ვფიქრობ, ქრისტიანობა მაშინ იწყება, როცა მთავრდება ადამიანური ეგოიზმი...
ვფიქრობ, ქრისტიანობა მაშინ იწყება, როცა მთავრდება ადამიანური ეგოიზმი...
რა არის ქრისტიანობა? როდის ვხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები? მხოლოდ ეკლესიაში სიარული და გასაჭირში ლოცვის კითხვა მაქცევს უფლის შვილად?

ნაცნობებს, თანატოლებს შორის, უფროს თუ უმცროს თაობაში ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომელთაც უფალი იპოვეს. იპოვეს საკუთარ გულებში და მისდევენ მას, იღვწიან და ავრცელებენ მაცხოვრის სწავლებას, ცხოვრობენ ამქვეყნად და თავიანთი რწმენით ზეციურ სასუფეველში იმკვიდრებენ ადგილს.

ეკლესიაში ადრეც შედიოდნენ, თუმცა მხოლოდ კულტურისა და ისტორიული ძეგლის გაცნობის მიზნით. შემდგომში კი უფალი და ეკლესია მთელი გულითა და რწმენით მიიღეს. ალბათ, ადრე თუ გვიან ყოველი ადამიანი დგება არჩევანის წინაშე: კეთილი თუ ბოროტი, უფალი თუ სატანა, დათვლილი წუთები თუ მარადიული ცხოვრება...

გიორგი კარელიძე, 45 წლის:
- 90-იანი წლები... ეს ის დროა, როცა მაღაზიის თაროებზე პირველად გამოჩნდა სახარება. ინტერესის გამო ვიყიდე და გადავათვალიერე. მერე წავიკითხე, თუმცა ვერ გავიგე.

ტაძარში შესვლისას განსაკუთრებულ, სხვებისგან განსხვავებულ გარემოში ვხვდებოდი, სადაც სითბოს, სიტკბოს, სიმშვიდეს ვგრძნობდი... ეკლესიაში კი დავდიოდი, წირვებსაც ვესწრებოდი, მაგრამ, ფაქტობრივად, იქ არ ვიყავი, არ მესმოდა, არ ვიყავი მზად სიბრძნისა და მადლის მისაღებად. და რა გასაკვირია, რომ მივატოვე ეს ყველაფერი და აღარც გამიხედავს ეკლესიისკენ?

მერე დიდ განსაცდელში ჩავვარდი და სწორედ ამ განსაცდელმა მიმიყვანა და დამტოვა კვლავაც ტაძარში.

ჩემი პირველი, თუნდაც გაუცნობიერებელი, მისვლა ეკლესიაში გახდა, ალბათ, საფუძველი შემდგომში კვლავ დაბრუნებისა. ასე რომ, არც ერთი ნაბიჯი უკვალოდ არ იკარგება. ტაძარში ერთ მისვლასაც კი რამხელა ძალა ჰქონია!..

ეკლესიურმა ცხოვრებამ მაპოვნინა საკუთარი თავი, ხელახლა დავიბადე და სიბინძურისგან განვიბანე. ეს ყოველივე რომ გაიგოს ადამიანმა, საკუთარ თავზე უნდა განიცადოს ეს ბედნიერება.

ვფიქრობ, ქრისტიანობა მაშინ იწყება, როცა ადამიანური ეგოიზმი მთავრდება...

ვახტანგი, 28 წლის:
- საქართველოში დავიბადე და გავიზარდე. შემდეგ რუსეთში მომიწია წასვლა. იქ წუთისოფელს აყოლილმა ცხოვრებამ არ მიმიზიდა და კვლავ საქართველოს მოვაშურე.

ჯერ კიდევ მე-3 კურსზე სწავლამ ჩემთვის ფასი დაკარგა - ვხვდებოდი, ფულისა და ნაცნობობის გარეშე ცოდნის გამოყენება შეუძლებელი იყო.

ერთ-ერთ პარტიაში შევედი. კიდევ უფრო ნათლად დავინახე წუთისოფლის ამაოება, ყველაფერი ტყუილზე ყოფილა დამყარებული. მე და ჩემი თანაპარტიელები უამრავ სიბინძურეს შევეჯახეთ. ვცდილობდით, თავი აგვერიდებინა მისთვის... აქედან დაიწყო ეკლესიით ჩემი დაინტერესება.

რატომ მივმართე მაინც და მაინც ეკლესიას და არა, ვთქვათ, ფსიქოლოგს? ფსიქოლოგს შეუძლია, რჩევა მოგცეს, მაგრამ ბოროტებასთან ბრძოლაში ვერ დაგეხმარება.

მეგობრის დახმარებით შევხვდი და ვესაუბრე მოძღვარს. ერთ მხარეს - ეშმაკის მანქანების, მეორე მხარეს კი მოძღვრის ამხელა სიწმინდის დანახვამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა. მისი მკაცრი ცხოვრების შემყურემ მოვისურვე, სწორედ ის გამხდარიყო ჩემი ცხოვრების მეგზური.

მანანა ყორანაშვილი, 61 წლის:
- არ ვიცი, სკოლიდან მოდიოდა ეს თუ ოჯახიდან მომდგამდა, მაგრამ ყოველთვის მიყვარდა ჩვენი ერის ისტორია. ვიცოდი, მეფენი ხმლით იბრძოდნენ, წმინდა მამები კი წიგნით ცოდნას გადმოგვცემდნენ. ამიტომ უდიდეს პატივს ვცემდი სასულიერო პირებს.

არქიტექტურული ფაკულტეტის I კურსზე სწავლისას პრაქტიკა სამთავროს დედათა მონასტერში გავიარე. ახლა გული მწყდება - ყოველდღე ვათვალიერებდი ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, სამთავროს და ერთხელაც არ გამიხედავს მონასტრისკენ. თუმცა გავიდა წლები და მთელი ხუთი წელი ვცხოვრობდი სწორედ ამ მონასტერში...

გორში, გაუქმებულ ტაძარში, ახალგაზრდობის ცენტრი იყო გახსნილი. ხელმძღვანელი მე გახლდით. ჩამოვრეცხეთ და გამოვაჩინეთ შეთეთრებული ფრესკები.

იმ პერიოდში გამოჩნდა სახარებაც. წაკითხვა მინდოდა, მაგრამ დამხმარე მჭირდებოდა. რადგან გორში ტაძარი არ იყო, ატენის სიონში წავედი მოძღვართან.

ეკლესიური ცხოვრების დაწყების შემდეგ შინაგანად დიდად არ შევცვლილვარ, არც ძველი ცხოვრება დამნანებია. ალბათ, ღვთის მადლით, გულში რაღაც მიძინებულმა გამოიღვიძა...

ახლა ვფიქრობ: რამხელა ბედნიერებაა, რელიგიის მასწავლებელი იყო და მრავალი მოაქციო უფლისკენ. ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს, როცა ტაძარში ჩემს ნამოწაფარს ვხვდები და მეუბნება: იცით რა, თქვენ მე გზაზე დამაყენეთო...

რევაზ გორდაძე, 32 წლის:
- ერთი ჩვეულებრივი მორწმუნე ქართველი ვარ. ოჯახში მასწავლეს და დაბადებიდან პატიოსნად ვცხოვრობდი. მერე ჩემს ცხოვრებაშიც დადგა დრო, როცა ეკლესიაში მივედი.

სკოლას რომ ვამთავრებდი, კარატეზე შევედი. მასწავლებელი ძალიან ეკლესიური, მორწმუნე ადამიანი აღმოჩნდა. ერთხელაც, ვარჯიშის დროს, ქრისტიანობასა და ქრისტიანებზე ჩამოვარდა საუბარი. მე ამ საკითხში ვერ ვერკვეოდი, ხმა ვერ ამოვიღე და შემრცხვა... შემრცხვა, რადგან მონათლული ვიყავი, ჩემს სარწმუნოებაზე კი არაფერი ვიცოდი.

მასწავლებლის რჩევით, ეკლესიაში მივედი. პირველი, რამაც მომხიბლა, გალობა იყო. ვთქვი კიდეც: რა კარგად გალობენ-მეთქი. სწორედ გალობის ხათრით დავიწყე ტაძარში სიარული.

ერთხანს სალოცავში იმისთვის მივდიოდი, რომ, ტრადიციისამებრ, პირჯვარი გადამეწერა, სანთელი დამენთო... ვიცოდი, უფალი უნდა მყვარებოდა და პატიოსნად მეცხოვრა, მეტი არაფერი...

ღვთის წყალობით, მადლი მეწვია და მეტის შეცნობის სურვილი გამიჩნდა. შემდეგი ნაბიჯი მოძღვართან მისვლა და პირველი აღსარება იყო.

სემინარიაში ჩაბარება მოვიწადინე... რამდენიმე ბიჭი წავედით ახალციხეში. მეუფე სერგიმ სიხარულით მიგვიღო სემინარიაში და რჩევებიც მოგვცა.

დღესაც ეკლესიის წიაღში ვარ, სტიქარი მაცვია და ვმადლობ უფალს ყველაფრისთვის.

ეკლესია - სულის საავადმყოფოა. რაც უნდა გამძიმებდეს ცოდვები, მაინც შეგამსუბუქებს და სიკეთისკენ შემოგაბრუნებს.

საკუთარ თავზე ვიტყოდი: უამრავ რამეზე ვთქვი უარი ეკლესიაში მოსვლის შემდეგ და ეს იმიტომ, რომ უფალი მიყვარს. პასუხისმგებლობას ვგრძნობ: დადგება დრო, როცა უფლის წინაშე ვაგებ პასუხს ყველაფერზე.

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1