წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, სადაც იცოდნენ ხელოვნების, სტუმარმასპინძლობისა და საერთოდ ქართველობის ფასი.

50 წელს ვარ მიტანებული. ისე გავიარე ეს წლები საერო ცხოვრებაში, რომ უკან მოხედვის ნამდვილად არ მრცხვენია. მაგრამ ეკლესიური ცხოვრება, ჩემდა სამწუხაროდ, გვიან დავიწყე, 6 წლის წინ, როცა ცხოვრება ჩემთვის უჩვეულოდ დამძიმდა და გაუსაძლისი გახდა. აშკარად ვგრძნობდი ხილულ თუ უხილავ ბოროტ ძალთა შემოტევას.

ჩემი გული უიმედობამ მოიცვა და გადავწყვიტე, ტაძარში მივსულიყავი. ჩემს საცხოვრებელთან უახლოესი ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობისაა და იქ გადავწყვიტე მისვლა.

როცა ეზოში შევედი და კიბის საფეხურს ფეხი დავადგი, გავიფიქრე - ნეტავ ტაძარში ხალხმრავლობა არ იქნებოდეს-მეთქი. მინდოდა, ყურადღება დაეთმოთ ჩემთვის. თანაც მსურდა ისეთი მოძღვარი შემხვედროდა, ჩემს ტკივილს გულთან რომ მიიტანდა და მომისმენდა.

შევაღე ტაძრის კარი და ვხედავ - ორი კაცი ჰყავს მამაოს აღსარებაზე. იქვეა მესანთლე ქალბატონიც.

გამიხარდა! თითქოს მისმინა ღმერთმა და თხოვნა ასე უცებ შემისრულა. მცირე ხანს შევყოვნდი. მერე მამა გიორგისკენ წავედი. ისიც მისთვის ჩვეული სითბოთი შემეგება. ვუამბე ჩემი გასაჭირი, ცხოვრებისეული წარუმატებლობანი. მან გულისყურით მომისმინა და მირჩია, ეკლესიური ცხოვრება დამეწყო. მესაუბრა, როგორ უნდა გადამედგა პირველი ნაბიჯები. საუბრის ბოლოს კი მისახსოვრა ღვთისმშობლის ხატი და ბროშურა "ეს ჩემგან იყო".

იმ დღიდან დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. შევიძინე საჭირო ლიტერატურა. ჩავაბარე პირველი აღსარება და... დაიმსხვრა მითი ჩემი უცოდველობის შესახებ. გავეცანი ცოდვათა ჩამონათვალს. ისეთი ცოდვები ამოვიკითხე, რომლებიც მანამდე არც კი ვიცოდი, რომ ცოდვა იყო. მივხვდი, არც ისე იოლი ყოფილა მართლმადიდებლის ცხოვრების წესი.

დავიწყე მზადება წმინდა ზიარებისთვის.

გავიდა კარგა ხანი. ერთხელ, წირვის შემდეგ, მრევლს მივყვებოდი ჯვარზე სამთხვევად. მივდივარ და თან ვფიქრობ: "რა იქნება, ახლა რომ მეტყოდეს მამაო, ზიარებისთვის მოემზადეო..." ეს აზრი მიტრიალებს თავში და თან ვუახლოვდები ჯვარს. მივედი და ჩამესმის ყურში: მოემზადეთ ზიარებისთვისო.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! საოცარია, თითქოს წაიკითხა მოძღვარმა ჩემი ნაფიქრალი, იქნებ დავავიწყდი-მეთქი, რომ ვფიქრობდი. მადლობა ღმერთს, გავხდი წმინდა ზიარების ღირსი!

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ბევრი ჭირ-ვარამი, განსაცდელი, წარუმატებლობა იყო ჩემს თავს, მაგრამ ჩემი მოძღვრის რჩევითა და თანადგომით ყველა პრობლემა მშვიდობით გვარდება. ჩემს შემდეგ ჩემმა ვაჟიშვილმა და მეუღლემაც მიმართეს მას და მამა გიორგი ჩვენი ოჯახის მეგობარი და მრჩეველი გახდა.

ვისურვებდი, ემრავლოს ჩვენს ქვეყანაში ისეთ სასულიერო პირებს, როგორიც მამა გიორგი გახლავთ. მრავალი სასიხარულო წელი მიეთვალოს თავისი მრევლისა და ლამაზი ცოლ-შვილის საკეთილდღეოდ!

ვაკე-საბურთალოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
ტაძრად მიყვანების ტაძრის მრევლი ცირა
ბეჭდვა
1კ1