მინდა გამოვიდე და ვიყვირო: ხალხო, რა კარგები ხართ!
მინდა გამოვიდე და ვიყვირო: ხალხო, რა კარგები ხართ!
"სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირიო" - ეს ქართული ანდაზა ზუსტად გამოხატავს გულგრილობის არსს და, სავარაუდოდ, ამით შეწუხებული კაცის ნათქვამია. ქრისტიანობა კი, პირიქით, სწორედ სხვისი ჭირის გულთან მიტანას, გათავისებას გვთხოვს. თუ გურამ ასათიანს დავესესხებით, "ქართული სული თანაგრძნობის მაძიებელია და შეცოდება, სიბრალული ქართველი კაცის თვალში სათაკილო გრძნობა არ არის..."

გიორგი (35 წლის): ყველა ადამიანს, რაც უნდა ძლიერი იყოს, ცხოვრებაში უდგება წუთი, როცა თანაგრძნობას ითხოვს და გულგრილობა ამ დროს დამღუპველია. აბა, წარმოიდგინეთ მშობელი, რომელიც გულგრილია შვილების, ოჯახის მიმართ. ასეთი ოჯახი დაქცეულია. ასევეა ადამიანიც. მე ასე ვფიქრობ, როცა გიყვარს მოყვასი, მისი გაჭირვების მიმართ გულგრილი ვერ იქნები.

როცა მამის სიკვდილი გამოვცადე, მივხვდი, რაოდენ დიდი მადლი აქვს თანაგრძნობას. დაკრძალვებზე სიარული არ მიყვარდა და ამის გამო მშობლები ხშირად მსაყვედურობდნენ. მიკვირდა, ჩემი მისვლა მათ გაჭირვებას, აბა, რა შვებას მისცემს-მეთქი. მაგრამ როცა თავად გამიჭირდა და ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანების მოსვლაც კი რაღაცნაირ შეუცნობელ სიხარულს მგვრიდა, მივხვდი, რა ცუდია, როცა გეზარება თანაგრძნობის გამოხატვა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გულგრილი ხარ მოყვასის მიმართ. როცა გიჭირს და სხვას ამ ტკივილს გაუმხელ, თუ ის ყურადღებით გისმენს და რჩევას გაძლევს, იმედი გესახება, მაგრამ თუ გამოცარიელებული თვალებით გიმზერს და ხვდები, შენი საწუხარი სულ არ აინტერესებს, შენც რაღაცნაირად ითრგუნები.

ნატა (65 წლის): გულგრილობა საშინელებაა! მე დიდი ხანია ევროპაში ვცხოვრობ და კარგად ვიცი გულგრილობის ფასი. იქ ყველა საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი, ცოლს, ქმარსა და შვილებსაც კი განსხვავებული ინტერესები აქვთ. ეს თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ერთმანეთისაც რომ არაფერი აინტერესებთ, განა ეს კარგია? დედას რომ შვილის იმედი არ აქვს და პირიქით, ამას რა ჰქვია? რასაკვირველია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქართველებში არ არიან სხვადასხვა "გუნების" ადამიანები, მაგრამ ძირითადად ერთმანეთისთვის გულის გადაშლა და თანაგრძნობის გამოწვევა გვიყვარს. ალბათ ამან გაგვაძლებინა.

ჩვენც ხშირად ვიკრიბებით და ერთმანეთს ჩვენ-ჩვენს ამბებს ვუყვებით. ერთი, ასე ვთქვათ, დედა ქალბატონი გვყავს, თამარი. ყველას მოუსმენს და, რომ იტყვიან, წყალში ჩადგება, თუ რომელიმე ჩვენგანს უჭირს.

ჩვენს მეზობლად ერთი ოჯახი ცხოვრობდა. ქალი შვედი იყო, ქმარი - გერმანელი. ოთხი შვილი ჰყავდათ. ერთ დღესაც ეს კაცი ადგა და ოჯახიდან წავიდა - დავიღალეო. არც ვინმე ჰყოლია, ისე, დასვენება მოუნდა. მე და მისი ცოლი ერთმანეთს მხოლოდ სალმით ვიცნობდით. ერთხელაც კარზე დამიკაკუნა. გავუღე, შემოვიყვანე. გული გადამიშალა, იტირა, სამსახური რომ დავიწყო, ბავშვები ვისთან დავტოვოო. ნუ გეშინია, მე მიგიხედავ-მეთქი. მართლაც, დილაადრიან გადმომყავდა ბავშვები და დედის მოსვლამდე, პირველ საათამდე, ჩემთან იყვნენ. თვე რომ გავიდა, ფული შემომიტანა. შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და უკან დავუბრუნე. ახლა იმის მტკიცება დამჭირდა გაოცებულ-გაოგნებული ქალისთვის, რომ კი არ მეცოტავა, მეგობრობაში ფულს არ ვიღებდი. მერე დავსვი და ავუხსენი, რომ ჩვენში ასეთი თანადგომა და ურთიერთდახმარება ჩვეულებრივი მოვლენაა, მე შენი შვილები ძალიან მიყვარს და ამ სიკეთეს ღმერთი დაინახავს-მეთქი. ღმერთი მათთვის აბსტრაქტული ცნებაა. განა სიკეთეს არ აკეთებენ, მაგრამ ამ სიკეთეს გადახდა უნდა - ან ფულით, ან საჩუქრებით.

ახლა ჩემს სამშობლოში დაძაბული მდგომარეობაა, მაგრამ მინდა გამოვიდე და ვიყვირო, ხმამაღლა ვუთხრა ჩემს ქართველებს: ხალხო, რა კარგები ხართ!

თეონა (40 წლის): დღეს ისეთი ვითარებაა საქართველოში, როგორ შეიძლება გულგრილი იყო?! ქრისტიანობა ჩვენთვის სამშობლოს სიყვარული და თავდადება იყო. რუსთაველი ბრძანებს: "ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიანო". აქ "მეფეში" სამშობლო, მამული იგულისხმება. ზოგს ეს პოლიტიკა ჰგონია, შენ შენი ქვეყანა უანგაროდ, გულმხურვალედ გიყვარდეს. პოლიტიკაშიც სიყვარული აგარჩევინებს სწორ გზას, სწორ არჩევანს გაგაკეთებინებს.

ჩემი მეუღლე დიდი პატრიოტია. ზვიადი რომ გააქციეს, შეყვარებულები ვიყავით და იმ პერიოდში შევუღლდით. მამამისს ქორწილი არ გადაახდევინა. ანკი ვის ექორწილებოდა გაგანია ომის დროს. მთელი ოჯახი ვიტანჯებოდით. მართლა ძნელია, როცა შენი სისხლ-ხორცი ერთმანეთს ებრძვის და კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, როცა არ იცი, როგორ მოიქცე, რა არის საშველი...
ბეჭდვა
1კ1