ქმარი მყავს აჭარელი და მეც გავმუსულმანდი
ქმარი მყავს აჭარელი და მეც გავმუსულმანდი
ქრისტიანობა მხოლოდ საკუთარ თავზე ლოცვა როდია; მოყვასის სიყვარული დაგვისახა მიზნად უფალმა და უნდა ვიცოდეთ - თუ სხვაზე ვიზრუნებთ, ლოცვით, შრომითა თუ მატერიალურად შევეწევით, მრავალმოწყალე უფალი ასმაგად მოგვიზღავს.

უღმერთობა მძიმე სატანჯველია, თუმცა უფალმა იცის, რომ ყოველ დროში "მრავალნი უარყოფენ" და ყოველ დილით ლოცვად დამდგარ ქრისტიანს ათქმევინებს: "უღმრთონი შენდა მოიქცენ".

ნატალია (55 წლის): არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, რა განსაცდელი ელის ღვთის უარმყოფელს... ერთმა ამბავმა კი ისე შემაწუხა, როცა კი გამახსენდება, გულზე მარწუხივით მომიჭერს.

მეზობელ ქუჩაზე ვერცხლეულის მშვენიერი მაღაზია გახსნეს. საჩუქარს ვეძებდი და შევედი. დახლს იქით მუსლიმანურად თავმობურული ულამაზესი გოგონა შევნიშნე. თურქი მეგონა და ჩემთვის ჩავილაპარაკე, ახლა ამას რა გავაგებინო-მეთქი. გამართული, ლამაზი ქართულით მიპასუხა, - რა გნებავთ, ქალბატონოო. ვიფიქრე, ალბათ თურქეთიდან ჩამოსული ქალია-მეთქი და გამიხარდა კიდეც, ქართული რომ არ დავიწყებოდა. გამოველაპარაკე. კახელი აღმოჩნდა. შეცბუნება რომ შემატყო, მითხრა, ქმარი მყავს აჭარელი და მეც გავმუსულმანდიო. აჭარლები ძირძველ რელიგიას უბრუნდებიან და შენ რატომ უღალატე ქრისტეს-მეთქი. ზოგი ქრისტიანდება, ზოგი კი მუსლიმანდებაო - არ გაიტეხა იხტიბარი. მერე მომიყვა, როგორ ეძებდა ჭეშმარიტებას და როგორ მიაგნო... ქრისტიანისთვის შეუფერებელმა სიბრაზემ დამრია ხელი, მაგრამ ვეცადე, ნიშნის მოგების საბაბი არ მიმეცა და ვუთხარი, რა გქვია, შვილო, შენთვის ვილოცებ-მეთქი. მე კიდევ - შენთვისო, უტიფრად მომახალა.

იმ დღეს არაფერი მიყიდია, აღარც მერე მივსულვარ, თუმცა მინდოდა, ერთი-ორი სიტყვა მეთქვა. მას შემდეგ ვლოცულობ. მართალი გითხრათ, სიბრაზემ გამიარა და მისი ადგილი სიბრალულმა დაიკავა - არ ვიცი, რა ჰქონდა საძებარი, ჭეშმარიტება ხომ ქრისტიანობაშია და კახეთში, მართლმადიდებლობის სისხლით დამცველ კუთხეში, ნუთუ ვერ იპოვა?!

მაყვალა (58 წლის): შესაძლოა, ქრისტიანი იყო, მონათლული, და გზა აგებნეს. ასეთები ახლა განსაკუთრებით მომრავლდნენ, თუმცა ქრისტიანულად მცხოვრებთა რიცხვმაც იმატა.

ჩვენი თაობის ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებმა - იმ პერიოდმა, როცა სული ყალიბდება, კომუნისტების მარწუხებში გაიარა. მაგრამ წავიდა ის დრო, დამარცხდა უღმერთობა და გზა გაგვეხსნა ეკლესიისკენ. იმ დრომ უამრავი წმინდანი შვა. განა წმინდანის ცხოვრებით არ იცხოვრეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ბერიას საპყრობილეებში ჩაიხოცნენ, მაგრამ ადამიანობაზე, მრწამსზე, სამშობლოს სიყვარულზე უარი არ თქვეს, კომპრომისზე არ წავიდნენ?!

მაგრამ ზოგიერთმა კომკავშირული აზროვნება ვერა და ვერ შეიცვალა და ვერ ირწმუნა მარადიული ცხოვრება...

ჩემი ძმა უნიჭიერესი კაცი იყო. მაგრამ ეს არაფერი; ისეთი პატიოსნება, ადამიანთა სიყვარული, სამართლიანობის გრძნობა ჰქონდა, ხანდახან მშურდა კიდეც მისი. ერთხელ ვიღაცაზე გავბრაზდი - ვალი არ დამიბრუნა, არადა კაპიკი აღარ მქონდა - და ხმამაღლა ვთქვი, დავურეკავ და გავლანძღავ-მეთქი. შემომხედა - მერე როგორ შეხედავ მოძღვარს თვალებში, გაჭირვებულ ადამიანს კიდევ რომ დაამძიმებ. რომ ჰქონდეს, ხომ მოგცემდაო.

ეკლესიაში არ დადიოდა, თორემ ყოველ დღესასწაულზე, თუკი რაიმე საქმე გამომიჩნდებოდა და ვიტყოდი, ვერ წავალ-მეთქი, მიპასუხებდა: ოღონდ წადი და მაგას მე მოგიგვარებო. არ ვიცი, რა აკავებდა. როცა სიტყვას ჩამოვუგდებდი, იტყოდა, ალბათ ღმერთი თვითონ მომცემს ნიშანსო.

უფლის სამართალს ვინ შეიმეცნებს - უზიარებელი გარდაიცვალა. თავს ვიდანაშაულებ, რომ მეტი არ ვიღვაწე... მაგრამ როცა ამის შესახებ მის სიცოცხლეში მოძღვარს შევჩივლე, დამარიგა - შენი საქმე ლოცვაა და ამპარტავნებას ნუ გამოიჩენო.

ვიცი, დაუცხრომლად უნდა ვიღვაწო მისი სულისთვის და იმ იმედით ვცოცხლობ, რომ უფალი შეიწირავს ჩემს ხვეწნა-მუდარას.

ლაშა (36 წლის): განათლებული მშობლები მყავდა - დედა ისტორიკოსია, მამა (ახლახან გარდამეცვალა) ეკონომისტი იყო. დედაჩემს, მიუხედავად პროფესიისა, ქრისტიანობის არაფერი გაეგებოდა. მე და ჩემი ძმა კი ისეთ წრეში მოვხვდით, ნელ-ნელა უკუვაგდეთ აღზრდით მიღებული ურწმუნოება... ჩვენი რამდენიმე მეგობარი მღვდელი გახდა.

მამა რომ გარდაიცვალა, ყველაფერს ვაკეთებდით, ქრისტიანულად რომ მიგვებარებინა მიწისთვის. დედაჩემი სასოწარკვეთილი იყო, ვერ ვაჩერებდით, ისე ტიროდა. ჩვენი მეგობარი ღვთისმსახურები მოვიდნენ სამძიმარზე. მათ დანახვაზე გული ამოუჯდა. ნათესავმა ქალმა მისი დამშვიდება სცადა: ყველაფერი არ დამთავრებულა, ისინი ჩვენზე უკეთ არიან ღვთის სიახლოვესო. გადაირია, მაგრამ რა გადაირია! ისეთი სიტყვები ამოუშვა პირიდან, სირცხვილით დავიწვი. მოძღვრებს ხმა არ ამოუღიათ, ნელ-ნელა გაიკრიფნენ ოთახიდან.

ორმოცამდე გამუდმებულმა ლოცვამ და ქრისტიანულმა წესებმა - პანაშვიდებმა, შეკვეთილმა წირვამ, როგორც ჩანს, გული და გონება გაუხსნა და მოისურვა, ნელ-ნელა თვითონაც ჩართულიყო სულის საცხოვნებელ ცხოვრებაში...
ბეჭდვა
1კ1