წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ძვირფასო რედაქციავ!
მადლობელი ვარ, რომ "კარიბჭე" არსებობს, საშუალება გვაქვს, ბევრი რამ ვისწავლოთ და ერთმანეთს აზრი გავუზიაროთ.

მინდა მოგიყვეთ, როგორ დავადექი ეკლესიის გზას. კომუნისტების დროში გავიზარდე. მამა რაიონში მუდმივად ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა, ამიტომ შვილები მოუნათლავი დავრჩით. მამაჩემის მეგობარი (ისიც თანამდებობის პირი) ითვლებოდა ჩემს ნათლიად, მაგრამ მონათვლას ვერ ახერხებდნენ (მაშინ ასე ამბობდნენ) და მეც არ მაწუხებდა ეს საკითხი, რადგან ნათლობის აუცილებლობა კარგად არც მესმოდა. ასე წამოვედი თბილისში სასწავლებლად. აქ დეიდაჩემის ამხანაგმა, რომელიც უაღრესად მორწმუნე იყო, წამიყვანა ეკლესიაში და მომნათლა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ამით ჩემს სულში არაფერი შეცვლილა. ჩემი ნათლია სულ ეკლესიაზე და რწმენაზე გველაპარაკებოდა, ცდილობდა, როგორმე რწმენაში შევეყვანეთ, მაგრამ ჩემიანები ნორმალურად არ თვლიდნენ და დასცინოდნენ კიდეც. ბოლოს მასაც მობეზრდა ალბათ და აღარ მოდიოდა ჩვენთან. მაშინ ვერ მივხვდი მის სიკეთეს, ახლა კი დიდი მადლობელი ვარ, მაგრამ არ ვიცი, სად არის ამჟამად, რომ მივიდე და ვნახო.

უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე, გავთხოვდი, კარგი სამსახური მქონდა, ჯანმრთელი შვილებიც შემეძინა, მაგრამ ამისთვის ერთხელაც კი არ მითქვამს ღმერთისთვის მადლობა. ჩემი შვილებიც შემთხვევით მოვნათლე; ბებია გარდამეცვალა და მირჩიეს, მომენათლა.

მატერიალურად გაგვიჭირდა. ერთხელ, თანამშრომლის რჩევით, მკითხავის გზასაც დავადექი. ალბათ, ამიტომაც მომივლინა ღმერთმა ასეთი განსაცდელი - ჩემს 15 წლის ვაჟს სისხლის სარკომა დაუდგინეს. მაშინ ჩემმა ამხანაგმა (რომელიც ადრე მირჩევდა, ეკლესიაში მევლო, მაგრამ ყურად არ ვიღე - ის მგალობელია) მირჩია, ეკლესიაში მივსულიყავი. ექიმები იმედს ვერ გვაძლევდნენ და სხვა რაღა დამრჩენოდა - ღვთის იმედად დავრჩი. მღვდელმა გაიგო ჩვენი გაჭირვება და სასწრაფოდ გვაზიარა მე და ჩემი შვილები ქრისტეს სისხლსა და ხორცს. თბილისში ნათესავმა ქაშვეთის ეკლესიაში მამა სოგრატთან მიგვიყვანა. მან დალოცა და გვითხრა, კარგად იქნებაო. ალბათ მისი კარგად ყოფნა ის იყო, რომ ამ ავადმყოფობის თანმხლები ტკივილი არ ჰქონია. იმ ქვეყნადაც განსაკუთრებულად წავიდა.

ისე მძიმედ იყო, რომ სასწრაფოდ რეანიმაციულ განყოფილებაში გადავიყვანეთ, აპარატით ასუნთქებდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოში ჩვილის მოსანათლად მოიყვანეს იმჟამად ანჩისხატის ეკლესიის ღვთისმსახური მამა სელაფიელი მგალობლებით. ესეც - ალბათ ღვთის ნებით, თორემ შემთხვევით ხომ არაფერი ხდება. მაშინ ჩემმა ნათესავმა მირჩია, - სთხოვე, იქნებ ჩვენთანაც მოვიდესო. რა შეიძლებოდა მას ჩემი შვილისთვის გაეკეთებინა, მაშინ არც კი ვიცოდი, მაგრამ მაინც ვთხოვე. ექიმები და ექთნები მუხლმოყრილი ლოცულობდნენ ჩემი შვილისთვის. ზეთისცხება, მათი წასვლა და ჩემი შვილის იმ ქვეყნად გადასვლა ერთი იყო. ძნელი წარმოსადგენი არ იქნება ჩემი მდგომარეობა... ექიმები დამეხვივნენ: "ასეთი სასწაული არ გვინახავს, შენი შვილი პირდაპირ უფალთან წავიდაო". მაშინ ვერ მივხვდი ამის არსს, მერე ამიხსნეს, რომ ეს არის ის, რასაც "გარდაცვალება" ჰქვია.

გავიგე, რომ ჩემი შვილი ღმერთმა წაიყვანა და როგორ შეიძლებოდა ღვთის გზას არ დავდგომოდი. ასე მივედი პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში. მამა თეოდორე გიგნაძე გამესაუბრა და უფლის გზაზე შედგომაში დამეხმარა. მადლობა ღმერთს, რომ ამ ტაძარში მიმიყვანა. ახლა რომ ვხედავ, პატარები როგორ დაჰყავთ მშობლებს ეკლესიაში და აზიარებენ, ვნანობ იმ წლებზე, რომლებიც ასე ფუჭად დავკარგე, მეც ხომ ჩემი შვილები ასე უნდა გამეზარდა და ასეთი მწარე განსაცდელით არ დავდგომოდი უფლის გზას. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი უმცროსი შვილი ეკლესიური და დიდად მორწმუნეა. არ ვიცი, საიდან, მაგრამ იმდენი რამ იცოდა ღმერთზე, სარწმუნოებაზე ამ პატარა ბავშვმა (მაშინ 10 წლის იყო), გავოცდი. ალბათ, სკოლაში, რელიგიის გაკვეთილებზე ისწავლა. მან ამიხსნა - სული ცოცხალია და ჩვენი ლოცვებით უნდა შევეწიოთო. ასე მანუგეშებდა.

მადლობელი ვიქნები, თქვენს ჟურნალში თუ წავიკითხავ, რა ხდება გარდაცვალებამდე ზეთისცხებით და ზიარებით, როგორ შეეწევა გარდაცვლილის სულს ეს ღვთისმსახურება.

ერთსაც გთხოვთ: მკითხველს იქნებ გარდაცვლილების დაუჯდომელი აჩუქოთ.

მადლობას გიხდით თანაგრძნობისთვის.

ღრმა პატივისცემით
ერთგული მკითხველი
ბეჭდვა
1კ1