილიასი არ იყოს, გულმაც სხვანაირად დაგვიწყო ძგერა. მამამ გათენებისთანავე მოიარა მცხეთის სანახები. ახლობლებსა და ნათესავებს ურეკავდა და მცხეთობაზე ეპატიჟებოდა...

4 ოქტომბერს ჩუმად და უხმაუროდ წავიდა ამ ქვეყნიდან...

14-ში კი მაინც გავშალეთ სუფრა, რადგან ამ დღეს ყველა ტკივილი ავიწყდება ადამიანს. იქნებ არც გავიწყდება, მაგრამ ცრემლსა და მწუხარებას არ უნდა დაემონო.

ნატალია (55 წლის):
გვიან გავიგე, რომ ამ უდიდეს დღეს მოვევლინე ქვეყანას. ნათლად ვერ გამოვთქვი - 14 ოქტომბერი მცხეთობა რომ იყო, მირიანისა და ნანას ხსენება და, ერთი სიტყვით, უდიდესი დღესასწაული, ეს არ ვიცოდი პიონერულ-კომკავშირულად აღზრდილმა. ჩვენ დასავლეთ საქართველოდან ვართ და არც დედაჩემმა იცოდა. ერთი პერიოდი სიამაყე და ხიბლი შემომეპარა - ახალგაზრდა ვიყავი და თავი უფლის რჩეულად წარმოვიდგინე. მერე მავიწყდებოდა, რომ ამ დღეს ვიყავი გაჩენილი და სიხარულით მივაშურებდი მცხეთას. შარშანაც ვიყავით მთელი ოჯახი. ჩემი მეუღლე ეკლესიური არ იყო, მაგრამ მცხეთისკენ მიიჩქაროდა და წირვასაც დიდი გულისყურით უსმენდა. მერე სამთავროშიც ავდიოდით და ჯვარზეც. ახლობლებსაც მოვინახულებდით. ჩვენს ერთფეროვან ცხოვრებაში ეს დღე თითქოს ნათელი სხივი იყო. ვგრძნობდით, რა ერთიანი იყო ამ დღეს საქართველო, როგორ გვიყვარდა ყველას ერთმანეთი.

წელს, თუკი უფლის ნება იქნება, ალბათ მარტოს მომიწევს სვეტიცხოვლის სტუმრობა... უფალთან ყოველი, თუნდაც წუთიერი მიახლოებაც კი უდიდესი მადლი და სასოებაა, მაგრამ არის ადამიანური მწუხარებაც...

გიგლა (40 წლის): ცხოვრება რომ აირია, მაშინ დავამთავრე უნივერსიტეტი, მაგრამ ჩემი საშველი არ დადგა - წითელდიპლომიან მათემატიკოსს ყველა უარით მისტუმრებდა, სამსახური ვერ ვიშოვე.

მერე ერთმა ნაცნობმა - დანიაში წაგიყვანო. თვითონ უკვე გადგმული ჰქონდა იქ ფესვები. ბევრი ვიყოყმანე, ღამეებს თეთრად ვათენებდი ფიქრით, მაგრამ დილა რომ თენდებოდა და სამუშაოს ძებნას ვიწყებდი, იმედგაცრუება "არ აყოვნებდა". როგორც იქნა, გადავწყვიტე წასვლა. მალე ვიშოვე სამუშაო და მეგობრებიც გავიჩინე. ენა რომ ვისწავლე, საქართველოზე დავიწყე ლაპარაკი. ზოგიერთი ყურადღებით მისმენდა და კითხვასაც მისვამდა, მაგრამ ერთმა, რომელიც სხვებზე მეტად მეახლობლებოდა, ნაცისტი ხარო - მკადრა. გადავირიე, მაგრამ რა გადავირიე! მეორე დღეს ბოდიში მომიხადა და მთხოვა, საქართველოში რომ წახვალ, მეც წამიყვანეო.

ერთ წელიწადში დროებით დავბრუნდი და წამოვიყვანე. მცხეთაში რომ ჩამოვიყვანე, დავათვალიერებინე და ავუხსენი ყველაფერი, ლამის გაგიჟდა - ყველამ ასე იცით თქვენი ქვეყნის და ქრისტიანობის ისტორიაო?! მერე ამბობდა - ასე მგონია, უძველეს წარსულში დავაბიჯებო. ბოდბეშიც მყავდა და ქუთაისშიც - მე იქაური ვარ.

დანიაში რომ დავბრუნდით, ახლა თვითონ ჰყვებოდა ისეთი გატაცებით საქართველოზე, მე გავეხუმრე - ნაცისტი გახდი-მეთქი? ამ სიტყვამ ასეთი მნიშვნელობა, ალბათ ხვდებით, როდის შეიძინა და ხშირად პატრიოტიზმთან აიგივებენ. რას ვიზამთ... ისეთი ქვეყანა გაქვთ, იქნები ნაცისტი, აბა, რაო!
ბეჭდვა
1კ1