როდის დაიწყებს მზე ჩასვლას, რომ საქართველოში ჩამეძინოს...
როდის დაიწყებს მზე ჩასვლას, რომ საქართველოში ჩამეძინოს...
იმერელი მუსიკოსი ევროპაში - ემიგრანტის დღიურიდან

თეა კეკუა გერმანიაში, მიუნხენის ქართული ემიგრაციის ნაწილია. ნიჭიერი ახალგაზრდა საკუთარ სათქმელს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს:

- ამ მწარედ დამღლელმა სიშორემ ღამე შემაყვარა, რადგან მასში ჩამეძინება, მასში, ანუ ღამე-საქართველოში. და ვმოგზაურობ გამთენიამდე თვალებგახელილი, ხშირად ფეხშიშველი, ფეხაკრეფით. შეგძნებები კი უმძაფრესია. სულიმწარედ ველოდები ხოლმე, როდის დაიწყებს მზე ჩასვლას, რომ საქართველოში ჩამეძინოს... და დავრჩი ღამეზე გამიჯნურებული. მაგრამ მე და ღამე ძალიან შორს ვართ ერთურთისგან...
მჯერა, ნათესაური კავშირია სიტყვა "ობლობასა" და "ემიგრანტობას" შორის - ეს ყოველივე დედაშვილობას ან მამაშვილობასაც მაგონებს. ეს ის სამყოფელია, სადაც სამშობლოს მიღმა ხარ, ცხადი კი ესაა: სადღაც... უმშობლოდ, ანუ ობლად...

თუ გაგიმართლა, ნებსით თუ უნებლიეთ ობლობა სასიკეთო აღმოჩნდება ხოლმე... აქ კი ილია, აკაკი, ვაჟა, ლადო გუდიაშვილი, გრიგოლ რობაქიძე და ვინ არ გაგახსენდება... განსაკუთრებით თერგდალეულები. მათი წყალობაა, რომ თავს არ მანებებს ფიქრი სამშობლოდან გადახვეწილ ქართველობაზე (მაგრამ ისინი არ ბრუნდებიან 24 წლისანი უკან (ილიასავით!) და არ მიაქვთ დიდი შეკითხვა ილიასი - "როგორ შევეყრები მე ჩემ ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე"... მათ ალბათ მიაქვთ საჩუქრები შვილებთან, მშობლებთან და გასავათებული არსებობა, არაფრისმთქმელი და ჩაგრული რეალობა. ყოველივე ეს ფობიად მექცა, მე არ მაქვს ფიქრი სამშობლოზე, არამედ შიში სამშობლოსი: რით ვუშველო, ან რით მიშველის იგი მე?! სევდიან მელოდიად ამეკვიატება ხოლმე ეს შიში. ამ დროს შოპენი და მისი ფანტაზია ხშირად ძალიან ახლობელია...

ხშირად სხეულის ყოველ ნაკვთში, სადაც შეგრძნება არსებობს, უცნაური რამ მემართება: ვხედავ - მტკივა, ვუსმენ - მტკივა, ვერ ვეხები - მტკივა. მოკლედ, მელოდია ფრიად მტკივნეულია.
ერთ მშვენიერ დღეს კი გულმა შემაწუხა. თურმე გულის ტკივილი არ არის უჩვეულო სამშობლოდან გადახვეწილისაო, _ დამამშვიდა ღრმად პატივცემულმა კარდიოლოგმა, როდესაც შევჩივლე, - მაქვს მოჭერითი ტკივილი გულის არეში, მიჭირს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, დამჩემდა უჩვეულო უგუნებობა-მეთქი. მანაც არ დააყოვნა, - საშობაოდ იქნებ მოახერხოთ და წაბრძანდეთ იქ, საიდანაც მობრძანდით. დასვენება, დადებითი ემოციები და სითბო გჭირდებათო.
რომელ პათოლოგიაზეა ლაპარაკი! ამ ოხერმა გულმა ვერა და ვერ დაივიწყა ის, საიდანაც მოდის, მას კი, საქართველოს, ასეთი მოქალაქე არაფრად სჭირდება.
მე კი არ ვიცი, ან ვიცი - რატომ.

ყოველი ეს დაუბრუნებელი წუთი მრავალთა ცხოვრებაშია დღეს, ეს ხშირად გამაგიჟებელი ობლობაა... ეს გახელებული ამინდია, აჭრილი რეალობიდან, ეს დამშრალი და უკვე აღარარსებული მდინარე თერგია.
დიახ, ეს სიხელეა და ამასობაში, ერთ მშვენიერ შემოდგომას, მეც გავგიჟდი. რატომ შემოდგომას? ზემოხსენებული განვაგრძოთ: ჩვენ სულ რაღაც სამ შეგრძნებაზე ვისაუბრეთ. სამივეგან აღინიშნებოდა ტკივილი... ეს იყო მხედველობა და ალბათ მიმიხვდით კიდეც, სად გავჩერდი. მეოთხის ჯერიც დადგა. საიდან გინდა იგრძნო სამშობლოს სურნელება, როდესაც 4000 თუ 5000 კმ-ით ხარ დაშორებული მისგან. ის დღე იყო და, დილას სამშობლოზე გასაოცარი შიშით გამეღვიძა, ქუჩაში გამოვედი, უკვე სიცივეს დაპირებული შემოდგომა იდგა. გამახსენდნენ ძვირფასი თოლიები... ვიფიქრე, გზად ჩვენსას გამოვლილთ იქნებ ჩვენებური სურნელება გამოყვათ-მეთქი. ბევრი ვიბორიალე, თუ ცოტა, ცაზე მიჩერებული მრავალგზის წავბორძიკდი. დავშავდი ხან იოლად, ხან მტკივნეულადაც. ყოველ ბორძიკზე გულში ღრმად გამკრავდა ხოლმე, მაგრამ ღრმადპატივცემული ექიმის სიტყვები კვლავ და კვლავ მამშვიდებდა, რომ სერიოზული არაფერი მჭირდა.
ვიცი, ეს უბრალო სამშობლოს მონატრებაზე წუხილი სულაც არ გახლდათ.

ამ ბორიალში დავეწიე თოლიებს, გავჩერდი და მოვინდომე, ღრმად ჩამესუნთქა, თუნდაც ისე ღრმად რომ ძალიან მტკენოდა.
და ამანაც არ დააყოვნა. ავყვირდი, არ ვიცი, სიხარულისა თუ ტკივილისგან. ეს კი გაუჩერებელი აღმოჩნდა, ეს სამი ჩემს ძალებს ზემოთ დადგნენ და ერთიანად დაიწყეს: ტკივილი, სიხარული, ყვირილი, მონატრება, ტირილი, სიმღერა და იმ ღამეს ევროპელებმა კეთილმოწყობილ საგიჟეთში ციმციმ მიმაბრძანეს. მე კი, რადგან ღამეზე უკვე გამიჯნურებული გახლდით, არ შევშინდი და ჩემით ჩავიძინე საქართველოში, დაწყებული მოგზაურობის გასაგრძელებლად, სადაც, ბოლო პუნქტი არხოტი იყო. არხოტის ცას შევაჩერდი, მაგრამ, იქ არ ველოდებოდი თოლიებს, რადგან, იქ არც მტკიოდა და არც სევდიანად მემღერებოდა.

ეს იყო და ეს, მას შემდეგ ჩემი თითები ვეღარ დარბიან ჩემს საყვარელ ინსტრუმენტზე, რადგან ათასგზის წაბორძიკებულმა ზედა კიდურებში შეგრძნება დავკარგე. ეს დღე იყო და ეს, გულის სიმებიც უფუნქციოდ იქცნენ. მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და, არ მაკლია ყურადღება ექიმებისა, რომელთათვის ყველა გიჟი - გიჟია, განურჩევლად რასისა, ფერისა თუ წარსულისა. ჩემი არავის სჯერა, რომ არსებობს სიტყვა "საქართველო", პატარა იმერეთი, რომ არსებობს სადღაც ჯორჯია, რომ მეც ჯორჯი მქვია და რომ დავაპირე სამშობლოს კულტურის ექსპორტი დიდ და კულტურულ ევროპაში, მაგრამ ობლობაში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა და ახლა ჩემი აღარავის ესმის, ჩემი აღარ ისმინება და მეც დავრჩი ვინმე ხელ ჯორჯად, როგორც უკვე ითქვა დიდ და კულტურულ ევროპაში...

ბეჭდვა
1კ1