სიკვდილის წინ მითხრა, რატომ მატყუებდი, უფალთან შესახვედრად უკეთ მოვემზადებოდიო
სიკვდილის წინ მითხრა, რატომ მატყუებდი, უფალთან შესახვედრად უკეთ მოვემზადებოდიო
როცა სიცრუესა და მის თანამდევ თვისებებზე - ორპირობაზე, მლიქვნელობაზე - ჩამოვარდება სიტყვა, უმალ გვახსენდება ჩვენი დიდი წინაპარი. "ყოვლისა უბადობის" მიზეზად რუსთველი სწორედ სიცრუეს მიიჩნევს. ცხადია, ის ეფუძნება ქრისტიანობას, რომელიც გმობს სიცრუეს, რადგანაც მისთვის ადამიანია მთავარი და ყველაფერი ის, რაც ადამიანის პირველქმნილ ბუნებას შერყვნის, ღვთისთვის მიუღებელი და ცოდვიანი სურვილია.

ივლიანე (80 წლის): - ტყუილი ალბათ მრავალგვარია და ზოგიერთს გამართლებაც აქვს. ამაზე ბევრი მიფიქრია. როცა ჩემი უფროსი ძმის სიკვდილის ცნობა მოვიდა ფრონტიდან, დედას არ ვუთხარით. ამ სიცრუის მიზანი დედის დანდობა იყო. ჩემი ძმა ქერჩში იბრძოდა და იქიდან, აბა, მიცვალებულს ვინ გადმოასვენებდა, რომ დედას შვილის საფლავზე გული მოეოხებინა? ანდა ტირილსა და მწუხარებას გაუძლებდა სიფრიფანა ქალი? მიუხედავად ამისა, მაინც ბევრჯერ ვინანე, რომ თავის დროზე არ ვუთხარით სიმართლე - ყოველდღე ფოსტალიონს ელოდებოდა და ის ჩვენს ჭიშკარს რომ ჩაუვლიდა, მუხლი მოეჭრებოდა...

ლალი (40 წლის): - ტყუილის თქმამ მიჩვევა იცის. ზოგჯერ შემიმჩნევია, კაცი, რომელსაც ასეთი ჩვევა აქვს, სჭირდება თუ არა, მაინც ცრუობს. ნებისმიერი ადამიანისთვის ეს დიდი უბედურებაა, ამიტომ დედებმა შვილებს თავიდანვე უნდა ჩავუნერგოთ, რომ სიცრუეს თუნდაც ყველაზე მტკივნეული სიმართლე სჯობს. ჩემს უფროს ვაჟს უყვარდა ტყუილის თქმა. ისეთ ამბავს შეთხზავდა, გული გაგისკდებოდა. განსაკუთრებით მავნე ტყუილები უყვარდა. ბევრი ვიბრძოლეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ჩვენ ეკლესიურები არ ვიყავით და, ასე ვთქვათ, "საერო მეთოდებით" ვებრძოდით. ერთხელ მეზობელი შემოვიდა და გაკვირვებულმა მკითხა, - თემური მართლა შვეიცარიაში გყავდათ სამკურნალოდო? ალბათ ეს იყო წვეთი, რომელმაც ჩვენი მოთმინება აავსო და, იმავე მეზობლის რჩევით, ეკლესიაში დავიწყეთ სიარული. რა თქმა უნდა, წირვა-ლოცვაზე დასწრებას და მონანიებას ვგულისხმობ.

მერაბი (25 წლის): - ტყუილი ჩემთვის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა, მაგრამ მაინც მიწევს ხანდახან პატარ-პატარა სიცრუით თავის გამოყვანა, მართლება, ვიღაცის გამართლება... ძალიან დატვირთული ვარ, იმდენად, რომ ზოგჯერ დილის გათენება მზარავს. ჩემი მოძღვრისგან ვიცი, რომ ესეც დიდი ცოდვაა, მაგრამ სხვანაირად ოჯახისა და უმუშევარი დედ-მამის რჩენა გამიჭირდება. ზოგჯერ მეგობრებში ყოფნა მომინდება ხოლმე და სამსახურში ვამბობ, ავად ვიყავი-მეთქი.

ლიზა (60 წლის): - სიცრუე ძალიან ცუდია, თუმცა ადამიანები არცთუ იშვიათად ვკადრულობთ სიცრუესაც და ორპირობასაც. ეს რომ არ შეიძლება, ქართველებს არ გვესწავლება, მაგრამ, აბა, ადამიანი ცოდვას ეგრე იოლად მოიშლის? მე თუ მითქვამს ტყუილი? - როგორ არ მითქვამს, ბევრჯერ. მომინანიებია კიდეც, მაგრამ მერე ცხოვრება ისე გითრევს, იმ ცოდვას ისევ იმეორებ. ტყუილი, რომელიც, მართალია, უნებლიე და საჭიროც იყო, მაინც მწარედ მახსოვს. დედაჩემს კიბო აღმოაჩნდა, მაგრამ ოპერაცია მაინც გაუკეთეს, ნარკოზიდან გამოფხიზლებულმა მკითხა, - რა მჭირს, შვილოო. ყველაფერი კარგადაა-მეთქი, დავაიმედე და თვალი უტიფრად გავუსწორე. თუმცა ჩუმად ვტიროდი, მაგრამ ასე "ვამშვიდებდი" მთელი თვის მანძილზე. სიკვდილის წინ მითხრა, - ყველაფერს ვხვდებოდი, მაგრამ გულის კუნჭულში მაინც იმედი მქონდა, რომ ცოტა ხანს მაინც ვიცოცხლებდი. რატომ მატყუებდი, უფალთან შესახვედრად უკეთ მოვემზადებოდიო. მაშინ მივხვდი, დავაშავე. ეს თქვა და დედა რამდენიმე წუთში გარდაიცვალა... "სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა ზე სიმართლით ავიბარგოო", - ბრძანებდა გურამიშვილი და ასეა - ორპირობა, ქლესა ადამიანის თვალებში ციცინი, პირფერობა და "უკან ზრახვა" მტერია ადამიანისა. სწორედ მაქებართ უნდა ერიდო...
ბეჭდვა
1კ1