უფლის დიდი სიყვარულის ნიშანია ძველი და ახალი აღთქმის კავშირი და იოანე ნათლისმცემლის მოვლინება
უფლის დიდი სიყვარულის ნიშანია ძველი და ახალი აღთქმის კავშირი და იოანე ნათლისმცემლის მოვლინება
უფლის ხელით შექმნილი ადამიანი უფლისმიერი სულის მატარებელი კი არ გამოდგა, ცოდვისკენ მიიდრიკა. ძნელია, როცა შენი ნაამაგარის უკუღმართობას უყურებ. ასე გაუძნელდა უფალსაც ცოდვაში დანთქმულ ადამის ძეთა ატანა, მაგრამ მამა ხომ შვილს ვერ წირავს და არ გაიწირა კაცობრიობა - წარღვნის შემდეგ კვლავ აღდგა.

გიორგი (60 წლის): ადამის მოდგმის მთელი ცოდვა-მადლი ფსალმუნებშია, ამიტომაც არის იგი სიცოცხლის წყარო. აბა, დააკვირდით ამ სიტყვებს: "ხედავნ ცოდვილი მართალსა და ეძიებნ მას, რაითამცა მოკლა იგი; ხოლო უფალმან არა დაუტეოს იგი ხელთა მისთა, არცა დასაჯოს იგი, რაჟამს განიკითხავდეს მას". ამ პატარა ფრაზაშიც კი რამხელა სიყვარულია უფლისა და რამხელა უმადურობა კაცისა. არც ერთ ადამიანს არ უყვარს მამხილებელი. უფალი გვეუბნება, როცა ვინმე ცოდვას სჩადის, ამხილეთო, მაგრამ გაუძლებ კი იმ სიძულვილს, რომელიც შენგან მხილებულისგან წამოვა? ამხილა ჰეროდე იოანე ნათლისმცემელმა, რომლის ღვაწლი უჩინო არ ყოფილა, ხილულად იღვწოდა და ამას ირგვლივმყოფები ხედავდნენ, მაგრამ ხომ ვიცით, როგორ უპასუხეს სიკეთის მაძიებელს. როცა გამხელ (თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ამპარტავნებით, იმის განცდით, რომ მე შენზე უკეთესი ვარ), შენთვის ხომ სიკეთე მინდა? რატომ გწყინს და შემიძულებ? ქებას უფრთხილდით და მაქებელთაო - რატომ, თუ იცით? საკუთარ ნაკლს ყურადღებას ნაკლებად აქცევ და მერე და მერე ეს ცოდვათა ქმნაში გადადის.

საკუთარ თავზე გამოვცადე, როგორ გარბი-გამორბიან მაქებელნი, როცა რაიმე გაგიჭირდება. ერთი მასწავლებელი მყავდა, მასაც გიორგი ჰქვია, ახლაც ცოცხალი და ჯანმრთელია, 100 წლისაა უკვე. არასოდეს არავის უსმენდა, მოწაფეების გარდა. თურმე დიაკვნის შვილი ყოფილა და ვერ ამხელდა, რწმენა კი უზარმაზარი ჰქონდა. იყო თავისთვის, ბუნჩულა, სათნო, სიკეთის მფრქვეველი. ხანდახან გვეტყოდა, ერთმანეთს მოერიდეთო. გვიკვირდა, მგლები ხომ არ ვართო, მაგრამ რაც უფრო შევდივარ ასაკში და ეს სიტყვები მახსენდება, მით უფრო იზრდება მორიდებაც.

მერი (78 წლის): უფლის დიდი სიყვარულის ნიშანია ძველი და ახალი აღთქმის კავშირი და იოანე ნათლისმცემლის მოვლინება. მამა ღმერთმა ვერ გაიმეტა თავისი ხელით შექმნილი, თუმცა სამოთხიდან გამოძევებული კაცობრიობა და წყლით, ამ უდიდესი მადლის მფრქვეველი სითხით, განწმინდა. იოანეა ამ ნათლობის აღმსრულებელი და უფლის ნათლია. ჩვენ გვგონია, ახალსა და ძველ აღთქმას შორის კავშირი გაწყვეტილია? არა, ადამიანის სულიერი გარდატეხა ისეთივე განწმენდის გზაა, როგორიც წარღვნა იყო. ჩემი მაგალითით დავრწმუნდი, რომ ასეა.

სოხუმელი ვარ, ასე ვთქვათ, ლტოლვილი, თუმცა რატომ გვეძახიან ლტოლვილებს, არ ვიცი, ჩვენ ხომ ჩვენს მიწა-წყალზე ვცხოვრობთ. სახლ-კარი დაგვიქცია მტერმა, თორემ ლტოლვილი და უმიწაწყლო რატომ ვარ?! კარგად იცით, ქართველებს სოხუმში არაფერი გვაკლდა, ეკლესია-მონასტრები და სულიერი საზრდოც ბევრი დაგვიტოვეს წინაპრებმა, მაგრამ ღმერთი არ გვახსოვდა. ჩემი ოჯახი ძალიან მდიდარი იყო - ნაძარცვ-წანაგლეჯი არაფერი გვქონდა, ვშრომობდით და ვიძენდით, მაგრამ ქველმოქმედება, უფლისადმი მადლიერება ნაკლებად გვქონდა. საკვირველი ის არის, რომ განათლებაც არ გვაკლდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უფრო საერო განათლება იყო და არა მეცნიერება. იცით ალბათ, რომ ძველქართულად მეცნიერი შემმეცნებელი, მცოდნე კაცია.

აქ ცარიელ-ტარიელი ჩამოვედით... როგორ დავიწყე ეკლესიაში სიარული, არ არის საინტერესო, მთავარია, რომ დავიწყე. ახლა აქაურობას ვწმენდ, ვასუფთავებ, ვეზიარები და წირვა-ლოცვას არ ვაკლდები. ვერ ვიტყვი, რომ წარსულზე გული არ მწყდება, მით უფრო, რომ შვილებმა და შვილიშვილებმა ნახეს დიდი გაჭირვება - მატერიალურიც და გულისტკივილიც, დამცირებაც... მაგრამ ახლა ვიცი, რომ ამქვეყნიური ყველაფერი წარმავალია... ეს ადრეც ვიცოდი, თუმცა არ მჯეროდა...

ახალი აღთქმა ძველთან იმიტომ დავაკავშირე, რომ ჩვენ, ნოემდელი ადამიანების მსგავსად, ჩვენივე ცოდვებში ვიყავით დანთქმულნი და უფალს ვყვარებივართ, რომ ასე არ დაგვტოვა და განსაწმენდელი გამოგვატარა.

მარიამი (55 წლის): იოანე ნათლისმცემლის ღვაწლი ნათელი მაგალითია ქრისტიანული ცხოვრებისა. იგი უფლის რჩეული და წინამორბედია, მისი სიტყვები, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი, იმედს გვაძლევს, მაგრამ ამის დასამკვიდრებლად ხომ საკუთარ თავთან, ხორციელ და უხორცო მტრებთან ბრძოლაა საჭირო. არადა, ზოგჯერ ისეთ შეცოდებას ჩავიდენთ, თითქოს სანთელიც კი არასოდეს აგვენთოს. ძალიან მეცოდებიან სექტანტები, ხშირად ვლოცულობ წვალებათაგან გზააბნეულებზე, მაგრამ რომ შემხვდებიან, განსაკუთრებით - იეღოველები, თმა ყალყზე მიდგება.

ამ ცოტა ხნის წინ დაფიქრებული მოვდიოდი, ჯანმრთელობის პარაკლისზე მიმეჩქარებოდა. ორმა ქალმა შემაჩერა, - როგორც წესი, ისინი ორ-ორად დადიან. ვკითხე, იეღოველები ხართ-მეთქი? არასწორად გაგიგიათ ჩვენი სახელი თუ სახელწოდებაო... აი, მაშინ კი ავუშვი აფრა, - აქედან დაიკარგეთ-მეთქი! მართლაც შებრუნდნენ და სასწრაფოდ გამეცალნენ, მაგრამ რომ დავფიქრდი, შემრცხვა... ხომ შემეძლო, წყნარად, მშვიდად მომეშორებინა? იოანე ნათლისმცემელი ცოდვილ ადამიანებს იქედნეს ნაშიერებს ეძახდა, მაგრამ მე ვინ მომცა მაგის ნება?!
ბეჭდვა
1კ1