ქრისტეს შესახებ ჩურჩულს რომ მოჰყვებოდნენ, მიკვირდა, ნეტავ სად გაიგონეს-მეთქი
ქრისტეს შესახებ ჩურჩულს რომ მოჰყვებოდნენ, მიკვირდა, ნეტავ სად გაიგონეს-მეთქი
აბა, რა დიდი მტკიცება სჭირდება იმას, სახარების კითხვას და გაგებას რომ დაიწყებ, შენი ნაბიჯი ქრისტეს გზაზე უკვე მტკიცეა. ერთი რამეცაა - სახარების ბოლომდე წვდომა არავის ძალუძს წმინდა მამების გარდა. წვდომაში შემეცნებაც იგულისხმება და თუ ეს ორი გონებისმიერი ძალა ერთმანეთს დაშორდა, გაგიჭირდება მისი სიღრმეების ჭვრეტა.

ნატალია (50 წლის): სკოლა ისე დავამთავრე, არც კი ვიცოდი, ბიბლია თუ არსებობდა. ქრისტეს შესახებ ჩურჩულს რომ მოჰყვებოდნენ, მიკვირდა, ნეტავ სად გაიგონეს-მეთქი. ჩვენს მოხუცებს ეს ყველაფერი გიმნაზიებსა და ეკლესიებში ჰქონდათ მოსმენილი, მერე კი უფლის ხსენება აუკრძალეს და შიშით დადუმდნენ. დედაჩემი გულდაწყვეტილი ჰყვებოდა, - დედაჩემს მზითევში სახარება გამოატანეს და კომუნისტების შიშით ტყეში დაუმარხავსო. მერე, როცა ამ შიშმა ასე თუ ისე გადაიარა, უძებნიათ, მაგრამ ვეღარ უპოვიათ. არ უნდა გაფუჭებულიყო, გასანთლულ ტილოში ჰქონდა მოწიწებით შეხვეულიო, - იმედოვნებდა.

მოკლედ, დავამთავრე სკოლა და ჩამოვედი თბილისში. მაშინ ხუთოსანი, ნიჭიერი, "პატრონიანი" უნდა ყოფილიყავი, თორემ უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდებოდი. მეც ჩავაბარე უნივერსიტეტში და სტუდენტი გავხდი. ხარბად ვისმენდი ჩვენი საოცარი ლექტორების ლექციებს. ბატონი ელგუჯა ხინთიბიძე გვესაუბრა სახარებაზეც, როგორც ნათარგმნ უნიკალურ ლიტერატურულ ნაწარმოებზე. ძველი ქართული ლიტერატურა ძირითადად საისტორიო მწერლობის სხვადასხვა ჟანრს განიხილავს და საოცრად საინტერესოა, მაგრამ ბატონ ელგუჯას სახარებაზე საუბრისას სხვანაირად უბრწყინავდა თვალები და ჩვენც დაგვავალა - ნიშანს არავის დავუწერ, ვინც სახარებას არ წაიკითხავსო.

წელმოწყვეტილი წავედი მეორე დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში. ალბათ ორი-სამი ცალიღა იქნებოდა შემორჩენილი, რადგან სამი საათი არ აინთო ტაბლოზე ჩემი ნომერი. როგორც იქნა, ვეღირსე და დავიწყე კითხვა. თავიდან გენეალოგიამ გამაწამა, მერე და მერე შევყევი... ვკითხულობდი და გულში ჩხვლეტას ვგრძნობდი... ბავშვობიდან წიგნებს ვიყავი ჩაშტერებული და ასეთი არაფერი მიგრძნია. გოგონა, ბიბლიოთეკას ვკეტავთო, რომ გავიგონე, მაშინ მივხვდი, დაღამებულიყო, არადა წიგნი არ მეთმობოდა. სიბნელის მეშინია, მაგრამ ისე გამოვედი, ჩავჯექი ტროლეიბუსში და ავუყევი იმ ჩემს ჩაბნელებულ ქუჩას, არაფერი მიგრძნია, თითქოს ამ ქვეყანაზე არ ვიყავი...

ნინო (43 წლის): დედა და მამა ურწმუნონი არ ყოფილან, მაგრამ არც ეკლესიურები იყვნენ და მე და ჩემს და-ძმასაც მაინცდამაინც არ მიგვიწევდა გული ეკლესიისკენ.

გავთხოვდი. მეუღლის ოჯახი კი შემხვდა ღვთისმოსავი, მაგრამ მე ვერ მივეჩვიე წირვა-ლოცვაზე დგომისას სიმშვიდის შენარჩუნებას, ამსოფლიური ფიქრებისა და ოცნებების დათმობას. კი დავდიოდი, მაგრამ სწორედ მაშინ ვფიქრობდი იმაზე, რაზეც სხვა დროს მოცლილობისასაც არ მიფიქრია. სახარების წაკითხვამდე ვერც ვჩერდებოდი და გამოვრბოდი, მერე ჩემს თავთან ვიმართლებდი თავს...

ორი წლის წინ ჩემი მეუღლე სიმსივნით დაავადდა და გარდაიცვალა. ირგვლივ ყველაფერი დაცარიელდა... ერთი ვაჟი მყავს. შინაგანად კი ვფიქრობდი, რომ პატრონი სჭირდებოდა და უნდა მეცოცხლა მისთვის, მაგრამ თავს ძალას ვერ ვატანდი და სიცოცხლის სურვილს ვერ ვიბრუნებდი. მეზობელი მყავს ღვთისმოსავი. ქმარიც გარდაეცვალა და თოთხმეტი წლის ვაჟიც სისხლის გათეთრებით. მთხოვა, ის აუცილებელი წესები შემესრულებინა, რაც მიცვალებულის სულის საოხად არის დადგენილი. ამან გამომაფხიზლა და დავიწყე ეკლესიაში სიარული. აღსარებისთვისაც მომამზადა მოძღვარმა და ვეზიარე კიდეც. თავიდან მეგონა, გამიჭირდებოდა წირვაზე დასწრება, მაგრამ როცა სახარებას კითხულობს მოძღვარი, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს იმ მისტერიის მონაწილე ვარ, ქრისტეს ცხოვრება რომ ჰქვია.

მიხეილი (30 წლის):
მორწმუნე ოჯახიდან ვარ და მეც და ჩემი ძმაც ეკლესიურად ვცხოვრობთ. წირვა-ლოცვას კვირაობით და დღესასწაულებზე, თუ რაიმე მნიშვნელოვანი საქმე არ გვაქვს, ყოველთვის ვესწრებით. სახარებასაც იქ ვუსმენ. ერთი რამ მჭირს და არ ვიცი, ეს რისგანაა - იქ წაკითხულს უფრო ვიგებ და მირჩევნია, მოძღვარს ვუსმინო, ვიდრე მე წავიკითხო. ამის მიზეზი ისიც არის, რომ რაღაცნაირი კრძალვა მაქვს - ამ წმინდა წიგნს ხელს რომ ვკიდებ, მეშინია, რამე უკრძალველი არ ჩავიდინო.
ბეჭდვა
1კ1