წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
მე და ჩემი ოჯახი ჟურნალ "კარიბჭის" ერთგული მკითხველები ვართ და როცა კი ამის საშუალებას გვაძლევს ღმერთი, ყოველთვის ვყიდულობთ და უდიდესი ინტერესით ვეცნობით მასში გამოქვეყნებულ მასალებს. ჟურნალში ხშირად მოგვითხრობთ წარსულში თუ დღევანდელ დღეს აღსრულებული სასწაულების შესახებ. მეც შემემთხვა ასეთი რამ და მინდა თქვენც მოგიყვეთ.

სამოცდაერთი წლის ვარ. როგორც ჩვენი თაობის უმრავლესობა, ძალიან გვიან მივედი ეკლესიაში, წმინდა ნიკოლოზის სახელზე ნაკურთხ ღვთის სახლში, ხეთაგუროვზე. ეს იყო 1994-95 წლებში.

წირვის შემდეგ, ხალხი რომ შეცოტავდა, მივედი მამა გრიგოლთან (გოცირიძე) და ვთხოვე, თავის მრევლში მივეღე. შემომხედა და მითხრა: რა ვქნა, შვილო, ძალიან ბევრი ხალხი მყავს, ვეღარ შევძლებო. რაღას ვიზამდი, გავაგრძელე ისევ ძველებურად სიარული. ერთი კვირაც არ გასულა, მოდის ჩემთან და მეკითხება: რა ქენი, შვილო, ნახე თუ არა მოძღვარიო. ვერა, მამაო, ისევ ისე ვარ-მეთქი. გაიცინა და სულიერ შვილად მიმიღო. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მამა გრიგოლი ჩემთვის გახდა არა მარტო სულიერი, არამედ თითქმის ხორციელი მამაც. როგორც შემდგომში სხვებისგანაც მომისმენია, მან დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა სულიერი შვილებისა.

ძველს გავიხსენებ: 1984 წელს თავში სისხლის გაჟონვა დამემართა. მეხსიერება, მეტყველება, მხედველობა ძალიან დამიქვეითდა. თავის მუდმივი აუტანელი ტკივილი მქონდა. თუმც ყველაფერს ეცადნენ ექიმები აქაც და მოსკოვშიც, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს. ვიყავი ასე. გარეთაც დიდი წვალებით გამოვდიოდი.

KARIBCHEერთხელ ვსხედვართ ეკლესიის ეზოში მამა გრიგოლი და მე. ვლაპარაკობთ. მომაყოლა ჩემი ამბავი. მანამდე მეხათრებოდა, ვერ ვეუბნებოდი. რომ მომისმინა, მითხრა: აბა, შვილო, შევიდეთ ტაძარში და უფალს ვთხოვოთ შველაო. შევედით. მუხლი მოვიყარე. მან ლოცვა დაიწყო. როგორც კი თავზე ხელი შემახო, თითქოს რაღაც ცეცხლი ჩამეღვარა სხეულში და ფეხის თითებამდე ჩავიდა. ჯერ ვერ გავიგე, რა მოხდა, ხომ არ მომეჩვენა-მეთქი, ვიფიქრე. მერე გამოვუტყდი, მამაო, ასეთი რაღაც დამემართა-მეთქი. გაიცინა და მეუბნება, ნუ გეშინია, ღმერთი მოწყალეა, გიშველისო. ერთი სიტყვით, თუ საბჭოს მოედნიდან (იქ ვცხოვრობთ) ძლივს ჩავდიოდი ეკლესიაში, იქიდან ისე მოვედი, დაღლა აღარ მიგრძნია. მამა გრიგოლის ლოცვით, აშკარად მოვმჯობინდი.

2008 წლის შემოდგომაზე სრულიად უმიზეზოდ ამტკივდა მარცხენა ხელი იდაყვიდან მტევნამდე. ტკივილი აღარ მიჩერდებოდა, ღამით არ მაძინებდა. ხელი დამისივდა და გამიწითლდა. ასე გაგრძელდა სამი თვე, ოქტომბრიდან დეკემბრამდე. უფალს, მის სათნომყოფელებს, ვისი სახელებიც ვიცოდი, შემწეობასა და განკურნებას შევთხოვდი. ვევედრებოდი, ცხადია, ჩემს მამა გრიგოლსაც.

ერთხელაც, კერძოდ 24 დეკემბერს, გამთენიისას, ცოტა ხნით ჩამთვლიმა და ვხედავ - მამა გრიგოლი ჩამომიჯდა საწოლზე მარჯვენა მხრიდან. ახლაც ვერ გამიგია, სიზმარი იყო თუ ცხადი. უკავია ნემსი და მეუბნება: შვილო, ახლა ნემსს გაგიკეთებ და ხელის ტკივილი გაგივლისო. მამაო, მე ხელი მტივა, თანაც მარცხენა, შენ კი ნემსს მარჯვენა ფეხში მიკეთებ, როგორ მიშველის-მეთქი. გაიღიმა და მითხრა, ნუ გეშინია, შვილო, არც ნემსის გაკეთება გეტკინება და უცებაც გიშველისო.

გამიკეთა და გამოვფხიზლდი. მარჯვენა ხელი აწეული მეკავა ჰაერში - მამა გრიგოლი საწოლზე რომ ჩამოჯდა, ჩემკენ ზურგით იყო და მარჯვენა ხელი მარცხენა მხარზე დავაყრდენი.

აი, ასეთი რამ გადამხდა. ტკივილი უცებ გამიქრა. ორიოდ დღეში სიწითლემ და გასიებამაც გამიარა. მჯერა, რომ მამა გრიგოლი აშკარად გამომეცხადა; ვერ დამიჯერებია, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო. გაოგნებული ვარ!

ამ წერილით მაინც მინდა გამოვხატო დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩემი დიდი სულიერი მოძღვრის, მამა გრიგოლისადმი, რომლის სიტყვას უდიდესი ძალა ჰქონდა და აქვს უფლის წინაშე. მისი მრევლი დღესაც გრძნობს ამას.

ღმერთმა აცხონოს მისი წმინდა სული. ამინ!

შალვა მკერვალიძე
ბეჭდვა
1კ1