ხომ შეიძლებოდა, სიტყვიერად შემეწირა მადლობა?
ხომ შეიძლებოდა, სიტყვიერად შემეწირა მადლობა?
თუ ადამიანის ფიქრი და გონება სხვათა სიკეთის დანახვისაკენ მოიქცევა, მაშინ ის ეგოიზმსა და ამპარტავნებას დათრგუნავს. კაცი სიკეთეს იმიტომ კი არ სჩადის, რომ ვინმემ ის სიკეთე ანგარებით, საჩუქრით ან ფულით გამოისყიდოს, ეს მისი სულიდან მომდინარეობს და სხვაგვარად არ შეუძლია. მაგრამ როგორ ვიქცევით ჩვენ? ვიღებთ ამ სიკეთეს, დახმარებას (მატერიალურს თუ სულიერს) და იმწამსვე გვავიწყდება.

ნუგზარი (57 წლის): - მთელი ცხოვრება ვცდილობდი, ბოროტება არ ჩამედინა. მორწმუნე არ ვყოფილვარ (ახლა ვარ), მაგრამ... არ ვიცი, ეს აღზრდის ბრალი იყო, თუ წინაპართაგან მომდინარე მადლი (ბაბუა მღვდელი მყავდა). როცა ჩემს სიკეთეს ვერ დაინახავდნენ, გული მტკიოდა. ერთხელ, როცა ერთ ახლობელს დავეხმარე და მან მაწყენინა, დათა თუთაშხიასავით გადავწყვიტე, არავის საქმეში არ ჩავერევი, სიკეთის ქმნაზე ხელს ავიღებ, არავის ხელს არ გავუმართავ-მეთქი. ფიცის ერთგული ვიყავი კარგა ხანს, მაგრამ ღმერთმა მომიბრუნა გული ადამიანებზე - შუა ქუჩაში მოხუცი, უმწეო ქალი იდგა შეშინებული და ფერდაკარგული, ირგვლივ კი მანქანები დაქროდნენ. როგორც იქნა, გადავედი, მოხუცი ხელში ავიყვანე და როცა ძირს დავსვი, მისმა ცრემლიანმა თვალებმა შემძრა. ორი სიტყვა ამოილუღლუღა, მაგრამ იმხელა მადლი ამოაყოლა... მერე მოხდა ისე, რომ ეკლესიაში დავიწყე სიარული და ისიც გავიგე, სიკეთე იმიტომ არ უნდა აკეთო, რომ მისგან რაიმე მიიღო, მაგრამ არც უმადურობა ყოფილა ღვთის სათნო საქმე.

ნატალია (50 წლის): - საოცარი ქალი იყო ჩემი ქმრის მეგობრის დედა - მარინა დეიდა. იმ დროს ეკლესიაში სიარული, მოგეხსენებათ, რა ძნელი იყო. ღვთიური შუქით გაბრწყინებული და შინაგანი სათნოებით გამთბარი მართლაც რომ არამიწიერ მადლზე მიგაქცევინებდა ფიქრს. მე და ჩემი ქმარი სტუდენტობისას შევუღლდით. გვიჭირდა, არც ბინა გვქონდა, არც ფული. როცა ყველაფერი დაგველეოდა, თითქოს გულთმისანიაო, მარინა დეიდას ხელით სათუთად ჩალაგებულ ათასნაირ სანოვაგეს მისი ვაჟიშვილი, ნოდარი, მოგვიტანდა. ეს უანგარო სიკეთე იყო, აბა, ჩვენგან რას უნდა დალოდებოდა... ხშირად მიფიქრია - არ არსებობს დიდი და მცირე სიკეთე, უბრალოდ, ზოგს შეუძლია ბევრით და ბევრჯერ დაგეხმაროს, ზოგს კი ამის საშუალება არ აქვს და ის მცირედიც დიდი სურვილია შენი კარგად ყოფნისა. უამრავ ვინმეს გაუკეთებია ჩემთვის სიკეთე, ბევრისთვის ალბათ მადლობაც ვერ მითქვამს, მაგრამ მწამს, რომ სიკეთის მარცვალიც არ იკარგება და უფალი, თუნდაც ჩემ გამო, მიაგებს მისაგებელს.

ირინა (29 წლის): - ხშირად ადამიანური სისუსტე მძლევს და როცა სიკეთეს გავაკეთებ, რაღაცნაირად თავი მომწონს. ამბობენ, - ეს ხიბლია და არ ვარგაო, მაგრამ მიხარია, რომ შევძელი რაღაც, რომ ღმერთმა მომცა საშუალება, ცოტათი მაინც შემემსუბუქებინა სხვისი ცხოვრება და რატომ უნდა ჩამეთვალოს ეს ცოდვად? ერთი რამ კი გამოვცადე ჩემს თავზე, ერთი სიტყვით, ადამიანური უმადურობა გამოვიჩინე - მისაღები გამოცდების წინ ღმერთს ვევედრებოდი, ხელი მომიმართე-მეთქი. როცა მართლა ვიგრძენი ღვთის ხელი და საწადელი ავისრულე, უფალი დამავიწყდა - მაშინ არ ვიცოდი, რა რისი ლოცვა იყო და რა წამეკითხა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, სიტყვიერად შემეწირა მადლობა? ასეთი რამ ხშირად გვემართება ადამიანებს...

რევაზი (50 წლის): - ქვეყნად რომ მადლიანი ადამიანები არ არსებობდნენ, სიცოცხლე, სუნთქვა გაჭირდებოდა. ცხოვრება და წუთისოფელი ხომ მძიმე და ზოგჯერ აუტანელია, მაგრამ სიყვარული აშენებს დანგრეულს... მე რომ ის ჩემი ფიზიკის მასწავლებელი, ცხონებული გოგიტა მაჩიტაძე, არ დამდგომოდა დარაჯად, დღეს წყალწაღებული ნარკომანი და ბანდიტი ვიქნებოდი. ახლა ცოლ-შვილი მყავს და ბედნიერი მამა ვარ; მაშინ კი ერთი უდედმამო, ავარდნილი ბიჭი ვიყავი, ბებია მზრდიდა და აბა, იმას როგორ დავემორჩილებოდი... ჩვენი პატარა ქალაქი ქურდების და დამნაშავეების ბუდე იყო და ჩემისთანებს ეძებდნენ. მიაღწიეს კიდეც საწადელს - ხშირად დავყვებოდი "ავტორიტეტებს" საქურდლად და საყაჩაღოდ.

ჩვენი ფიზიკის მასწავლებელი ამავე დროს სკოლის დირექტორის მოადგილე იყო. ერთხელ მილიციიდან მოვიდნენ და წამიყვანეს. რკინის ქალამნები ჩაიცვა და გამომიხსნა. მერე იგი ჩემთვის მამაც გახდა, დედაც და ყველაფერი... მანქანით მოვყავდი სკოლაში და მივყავდი. სხვა რამეზე არც ვლაპარაკობ... აი, ასეთი ადამიანები ამაგრებენ ჩვენი ერის ლიბოს.

ციცო (49 წლის): - მადლმოსილი ადამიანი ბევრი მინახავს, მაგრამ ჩემი დედამთილისთანა - იშვიათად. გარდა იმისა, რომ თავისი რწმენითა და ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა, სათნო საქმეთა მკეთებელიც იყო. ჩემი მამამთილი მდიდარი კაცი იყო, მაგრამ მის მეუღლეს ეს არად მიაჩნდა. როცა სახლში ობლებსა და გაჭირვებულებს მოიყვანდა, დაბანდა, დავარცხნიდა, აჭმევდა და ფულსაც მისცემდა, იტყოდა, ღმერთმა იმიტომ კი არ მომცა, მარტო ჩემს შვილებს მოვახმაროო. გულით აკეთებდა ყველაფერს, მერე მეც ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. როცა მეზობლები ეტყოდნენ - ქეთო, ნეტავ მადლობას თუ გეუბნება ვინმეო, გაკვირვებული იტყოდა, - რა მადლობა მინდა, მადლობა უფალს, რომ ძალას მაძლევსო. ასე იცხოვრა, დღესაც ცოცხალია, მაგრამ ფიზიკურად ბევრი აღარაფერი შეუძლია. ლოცვაშიUკი, თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, ალბათ მთელ საქართველოს იხსენიებს...
ბეჭდვა
1კ1