ნეტარება ალბათ რწმენაა, როცა იცი, რომ გყავს მფარველი და მარტო არ ხარ
ნეტარება ალბათ რწმენაა, როცა იცი, რომ გყავს მფარველი და მარტო არ ხარ
სულიერ ნეტარებასთან შედარებით არაფერია ამქვეყნიური ნირვანა, რადგანაც სიხარულს შიში სდევს, სიმდიდრეს - განსაცდელი... თუ ადამიანის სული სრულყოფილებას მიაღწევს, არ ძრწის სიკვდილის წინაშე, რადგან იცის, რომ იქ, ზემოთ, უზენაესი მსაჯული ჯერ არგანცდილი სამართლიანობის წყალობით მისაგებელს მიაგებს. ალბათ ეს არის ამქვეყნიური ნეტარებაც.

დავითი (57 წლის): არავინ იცის, რა არის ამქვეყნიური ბედნიერება, რადგან სრულყოფილი განცდა სიხარულისა არ არსებობს. ძალიან მდიდარი მშობლების შვილი ვარ და მეც ბევრი რამ შევმატე მამის დანატოვარს, მაგრამ იმ ჩემს ანტიკვარულ სავარძელში ჩამჯდარსა და ანტიკვარულ ბუხარს მიმჯდარს ხანდახან ისეთი სევდა დამეუფლებოდა, გულ-გვამს გამომჭამდა. წიგნების კითხვა დავიწყე, რადგან ტელევიზორს ვეღარ ვუყურებდი. ვკითხულობდი ყველაფერს, რაც კი ახალი გამოვიდოდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა - ჩემს სასოწარკვეთას ვერაფერს ვუხერხებდი. ჩემმა დეიდაშვილმა მანანამ ეს რომ შემამჩნია, მირჩია, მოძღვარს მოგიყვანო. იცოდა, რომ ამპარტავნების გამო ეკლესიაში არ მივიდოდი. მისი კლასელი იყო, ერთი ონავარი ბიჭი, რომელიც ჯერ ბერად შედგა და მერე მოძღვარი შეიქნა. ვიუარე, რა მჭირს საამისო-მეთქი. რატომღაც მეგონა, რომ მოძღვარი მაინცდამაინც სიკვდილის წინ მიჰყავდათ. მაინც მოვიდნენ. ბევრი ვისაუბრეთ. მოხიბლული და გაოცებული დავრჩი, ამხელა ცოდნას და სითბოს არ ველოდი; მეგონა, ჩემი ცოდვების გამო გამკიცხავდა, მაგრამ ისეთი გაგებით შეხვდა და ისე ამიხსნა ყველაფერი, მერე საკუთარი თავის მრცხვენოდა, რატომ დროზე არ მივხედე თავს-მეთქი. ისე, ძნელი კია შეჩვეულიდან ეკლესიურ ცხოვრებაში უცებ ჩართვა. იმდენად სურვილი არ გამჩენია იქ მისვლისა, რამდენადაც სინდისი მქენჯნიდა - შევპირდი და სირცხვილია, რომ არ მივიდე-მეთქი. მივედი და წირვის შემდეგ დავრჩი. ვისაუბრეთ. მე, ფაქტობრივად, არ ვიცოდი, რა იყო ცოდვა. ის, რაც ჩვეულებრივი ამბავი მეგონა, უფლისთვის მიუღებელი ყოფილა.

ნეტარება ალბათ რწმენაა, როცა იცი, რომ გყავს მფარველი და მარტო არ ხარ, როცა შველა გჭირდება და უფალი შეგეწევა. ერთი კია - მისგან მიღებული მადლი თუ განსაცდელი გულით უნდა მიიღო და განსჯას არ შეუდგე.

ნათია (32 წლის): არსებობს ამქვეყნიური ნეტარება, რომელიც არ არის უარსაყოფი. მართალია, იგი სრული არ იქნება, რადგან განსაცდელი ყველგანაა ჩასაფრებული, მაგრამ თუკი პატიოსნად იცხოვრებ, სინდისის ხმას მიჰყვები, რატომ უნდა იყო დაღვრემილი და სასოწარკვეთილი? მიმაჩნია, რომ საქმეს მეც ვაკეთებ - ვზრდი შვილებს, ვუვლი ქმარსა და დედას. ეს ამპარტავნებით არ მითქვამს, ამ საქმეს და კიდევ უკეთესს სხვებიც აკეთებენ, მაგრამ არც იმის საბაბს მაძლევს ცხოვრება და უფალი, ცხვირი ჩამოვუშვა. ისე, ზოგიერთის კეთილი შურით მშურს. ჩემი დის მეგობარი გოგონა ადრე გათხოვდა, ოჯახი კარგი შეხვდა, არც ქმარი იყო ურიგო მამაკაცი, ექვსი შვილი გააჩინეს და ოჯახის ჭაპანს ეწეოდნენ. მერე ქმარს რაღაც შეემთხვა და დაიჭირეს, 11 წელი მისცეს. ამ ნაზმა და ერთი შეხედვით "თეთრხელება" ქალმა ისეთი ძალა გამოიჩინა, ისე შეხვდა ამ სიძნელეს, გეგონებოდათ, მთელი სიცოცხლე სხვა არაფერი უკეთებიაო. პროფესიით ბიოლოგია და სამედიცინო ინსტიტუტში მუშაობდა. მერე მინანქარი შეისწავლა და ისე დაეუფლა, კლიენტები მოსვენებას არ აძლევენ. ისიც დღედაღამ მუშაობს და შვილებსაც უვლის, პატიმარ ქმარსაც და მოწყალებასაც გასცემს. გულუბრყვილო არ ვარ და არ ვფიქრობ, რომ მისთვის ეს ყოველივე ნეტარებაა, მაგრამ ამგვარი შრომით რომ სულიერ კომფორტს მიაღწია, თქმა არ უნდა.

მიხეილი (30 წლის): სულიერი ნეტარების მიღწევა მხოლოდ სულით ძლიერებს შეუძლიათ. წმინდანთა ცხოვრებას ვკითხულობ და კარგად მესმის, რომ დიდმა მამებმა შეიყვარეს უფალი და ნეტარებასაც გრძნობდნენ. მათი სიყვარული სხვაგვარია. მეც მიყვარს უფალი და ეკლესიურად ვცხოვრობ, მაგრამ სიყვარული ყველას სხვადასხვაგვარი შეუძლია. დღეს მოსწავლეები "ვეფხისტყაოსანს" რომ კითხულობენ, მათი გმირების, განსაკუთრებით ტარიელის, უკვირთ - ნეტავი, რა ატირებდაო. ამის მიზეზი ის არის, რომ სიყვარულისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. უფლისადმი გულგრილი დამოკიდებულება მეც გამჩენია. ამის მიზეზი ის არის, რომ, წმინდა ილია მართლისა არ იყოს, "ის გული აღარ არის". ლოცვის დროს გონებაგაფანულობა, უსასოობა არაერთხელ დამუფლებია და ერთხელ უფალს ვემუდარე, შენი სიყვარული შემაგრძნობინე-მეთქი. იმ წუთში - ვერა, მაგრამ მალე ვიგრძენი, რომ გული რაღაცამ გამიპო, ისეთი სითბო ჩამეღვარა და ისეთი სიყვარული, ამქვეყნიური ცხოვრება ერთ დაუსრულებელ ტანჯვად მომეჩვენა. ეს მხოლოდ ერთ წუთს იყო - რომ დავფიქრდი, მივხვდი, ასეთ რამეს ვეღარ გავუძლებდი. უფალი იმხელა სიკეთის გამომცემელია, თავისი სიყვარულითაც არ გვაწუხებს. ასეთი რამის მიღება მხოლოდ დიდი მომზადებით არის შესაძლებელი და წმინდა მამების ხვედრია.
ბეჭდვა
1კ1